სჭირდება რუსეთს ნებართვა? - კვირის პალიტრა

სჭირდება რუსეთს ნებართვა?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) საქართველოს თანხმობის გარეშეც შევა.

"თუ ჩვენი ქართველი კოლეგები თავიანთ პოლიტიზებულ პოზიციებში სიჯიუტეს გამოიჩენენ, მაშინ ალბათ რუსეთის მსო-სთან მიერთების საკითხი მათი მონაწილეობის გარეშე გადაწყდება. ამის შესაძლებლობა არსებობს", - თქვა მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ღიაა საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები უშუალოდ რუსეთის მსო-ში შესვლას შეეხება. "ჩვენ მზად ვართ ასეთი კონტაქტებისთვის, მაგრამ თუ ჩვენი ქართველი მეზობლები, როგორც იქადებიან, წამოჭრიან ისეთ თემებს, როგორიც არის სამხრეთ ოსეთ-რუსეთის, ასევე აფხაზეთ-რუსეთის საზღვრებზე საქართველოს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის აღდგენა, მაშინ ეს გზა უპერსპექტივოა".

ოფიციალური თბილისი უარყოფს ბრალდებას, რომ მისი მოთხოვნები პოლიტიზებული ხასიათის არის და ამბობს, რომ რუსეთისგან მხოლოდ მსო-ს წესების დაცვას ითხოვს.

იმავე ინტერვიუში სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები დაინტერესებული არიან რუსეთის მსო-ში შესვლით, რადგან ეს, მისი აზრით, ყველასათვის ხელსაყრელია. ასევე მიანიშნა, რომ თბილისთან ამ პრობლემის მოგვარებაში რუსეთს დასავლეთის მხარდაჭერის იმედი აქვს. "ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვუთხარით, რომ თუ ეს საკითხი აინტერესებთ, თბილისი უნდა დაარწმუნონ, შეწყვიტოს ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა. ვფიქრობ, საკითხი გადაწყდება".

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის ადრინდელ განცხადებაში ნათქვამი იყო: "მართალია, აშშ დაინტერესებულია რუსეთის მსო-ში შესვლით, ის არ აპირებს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში ჩარევას". ამასთან, საქართველო ადასტურებს, რომ ლავროვის ნახსენები სცენარი თეორიულად შესაძლებელია, ანუ რუსეთს საქართველოს უნებართვოდ შეუძლია გახდეს მსო-ს წევრი, მაგრამ თბილისს იმედი აქვს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია მსგავს პრეცედენტს არ დაუშვებს.

ქართველ პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს "უცნაურად" ეჩვენება ის, რომ მრავალი წლის მანძილზე დაკანონებული წესი, რომ მსო-ს ყველა წევრის თანხმობის გარეშე ამ ორგანიზაციის წევრობა შეუძლებელია, რატომღაც ახლა იცვლება და საიდანღაც ალტერნატიული შესაძლებლობა ჩნდება. ექსპერტს მიაჩნია, რომ მსო-ში რუსეთის შესვლასთან დაკავშირებით რაღაც ახალ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, რომელსაც "ჯერ არ ამხელენ" და "კულისებს მიღმა ვაჭრობასაც" არ გამორიცხავს, რომელშიც შეიძლება დასავლეთი ჩაერთოს.

ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ ამ სიტუაციაში რაიმეს წინასწარ განჭვრეტა ძნელია, მაგრამ "წინათგრძნობა" კარნახობს, რომ ამ კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული გარკვეული "პოზიტიური ძალები" ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების მოძებნას და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეპუტაციის შენარჩუნებასაც შეძლებენ.

"ამერიკის ხმა", აშშ