მიზანში ამოღებული საზღვარი - კვირის პალიტრა

მიზანში ამოღებული საზღვარი

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ტერიტორიული დავა იწყება. მოსკოვში საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის რუსეთ-აფხაზეთის კომისიის სხდომაზე გაირკვა, რომ მხარეები სხვადასხვანაირად უყურებენ იმას, თუ სად უნდა გაავლონ საზღვარი.

აფხაზეთში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა ეს რესპუბლიკა უნდა აღიაროს ყოფილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი საარქივო დოკუმენტების მოძიებას და შედარებას აპირებენ.

რუსეთ-აფხაზეთის კომისიის თათბირზე გაირკვა, რომ აფხაზეთსა და რფ-ს შორის არსებობს სადავო ტერიტორიები. აფხაზეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირინა აგრბას განცხადებით, მისი ქვეყანა რუსეთის მიერ შეთავაზებული საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ვარიანტის წინააღმდეგია. მისი თქმით, სოხუმს ხელს არ აძლევს ის, რომ რუსეთის პროექტში სოფელ აიბგას აფხაზური ნაწილი რუსეთის ტერიტორიას მიეკუთვნება.

"ისტორიულად აფხაზეთი დიდი ხნის მანძილზე მცირდებოდა და მცირდებოდა, ამიტომ მიწის საკითხს ჩვენი საზოგადოება მტკივნეულად აღიქვამს. ეს გარკვეულწილად ჩვენი მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობების გამოცდაა".

ცნობამ - მოსკოვი და სოხუმი საზღვრის საკითხზე ვერ თანხმდებიანო, აფხაზეთში სკანდალი გამოიწვია. იქ აცხადებენ, რომ მოსკოვს 160 კვკმ-იან ტერიტორიაზე აქვს პრეტენზია. ამის გამო ადგილობრივ პრესაში განგაში ატყდა. "ჩეგემსკაია პრავდას" მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი წერს, რომ დავა აფხაზეთის საზომით დიდ ტერიტორიას ეხება - ფაქტობრივად, ეს გაგრის რაიონის ტერიტორიის 20%-ს მოიცავს. ის დარწმუნებულია, რომ რუსულმა მხარემ თავისი ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენა აიბგას ნაწილის მისაღებად, "რომელზეც კარგა ხანია თვალი აქვს დადგმული".

სოფელი აიბგა მდებარეობს მდინარე ფსოუზე. სწორედ ამ მდინარეზე სთავაზობენ აფხაზები რუსეთს საზღვრის გავლებას.

"მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო საზღვრად მიჩნეული უნდა იქნას ყოფილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრები, ამიტომ ობიექტური იქნება, საზღვარი ფსოუზე გავიდეს. ჩვენს აზრზე მტკიცედ ვიდგებით", - თქვა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, სერიოზული არაფერი ხდება, ლაპარაკია მიწის გაცილებით მცირე მონაკვეთზე და არა 160კვკმ-ზე. ამგვარი საკითხები ერთი ხელის დაკვრით არ წყდება და გადაიდება მანამ, სანამ საარქივო დოკუმენტებს არ მოვიძიებთ და შევადარებთო.

"კომერსანტი", რუსეთი