ბურებს საქართველოში იწვევენ - კვირის პალიტრა

ბურებს საქართველოში იწვევენ

საქართველო სამხრეთაფრიკელ ფერმერებს უღებს კარს - იმედი აქვს, რომ მათი გამოცდილება ქვეყნის სოფლის მეურნეობის აღორძინებაში დაეხმარება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოხელეებმა სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ის მიწები აჩვენეს, რომლის ყიდვასაც სთავაზობენ მათ.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა დავითაია ამბობს, "ლაპარაკია რამდენიმე ასეულ ოჯახსა და ფერმაზე. საქართველოსთვის ეს ნიშნავს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებას, ახალ კულტურებს, ახალ მიდგომებს სოფლის მეურნეობაში". მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეულობით სამხრეთაფრიკელი ფერმერი საქართველოს სოფლის მეურნეობაში სათავეს დაუდებს ახალ ერას.

ეკონომიკის ოდესღაც წამყვანი დარგი დღეს სავალალო მდგომარეობაშია. სოფლის მოსახლეობა თავისი პროდუქციის რეალიზებას ვერ ახერხებს. სამუშაოს საძებნელად ქალაქში მიდიან. სამხრეთაფრიკელი ფერმერებისადმი მთავრობის ყურადღებამ ადგილობრივი მოსახლეობა და გლეხები აღაშფოთა:" ეს უსამართლობაა, მთავრობა ჯერ ჩვენ უნდა დაგვეხმაროსო.

საქართველოს რეგიონებში ნახევრად დანგრეული სახლების დანახვამ, სიღარიბემ და განუვითარებელმა ინფრასტრუქტურამ ზოგიერთ სამხრეთაფრიკელ ფერმერს იმედი გაუცრუა.

კოსი მიულერის თქმით, იმისათვის, რომ საქართველოში ფერმერები გაჩნდნენ, ჯერ საჭიროა გადაწყდეს ინფრასტრუქტურასთან, კრედიტებთან და დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემები. საეჭვოა, რომ ეს პრობლემები ამ სეზონში გადაიჭრას. თუმცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფერმერთა კავშირის გენერალური მენეჯერი ვან სეილი დარწმუნებულია, რომ საქართველო ბევრი სამხრეთაფრიკელი ფერმერისთვის ახალი სამშობლო გახდება.

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი