ძალთა თანაფარდობა შეიცვალა - კვირის პალიტრა

ძალთა თანაფარდობა შეიცვალა

LE Monde

საერთაშორისო კვლევების ფრანგულ ინსტიტუტთან არსებული ცენტრის,"რუსეთი - ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები - დირექტორის ტომას გომარის აზრით, საქართველოსა და რუსეთს შორის სიტუაციის გამწვავება კავკასიის სხვა ქვეყნების მიმართ გაკეთებული გზავნილიცაა.

- საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, დასკვნის სახით რა შედეგებზე შეგვიძლია ვისაუბროთ?

- რამდენიმე თვეა, დიპლომატიური ჩიხია. 2008 წლის აგვისტოს ბოლოს, ევროკავშირის ეგიდით მოლაპარაკებების პროცესის ორგანიზება შესაძლებელი გახდა, მაგრამ მისი მთავარი მონაწილეები საკვანძო საკითხებზე ვერ თანხმდებიან. თუმცა ამ ერთ წელიწადში ძალთა თანაფარდობა მაინც შეიცვალა. სექტემბერში რუსეთი რეგიონში წამყვან ძალას წარმოადგენდა, მაგრამ შემდეგ ეკონომიკურმა კრიზისმა ძალიან აზარალა და, შესაბამისად, ძალთა ბალანსი შეიცვალა. მისი ტონი მსოფლიო არენაზე საგრძნობლად ჩაცხრა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ მის ქვეყანას უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისთან უწევს გამკლავება.

ყველაზე მეტად აშშ-ის პოზიცია შეიცვალა. ბარაქ ობამა საგრძნობლად ფრთხილ და კონსტრუქციულ პოლიტიკას ატარებს. ჯორჯ ბუშისგან განსხვავებით, ობამა მსოფლიოში რუსეთის როლს უმნიშვნელოდ არ მიიჩნევს, ამიტომ ვაშინგტონმა უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხზე პოზიცია შეიცვალა. აშშ-ს მიაჩნია, რომ ამ პროცესის დაჩქარება შეიძლება რეგიონის დესტაბილიზაციის უსერიოზულეს ფაქტორად იქცეს.

- არსებობს საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე?

- ჩექმის ხმა აშკარად ისმის, საქართველო შფოთის ნიშნებს ავლენს. ჩრდილოეთ კავკასიაში, ვგულისხმობ ინგუშეთსა და დაღესტანს, სერიოზული პრობლემებია. რუსები, რომლებსაც რეგიონზე საკუთარი ხედვა აქვთ, ამ პრობლემებს საქართველოში არსებულ დაძაბულობას უკავშირებენ. ახლახან ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და გაეროს დამკვირვებლები იძულებულები გახდნენ, ოსური რეგიონი დაეტოვებინათ. იმავდროულად, რუსებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში თავიანთი პოზიციების განმტკიცება სამხედრო ბაზებით სურთ. კავკასია სისხლის ღვრისგან დაზღვეული არასდროს არის.

- რა შეიძლება იყოს ახალი კონფლიქტის მიზანი?

- სწორედ ამით უნდა დაინტერესდნენ ევროპელები. ევროკავშირს არა აქვს შემუშავებული ასეთ სიტუაციაში მოქმედების დოქტრინა. პრეზიდენტ სააკაშვილს ხელისუფლებიდან წასვლა არ სურს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მისი პოლიტიკის ალფად და ომეგად იქცა. რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, შეახსენოს სააკაშვილს, რომ მისი ხელისუფლება ბეწვზე ჰკიდია და მაშინ გაწყვეტს, როცა მოისურვებს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნით რუსეთი სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთსაც კი შეახსენებს, რომ რეგიონში ის კვლავ წამყვანი ზესახელმწიფოა.