"ბოროტების იმპერიის" საპასუხო დარტყმა - კვირის პალიტრა

"ბოროტების იმპერიის" საპასუხო დარტყმა

Forbes.com

რუსული აფორიზმის, "ენდე, მაგრამ შეამოწმე" წყალობით, რონალდ რეიგანის პოლიტიკურ კარიერაში რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი გაჩნდა. საბჭოეთთან

ურთიერთობისას ის ამ გამონათქვამს ხშირად იყენებდა. 1978 წელს, მოსკოვში საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალზე მან ეს ფრაზა ჯერ ინგლისურად, მერე რუსულად წარმოთქვა, რითაც საბჭოთა ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი გაანაწყენა.

2009 წელს მოსკოვში პრეზიდენტმა ობამამ რამდენიმე დოკუმენტს მოაწერა ხელი. წყაროების თანახმად, მას კრემლი დაჰპირდა, რომ რუსეთის ჯარი აღარ შევიდოდა საქართველოში. ობამა, წინამორბედების მსგავსად, საჯაროდ მოერიდა "შემოწმების" მნიშვნელობის ხაზგასმას და აქცენტი ნდობის ფასეულობაზე გადაიტანა, მაგრამ ეს ფანდი რუსებთან არ გავა. სულერთია, ვინც უნდა დაჯდეს კრემლის ტახტზე, მოსკოვი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის სფეროებს არ დათმობს.

ერთი კვირის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩაყენებული რუსული ჯარისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა და ასეთი ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა: "შემდგომი პროვოკაციების შემთხვევაში, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან რესპუბლიკის მოსახლეობას და იქ მდგარ რუსეთის სამხედრო კონტინგენტს, სამინისტრო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ძალას და საშუალებას, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისა და რუსი სამხედროების დასაცავად".

1939 წლის სექტემბერში გერმანიის ინტერვენცია პოლონეთში საზღვართან ორგანიზებული პროვოკაციებით დაიწყო - გერმანია პოლონეთს ადანაშაულებდა, ჩვენს ჯარისკაცებს ესვრიანო. ჰიტლერის შეშფოთება, ჩეხოსლოვაკიაში მცხოვრები "გერმანელი მოსახლეობის კეთილდღეობის გამო" კი 1938 და 1939 წლებში ამ ქვეყნის ოკუპაციის მიზეზად იქცა. სავსებით შესაძლებელია, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დარეკეს მოსკოვში და საქართველოსთან დაკავშირებულ ბოლო განცხადებაზე განმარტება ითხოვეს. კრემლის განცხადება ნაწილობრივ ამერიკის გასაგონად იყო გაკეთებული. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველო დატოვა, ხოლო ერთ-ერთ ინტერვიუში, აშშ-რუსეთის ურთიერთობის საკითხებზე, "უოლ სტრიტ ჯორნელს" უთხრა: - რუსეთი სუსტია და ამიტომაც არის მზად ამერიკასთან სათანამშრომლოდო. ამ განცხადებამ კრემლი გაანაწყენა. ძალიან ეცადნენ რუსეთის ხელმძღვანელობის დამშვიდებას თეთრი სახლის დიდმოხელეები - რობერტ გეიტსი და ჰილარი კლინტონი, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მოსკოვის პასუხი აშკარად მიანიშნებდა, რომ თუ კრემლი საჭიროდ ჩათვლის საქართველოზე თავდასხმას, დაესხმება კიდეც.

მოსკოვში ობამასთვის მიცემული პირობის დარღვევა კი შედეგია იმ სისუსტისა, რაც აშშ-მა და ევროპამ გამოიჩინეს, როცა კრემლს საქართველოსთან 2008 წლის ომი აპატიეს.

რუსეთის განცხადებით დასტურდება, რომ კრემლს არ განელებია სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის სურვილი - სამხედრო ძალით თუ პოლიტიკური იძულებით და მუხლჩაუხრელად იღვწის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების "თავის ფრთებქვეშ დასაბრუნებლად". მისთვის სულერთია, როგორ ქვეყნებზე გაავრცელებს თავის გავლენას - შედარებით დემოკრატიულზე თუ ავტორიტარულზე.

ობამას ადმინისტრაციამ უნდა იფხიზლოს, რადგან მას საქმე აქვს რუსეთის სუსტ, აგრესიულ და არასანდო მთავრობასთან. გულმოდგინედ უნდა აწონ-დაწონოს მისი ყოველი ნაბიჯი და გეზი. თუ არადა, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ კრემლს თავისი გამხრწნელი გავლენის გავრცელების უფლება მისცა იქ, სადაც ერთ დროს მისი წინამორბედები ბატონობდნენ.