საერთაშორისო სასამართლომ უნდა გამოიძიოს... - კვირის პალიტრა

საერთაშორისო სასამართლომ უნდა გამოიძიოს...

1-ელ აპრილს, გვიან საღამოს, საერთაშორისო სასამართლომ უარყო საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, რომელშიც ისინი ითხოვდნენ  სეპარატისტულ ანკლავებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართველთა  ეთნიკური წმენდის გამოძიებას.

გადაწყვეტილება სამწუხაროცაა და, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი იმ მტკიცებულებების უზარმაზარ წონას, რომელიც ბოლო ორ ათწლეულში დაგროვდა, აბსურდულიც; მაგრამ გადაწყვეტილებით ასევე უარყოფილი იქნა რუსების მთავარი განაცხადი, რომლის თანახმადაც მათ ქვეყანასა და საქართველოს შორის არ არსებობს არავითარი დავა. სასამართლომ ორივე მხარეს მოსთხოვა მოლაპარაკებების გამართვა  საქართველოს რესპუბლიკის საჩივრის დეტალურად განხილვამდე.

რუსეთის ფედერაცია, ალბათ, გადაწყვეტილებას გამარჯვებად გაასაღებს, მით უფრო, რომ სწორედ ახლა წარმართავს კამპანიას, რომლის მიზანი საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის მიტაცებაა. კრემლის სულსწრაფი ზეიმი ნაადრევია, რადგან განაჩენმა ვერ განამტკიცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამ პროვინციებში ვერ შეასუსტა რუსების მხარდაჭერით ჩატარებული ეთნიკური წმენდის მნიშვნელობა.

მხოლოდ აფხაზეთში, კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის გათვლით, კონფლიქტის დასაწყისიდან, 1992 წლიდან საკუთარი სახლებიდან გაძევებულ ქართველთა რაოდენობა 200000-დან 250000-მდე აღწევს.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ოფიციალური პოზიციის თანახმად, რომლებიც დამტკიცებულია მისი ბუდაპეშტის, ლისაბონისა და სტამბოლის სამიტებზე 1994, 1996 და 1997 წლებში, რუსეთის მომხრე სეპარატისტების მიერ ასეთი მასობრივი გამოსახლება”საომარ დანაშაულად”უნდა იყოს აღიარებული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მაისის გადაწყვეტილების აშკარა დარღვევით, არაფერი გაკეთებულა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოძევებულთა საკუთრების დასაცავად. ბევრი მათგანის სახლი დაანგრიეს, რათა ადგილი დაეთმოთ მოსკოვის მიერ დაფინანსებული საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობებისთვის.

ვითარება სამხრეთ ოსეთში ისეთივე მძიმეა. 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე იძულებით 123.000 ადამიანს დაატოვებინეს  საკუთარი სახლი. რაც შეეხება აფხაზეთს, საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია სრულად და არაორაზროვნად ეთანხმება საქართველოს მთავრობის განცხადებებს ეთნიკური წმენდების შესახებ. 2009 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო "ეთნიკური წმენდა და ადამიანის უფლებათა სხვა სახის დარღვევები" და კრემლი იმისთვის გააკრიტიკა, რომ მან  არ "შეაჩერა ეს პრაქტიკა".

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტს, მტკიცებულებები ეთნიკურ წმენდაზე არ შეიძლება იყოს უფრო სრული. 17500 ქართველიდან, რომლებიც 90-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ ჯერ კიდევ სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდნენ, დღეს შინ მხოლოდ 2000 ადამიანია დარჩენილი. მათი უმრავლესობა ხელახლა დააბინავა თავად საქართველომ ისეთ კომპლექსებში, როგორიცაა წეროვნის ლტოლვილთა ბანაკი, სადაც 7000 კაცზე მეტი ცხოვრობს.

ცხადია, მოსკოვსაც და თბილისსაც უნდა მიეცეს დრო, რათა გონივრულად შეაფასონ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება. ორივე მხარე იმსახურებს იმას, რომ რეაგირების შანსი მიეცეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კრემლის მხრიდან არ იარსებებს სრულყოფილი, დაუყოვნებლივი და აშკარად გამოხატული თანამშრომლობის ძალისხმევა, ღია, პატიოსანი და თანადროული  დისკუსიები საქართველოსთან, სასამართლომ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა დაიწყოს ეთნიკური წმენდის ბრალდებების გამოძიება. შესაძლოა, ეს ძალიან მალე ვერ მოხდეს.

კონსერვატივჰოუმ, აშშ