კონფლიქტი რჩება... - კვირის პალიტრა

კონფლიქტი რჩება...

საქართველოში რუსეთის ინტერვენციისა და დაზავებიდან ორწელიწად-ნახევრის შემდეგ ჟენევაში მოლაპარაკებების მეთხუთმეტე რაუნდი კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

პროცესში მონაწილეობენ რუსეთი, საქართველო, ევროკავშირი, აშშ, გაერო, ეუთო და აუღიარებელი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებები. მოსკოვი ჟენევის პროცესის სტაგნაციით კმაყოფილია. რაუნდის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის "საზღვრების" [ანუ რუსული დისლოკაციის ხაზების] გასწვრივ სტაბილურობა კონსოლიდირებულია, სამოქალაქო ინციდენტების სიხშირე შემცირებულია.

ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები (IPRM), რაც დღეს რეგულარულად ხორციელდება, ხელს უწყობს მსგავსი სიტუაციების გადაწყვეტას. როგორც ჩანს, ამ შეფასებას ჟენევის პროცესში ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი, ფრანგი დიპლომატი პიერ მორელი იზიარებს. ის კმაყოფილია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია "შედარებით მშვიდია" და ჟენევის ბოლო რაუნდი "ძალიან პოზიტიური" იყო. პარიზი და, სავარაუდოდ, ბრიუსელიც, ჟენევის პროცესს აფასებენ, როგორც ერთადერთ სივრცეს, სადაც საქართველოს მთავრობას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებს შეხვედრა და პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა შეუძლიათ. მოსკოვი, პარიზი და ბრიუსელი ამ მეტ-ნაკლებად საერთო მაჩვენებელზე თანხმდებიან.

ამ ფონის მიღმა რუსეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარი სტრატეგიული მიღწევების კონსოლიდაციას ახდენს, მაშინ როდესაც ევროკავშირი ცდილობს, თავი აარიდოს ისეთ პრობლემასთან შეხებას, როგორიცაა რუსეთის მიერ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა. პროცესში თანდათანობითი კორექტივების შეტანაც კი ევროკავშირის პრიორიტეტებისგან შორს დგას. მისი მთავარი პრიორიტეტი იმის პრევენციაა, რომ ეს სიტუაცია რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახოს.

ვაშინგტონი იმავე პრობლემების დაბალანსებას ცდილობს, თუმცაღა უფრო შეზღუდული რესურსებით, რომელიც მას სამხრეთ კავკასიაში გააჩნია. აშშ მხარს უჭერს ჟენევის პროცესის დღის წესრიგში საქართველოს შემდეგ მიზნებს: დემილიტარიზაციას, ძალის გამოუყენებლობას და დევნილების დაბრუნებას. რუსეთი უარს ამბობს საქართველოს მთავრობასთან ორმხრივ შეთანხმებაზე (მოსკოვი თბილისთან მრავალმხრივი ჟენევის პროცესის საშუალებით კონტაქტობს). მოსკოვის პოლიტიკას ორი პარალელური ხაზი გასდევს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აშკარად აუღიარებლობა და საქართველოს კანონიერი მთავრობის ირიბი არაღიარება. ასეთი პოლიტიკით რუსეთმა ამ გახანგრძლივებული კონფლიქტის გადაწყვეტა კიდევ უფრო "გაყინა".

"ჯეიმსთაუნი", აშშ