ტერორი კავკასიიდან - კვირის პალიტრა

ტერორი კავკასიიდან

ინტერვიუ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრ ტორშინთან.

- თქვენ 2011 წლის 24 იანვარს დომოდედოვოში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას და პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დააკისრეთ, როგორ მიხვედით ამ დასკვნამდე და თუ გაქვთ ამ ბრალდების დამამტკიცებელი საბუთები?

- 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ტერორისტულ და ექსტრემისტულ დაჯგუფებებს საქართველოსთან ჰქონდათ კავშირი, კერძოდ კი, დიმიტრი სანაკოევთან.

- სანაკოევის დომოდედოვოს ტერაქტთან კავშირის მტკიცებულება თუ გაქვთ?

- ახლა გამოძიება მიმდინარეობს, ზოგიერთი ფაქტის დამტკიცებაა საჭირო. ამიტომ რაიმე კონკრეტულის თქმა ძნელია. მაგრამ ცხადია ის, რომ უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ ხალხი რუსეთიდან საქართველოში  და პირიქით - დაუბრკოლებლად მიდი-მოდის. ტერორისტები ნარკოტიკებითა და იარაღით ორ ქვეყანას შორის გადაადგილდებიან. გვაქვს ცნობა, რომ დომოდედოვოს ტერაქტის მონაწილე ტერორისტი თვითმკვლელის ევლიევის ერთ-ერთი მეგობარი რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას უნახავთ, ჯერ დაუმტკიცებელი ვერსიით, ის ახლა საქართველოშია.

- სააკაშვილმა დომოდედოვოს და რუსეთში მომხდარი სხვა ტერაქტები დაგმო, მაგრამ მისი განცხადებებიდან გამოდის, რომ ეს ტერაქტები რუსეთის პროვოცირებული იყო...

- სააკაშვილმა ამას წინათ ცინიკურად განაცხადა, - კავკასიაში რუსეთის პოლიტიკამ მიიყვანა საქმე ტერაქტამდეო. რუსეთში მთავრობის წევრებიც და ხალხიც მიეჩვია მისგან ამგვარ განცხადებებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რუსეთში მილიონი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს. ჩვენ არ დავიწყებთ სააკაშვილის მკაცრ კრიტიკას, რადგან ამან შეიძლება ეროვნებათშორისი შუღლი გამოიწვიოს რუსეთში, განსაკუთრებით ქართველების მიმართ.

- იმოქმედებს თუ არა ეს ფაქტი მსო-ში რუსეთის შესვლაზე?

- ამ ორი თემის არევა არ შეიძლება, რადგან მსო-ს საკითხი დაკავშირებულია ვაჭრობასა და ეკონომიკასთან, ის კი პოლიტიკასთან. გვესმის, რომ დიდი განსხვავებაა სააკაშვილსა და ქართველ ხალხს, განსაკუთრებით რუსეთში მცხოვრებ ქართველებს შორის. ჩვენ ისტორიული მეგობრობა გვაკავშირებს, უნდა განვასხვავოთ სააკაშვილი მისი ხალხისგან, რადგან სინამდვილეში საქართველოში რუსოფობია და რუსეთის მიმართ ანტაგონიზმი არ არსებობს.

- სააკაშვილი ირწმუნება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად სამხედრო ძალას არ გამოვიყენებო. ენდობით მას?

- მინდა დავიჯერო, რომ რუსეთ-საქართველოს შორის შეჯახება არ მოხდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთხელ ეს უკვე მოხდა, ამიტომაც ალბათ შეტევა საქართველოს მხრიდან მოსალოდნელია. მე არ ვენდობი სააკაშვილს, რადგან მან 2008 წელს, სამხრეთ ოსეთზე შეტევის წინ, ტელევიზიით გამოაცხადა, - ცეცხლს ვწყვეტთო, მერე კი იმავე ღამეს ცხინვალს შეუტია...

- რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი კვლავ სამხედრო ძალას?

- მხოლოდ მაშინ, თუ საქართველო აიღებს მახვილს. ჩვენ პირველები თავს არ დავესხმებით.

"ნაციონალ ინტერესტი", აშშ