რუსეთის კრედიტი სააკაშვილთან მეგობრობაზე ძვირფასია - კვირის პალიტრა

რუსეთის კრედიტი სააკაშვილთან მეგობრობაზე ძვირფასია

ბელორუსია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებას აპირებს. "საპასპორტო-სავიზო რეჟიმის უნიფიკაციის" პრობლემებზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს.

ეს თემა უმიზეზოდ არ წამოჭრილა, რუსეთსა და ბელორუსიას შორის საზღვრის არარსებობა საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის საშუალებას იძლევა.

ერთი კვირის წინ ბელორუსიის სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს "არაკანონიერი მიგრაციის ორგანიზაციის" მუხლით სამივე ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს და 2008-2010 წლებში რუსეთში გადასვლაში 1,4 ათას საქართველოს მოქალაქეს დაეხმარნენ. ამ კარგად ორგანიზებულ ჯგუფს ბელორუსიის რკინიგზის მუშაკები ეხმარებოდნენ. რუსეთის ეფ-ეს-ბეს მონაცემებით, რუსეთში 1 მლნ არალეგალური მიგრანტი იმყოფება.

ამიტომაც აწუხებს რუსეთის ხელმძღვანელობას საქართველოსა და ბელორუსიას შორის უვიზო რეჟიმის არსებობა. ამავე დროს, რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობა ცხადყოფს, რომ ორმხრივი ურთიერთობის ნებისმიერი თემა პოლიტიკურ სიბრტყეში განიხილება. "ეს, უპირველესად, პოლიტიკური საკითხია", - თქვა ბელორუსიის სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი გორულკომ.

სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხი ადრეც იდგა, მაგრამ მაშინაც კი არ განხორციელებულა, როცა მინსკსა და თბილისს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მერე, დასავლეთთან ურთიერთობის დათბობის ფონზე, სიტუაცია ისე გამოკეთდა, რომ სააკაშვილმა ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ექსპერტების ჯგუფი გაგზავნა, რომლებიც მზად იყვნენ, წინასწარ ეღიარებინათ არჩევნების დემოკრატიულობა.

არჩევნების შემდეგ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, მაგრამ საქართველოს მხრიდან მკვეთრი განცხადებები არ ისმის. ლუკაშენკოს, რომელიც არჩევნების შემდეგ საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა, სულაც არ აძლევს ხელს საქართველოსთან ურთიერთობის ისევ გაფუჭება. მაგრამ პოლიტიკური იზოლაცია გაცილებით ნაკლები უბედურებაა, ვიდრე ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც ახლა ბელორუსიის ეკონომიკას ემუქრება.

ბელორუსიაში სავალუტო ბაზარი დესტაბილიზებულია, ერთადერთი, რაც ამ საქმეს უშველის, რუსეთის კრედიტია და ბელორუსიაც ბევრ რამეს დათმობს ამ კრედიტის მისაღებად, მათ შორის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებასაც. თუ ეკონომიკური სიტუაცია უფრო გამწვავდა, ლუკაშენკომ შეიძლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხიც დააყენოს.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი