ტალიავინის კომისიის დასკვნას შორს მიმავალი შედეგები ექნება - კვირის პალიტრა

ტალიავინის კომისიის დასკვნას შორს მიმავალი შედეგები ექნება

THE WALL STREET JOURNAL

წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავის მეზობელ საქართველოში შეიჭრა. ხუთდღიან ომს შეეწირა ასობით ადამიანი, განადგურდა საქართველოს არმია, ხოლო

ქვეყნის ორი ნაწილი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთმა დაიპყრო. დასავლეთი დაიბნა. არ იცოდა, როგორი რეაგირება მოეხდინა გავლენის სფეროს განმამტკიცებელ მოსკოვის ამ ნაბიჯზე. მაგრამ ომის შემდეგ დარჩენილ მთავარ კითხვებზე - ვინ არის დამნაშავე, რა იყო მიზეზი, მოხდა თუ არა გენოციდი - დავა გრძელდება.

ომის მიზეზების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, ჰაიდი ტალიავინიმ თავისი მოხსენების გამოქვეყნება (31 ივლისს უნდა წარმოედგინა) ორი თვით გადადო. დიპლომატებისა და ანალიტიკოსების აზრით, მის დასკვნებს შორს მიმავალი შედეგი ექნება. კომისიის ხელმძღვანელის მოადგილის, უვე შრამის თქმით, მოხსენების გამოქვეყნება დაბრკოლდა იმიტომ, რომ ბოლო წუთს ორივე მხარემ უამრავი საბუთი წარადგინა და კომისიას მასალების სრულად და ზედმიწევნით გაანალიზება სურს.

ქართული მხარის პოზიციების განსამტკიცებლად ინგლისურ ენაზე გამოვიდა 7-12 აგვისტოს ომის ამსახველი სამი წიგნი. ერთ-ერთის ავტორი, ამერიკელი დიპლომატი რონალდ ასმუსი დასავლეთს ბრალს სდებს, რომ არაფერი იღონა მოსალოდნელი ომის შესაჩერებლად.

საქართველოს ხელმძღვანელობა აღიარებს, რომ ბევრი სიძნელე აქვს დასაძლევი, რადგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციას მხოლოდ ისეთი მოხსენება, დასკვნა შეცვლის, რომელშიც ომის გაჩაღება რუსეთს დაჰბრალდება. ხოლო დოკუმენტი, სადაც ომის წამომწყებად საქართველო იქნება დასახელებული და რუსეთს მარტოოდენ ძალის შეუსაბამო გამოყენებაში დაადანაშაულებს, შექმნილი სიტუაციის დადასტურება იქნება.

კომისიამ ორივე მხარეს დაუსვა შეკითხვები იმ ვითარების შესახებ, რომელიც წინ უძღოდა 7 აგვისტოს, 23.35 საათზე სააკაშვილის მიერ გაცემულ ბრძანებას, შეტევის დაწყების თაობაზე. კომისიას ასევე აინტერესებდა, რა ხდებოდა ომამდე რამდენიმე თვით ადრე, როცა რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთება დაიწყო, ქართულ სოფლებს აწიოკებდნენ და ხალხი იძულებული იყო, გაქცევით ეშველა თავისთვის.

რუსეთს დაუჟინია, ქართული ჯარი არის დამნაშავე გენოციდში და სწორედ ამიტომ ჩავერიეთო; მაგრამ მოსკოვს ამის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდა და ახლა ამბობს, საქართველო აპირებდა გენოციდის დაწყებას და ჩვენ არ ვაცალეთო. მოსკოვმა ტალიავინის გადასცა დოკუმენტი - ბრძანება #2, რომელიც ვითომდა საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობამ 7 აგვისტოს 05.15 საათზე გასცა - სამხრეთ ოსეთში "საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის დამყარების" შესახებ. თუ დოკუმენტი ნამდვილია, ეს დაადასტურებს რუსეთის ბრალდებას იმის შესახებ, რომ საქართველომ შეტევის გადაწყვეტილება ადრევე მიიღო, და ეს არ იყო, როგორც ამას სააკაშვილი ამტკიცებს, რუსეთის შეჭრის შემდეგ გაკეთებული საღამოს პასუხი. საქართველოს შსს-ს დიდმოხელემ, შოთა უტიაშვილმა რუსეთის მიერ წარდგენილ საბუთს "სრული სიყალბე" უწოდა. საქართველომ კომისიას წარუდგინა სამხრეთ ოსეთის მებრძოლთა 8 აგვისტოს სატელეფონო ჩანაწერები (02.00-დან 04.00 საათამდე), საიდანაც ჩანს, რომ რუსეთის ჯავშანტექნიკას და არმიას იმ დროისთვის 3 კმ-იანი როკის გვირაბი უკვე გავლილი ჰქონდა. აი, ნაწყვეტი 02.20 საათზე ჩაწერილი საუბრისა:

"ლაგოევი: სად არიან უფროსი ძმები?

გასიევი: სწორედ ახლა გამოიარეს გვირაბი".

ამ დოკუმენტების დამოუკიდებელი შემოწმება შეუძლებელია. თუ ჩანაწერი ნამდვილია, ეს დაადასტურებს სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ 7 აგვისტოს, 23.00 საათისთვის მან მიიღო ინფორმაცია როკის გვირაბში რუსული არმიის მეორე კოლონის შესვლის თაობაზე და რომ სწორედ ამის შემდეგ გასცა ბრძანება თავისი ჯარების დაძვრის შესახებ. სწორედ 23.00 საათზე მოსულმა ცნობამ განაპირობა ომის დაწყება.