ვარდისფრად შეფერილი გაკვეთილები - კვირის პალიტრა

ვარდისფრად შეფერილი გაკვეთილები

შეუძლია არაბულ სამყაროს საქართველოს "ვარდების რევოლუციის" გაკვეთილები გაიზიაროს? ნამდვილად, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოში 2003 წელს სახალხო რევოლუციამ, რომელსაც სათავეში ახალგაზრდები და დასავლეთში განათლებამიღებული ადამიანები ჩაუდგნენ, ძველი წესრიგი დაამხო.  საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალური რეფორმები დაიწყო. ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერის წყალობით, მთავრობა გადაურჩა  რეფორმებით გამოწვეულ უთანხმოებებს. სააკაშვილმა სიტუაციით ისარგებლა და თავისი მმართველობის პერიოდი მისთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმით აღწერა.

მაგრამ ამას წინათ გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა, რომელიც ოქსფორდის პროფესორ ნილ მაკფერლეინს ეკუთვნის, ბევრად უფრო საღი თვალთახედვა შემოგვთავაზა. მაკფერლეინის მტკიცებით, ეკონომიკის სფეროში რეფორმები ნაყოფიერი 2003-2008 წლებში იყო. გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთთან ომის შემდეგ საქართველოში არასაიმედო ვითარება შეიქმნა.

მილიარდობით უცხოური დახმარება საქართველოს ზედაპირზე ტივტივის საშუალებას უნარჩუნებდა, მაგრამ ეს დახმარება ილევა. 2013 წელს ქვეყანას რეალურად ელის ვალების გადახდა, ხოლო სიღარიბე და უმუშევრობა ქართული ცხოვრების განუყოფელ მახასიათებლად რჩება. უთანასწორობა ღრმავდება, ხოლო ინფლაცია მაღალია.

პოსტრევოლუციური სახელმწიფო აღარ ჰგავს მის დისფუნქციურ და კორუმპირებულ წინამორბედს, მაგრამ  მაჩვენებლები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არადამაკმაყოფილებელია. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა შეზღუდულია. თბილისის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენებიდან გამამართლებელი მხოლოდ 1%-ს შეადგენს. პატიმართა რაოდენობა 2003 წლის შემდეგ სამჯერ გაიზარდა. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ 2007 წელს მთავრობამ დემონსტრაციები სასტიკად ჩაახშო. როგორც ქვეყნის ომბუდსმენი იუწყება, გასულ იანვარს პოლიციამ უკანონოდ შეწყვიტა ომის ვეტერანთა დემონსტრაცია.

სახელმწიფო საინფორმაციო გამოშვებები მთავრობის განკარგულებებს ასრულებენ. ეს უფრო მეტად ეხება კერძო მედიასაშუალებებს. მაკფერლეინი წერს, "ორ ნაციონალურ კერძო არხს ნამდვილად აკონტროლებს მთავრობა".

ვარაუდი, რომელიც მაკფერლეინის დოკუმენტის სათაურშია გამოტანილი - "პოსტრევოლუციური საქართველო ზღვარზეა?" - აზვიადებს ვითარებას. ისიც და სააკაშვილიც აღნიშნავენ, რომ რევოლუცია შეიძლება ხალხისთვის მოულოდნელად მოხდეს. ასეც რომ იყოს, საქართველოს არ ელის "ჟასმინის" ტიპის ამბოხი. 2009 წელს ქუჩის დემონსტრაციები ჩაცხრა.

ოპოზიციური პოლიტიკოსების მაჩვენებლები შარშანდელ მუნიციპალურ არჩევნებში ცუდი იყო. არ არის ნიშნები იმისა, რომ საზოგადოება ხელისუფლების ჩამოგდების ზღვარზეა მისული. მაკფერლეინი საქართველოს პრობლემებზე ფრთხილად მსჯელობს. ქართველები, ჯერჯერობით,  ამ პრობლემებს, ალბათ, სტოიციზმის, ცინიზმისა და შავი ღვინის ნაზავით შეხვდებიან. საქართველოს რევოლუციური წარსული და მისი მერყევი აწმყო შთაგონებულ არაბ დემოკრატებს უფრო მეტ გაკვეთილს სთავაზობს, ვიდრე ამას, ალბათ, სააკაშვილი აცნობიერებს.

"ეკონომისტი", დიდი ბრიტანეთი