თურქეთი და საქართველო ახალ სტრატეგიას ამუშავებენ - კვირის პალიტრა

თურქეთი და საქართველო ახალ სტრატეგიას ამუშავებენ

თურქეთი უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს და ამზადებს სტრატეგიას, რომელიც საქართველოსთან უპასპორტო მიმოსვლას გულისხმობს.

"ეს ჩვენი რეგიონისთვის უზარმაზარი ცვლილება იქნება, - განაცხადა თურქეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ ქელალ ელბეიმ, - ისევე, როგორც ეს ევროკავშირშია, ჩვენს მოქალაქეებსაც შეეძლებათ ერთმანეთთან მიმოსვლა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით".

ე.წ. "ერთიან კავკასიად" წოდებული ეს პროექტი გასულ თვეს თბილისში განიხილეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მას შემდეგ ელბეი და მისი გუნდი ორი ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაციის ინიციატივების სტრატეგიის გასაგრძელებლად თბილისს ორჯერ ეწვია. "ჩვენ ერთმანეთს გავუღეთ კარი, რათა ჩვენს რეგიონს მოვუტანოთ მშვიდობა, განვითარება და ეკონომიკური ძლიერება", - განაცხადა ბატონმა ელბეიმ.

საქართველოს თურქეთთან ხანგრძლივი ისტორიული და სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებს. გარდა ამისა, თბილისის არაკეთილსაიმედო გეოპოლიტიკური ურთიერთობები რუსეთთან, მისი გათვლების მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორია. ამ სტრატეგიის ფარგლებში საქართველო სამ კავკასიურ ქვეყანას და თურქეთს შორის ალიანსის ჩამოყალიბების წინადადებით გამოდის. თურქეთის ამბიცია კი გახლავთ ის, რომ საქართველოს ინიციატივა მომავალში მთელ კავკასიაზე განავრცოს.

"თურქეთს და საქართველოს შეუძლიათ რეგიონში ევროკავშირის ტიპის თანამშრომლობას დაუდონ სათავე და პროცესში სხვა მეზობელი ქვეყნებიც ჩართონ, მაგრამ ამ იდეის განხორციელებას დროს სჭირდება, - თქვა თურქეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (ანკარა) თავმჯდომარე სინან ოგანმა, - აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის გადაუწყვეტლად კავკასიის კავშირი ვერ შედგება".

"იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გადავიტანოთ იდეაზე, რომლის მოგვარებაც ვერ მოხერხდება ახლო მომავალში, აჯობებს, უფრო ენერგიულად შევეცადოთ კონფლიქტების მოგვარებას და სამხრეთ კავკასიაში ნაყოფიერი ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, - თქვა სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანამშრომელმა იანუს ბუგაისკიმ, - „მიუხედავად იმისა, რომ (კავკასიის გაერთიანების) იდეა ალბათ მშვენიერია, რთული იქნებოდა იმ რეგიონის გაერთიანება, რომელიც მოცულია სახელმწიფოებს შორის კონფლიქტებით, სეპარატისტული ომებით და რუსეთის მთავრობის ჩარევით. რუსეთის მთავრობა ცდილობს, რეგიონული დავები თავისი სახელმწიფოებრივი ამბიციების სასარგებლოდ გამოიყენოს...

თანამშრომლობის გაღრმავება და სასაზღვრო მიმოსვლის გაუმჯობესება ჯერ კიდევ ძალიან შორსაა სახელმწიფოთა გაერთიანებისგან. კავკასიის ქვეყნებმა უფრო მყარი სუვერენული სტრუქტურები უნდა შექმნან და უფრო გამძლე ინსტიტუციური ურთიერთობები დაამყარონ... თურქეთმა უნდა იბრძოლოს კავკასიაში ღია ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები, თავისუფალი სავაჭრო ზონები, მოგვარდეს მძიმე კონფლიქტები", - დასძინა მან.

"სეტაიმს.კომი", თურქეთი