რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებულია - კვირის პალიტრა

რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებულია

მოსკოვი უკმაყოფილოა იმით, რომ ამ დღეებში სამხრეთ ოსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ერგნეთის საშუალო სკოლაში ე.წ. "საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრის" გახსნის ცერემონია გაიმართა.

"აღმაშფოთებელია "საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელის, თენგიზ გოგოტიშვილის ექსტრავაგანტური განცხადება, - ერგნეთი, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი სოფელი, ნატოს ზონააო. ცერემონიას ესწრებოდა ლიტვის ელჩი საქართველოში, თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კონტაქტური დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაური იონას პასლაუსკასი, გვინდა ვკითხოთ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ბრიუსელში - კერძოდ, საქართველოში ნატოს რომელ ზონებზეა საუბარი?" - კითხულობს რფ-ის სსს-ის ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრ ლუკაშევიჩი.

როგორც ცნობილია, "ეს "საინფორმაციო ცენტრი" არის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი და დაფინანსებული სტრუქტურა, რომელიც საზოგადოებაში პროპაგანდას უწევს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის "მიზანშეწონილობას". ცენტრის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონებში, მათ შორის სასწავლო დაწესებულებებში "ნატოს კუთხეების", "საინფორმაციო მაგიდების", "კაბინეტების" და მსგავსი ქვედანაყოფების გავრცელება საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად", - აცხადებს ლუკაშევიჩი. მისი თქმით, შემთხვევით არ შეირჩა ერგნეთის დასახლებული პუნქტი.

"ეს ხომ სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზეა. ინციდენტების თავიდან აცილების და მათზე რეაგირების შეხვედრების ადგილია, რაშიც რუსეთის მესაზღვრეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ქართული მხარის ჩანაფიქრი ნათელია, - როგორმე მოახერხოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩართვა ყბადაღებული "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების" დარეგულირების საქმეში. ამასთან, რატომღაც ავიწყდებათ, დაინტერესდნენ მეზობელი სახელმწიფოების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აზრით", - ბობოქრობს რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი. "ნატოს საინფორმაციო ცენტრმა" საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში უკვე 30 კუთხე გახსნა. პროცესი გრძელდება.

"კომერსანტი", რუსეთი