დასავლეთის მორალური მარცხი სერგეი ბაღაფში, ედუარდ კოკოითი - კვირის პალიტრა

დასავლეთის მორალური მარცხი სერგეი ბაღაფში, ედუარდ კოკოითი

Guardian

ერთი წლის წინ საქართველოს ლიდერებმა სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე სამხედრო თავდასხმის ბრძანება გასცეს. ეს სამხედრო დანაშაულს წარმოადგენდა. მომდევნო კონფლიქტმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე მიგვიყვანა. ჩვენ ამ რესპუბლიკების არჩეული ლიდერები ვართ.

საქართველოს თავდასხმის წუთიდანვე დასავლელმა პოლიტიკოსებმა, ინტელექტუალებმა და მედიამ მორალური პასუხისმგებლობა მოიხსნეს - მათ ვერ შეძლეს იმასთან დაპირისპირება, რაც საქართველომ  ჩაიდინა. ამ მორალურ მარცხს ჩვენთვის ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდა, რადგან დასავლურ მთავრობებს აქ ახლად შექმნილი საზღვრებისადმი რეალისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ხელი შეუშალა. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა, ჟურნალისტებმა და უფლებადაცვითმა ჯგუფებმა დაადასტურეს საქართველოს ქმედებები, აშშ-ისა და დასავლეთის ზოგიერთი ლიდერი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე და უსამართლოდ აცხადებს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო ქმედებები არასდროს არის უმნიშვნელო.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თავის მიზნებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებას უსათუოდ მიაღწევენ, მაგრამ დღეს იმის გამო, რომ დასავლეთი ეთანხმება საქართველოს მიერ ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული იზოლაციისა და დაშინების პოლიტიკას, პროგრესს ხელი ეშლება. ფაქტობრივად დასავლეთი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებს იცავს და არა ისტორიული საქართველოსი და  მის მახინჯ ნაციონალიზმსა და ტერორიზმისკენ სწრაფვას მიესალმება. ჩვენი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, სწორედ სტალინმა აიძულა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი 1931 წელს, საბჭოთა მმართველობის დროს საქართველოს შემადგენლობაში შესულიყვნენ. გვჯერა, რომ ჩვენს დემოკრატიებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის დასამყარებლად, მაგრამ დასავლეთი იმაზეც კი ამბობს უარს, რომ რაიმე შეიტყოს ჩვენი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის  შესახებ. ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის სტუდენტებსა და მძიმე ავადმყოფ ბავშვებსაც კი აშშ-სა და გერმანიაში, სხვა ქვეყნებშიც  გასამგზავრებლად ვიზებზე უარს ეუბნებიან. შარშან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველის ზეწოლით,  ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი ექვსი ოსი უფლებადამცველი აქტივისტის მიღებაზე უარი განაცხადა. რატომ შეეშინდათ მათი მოსმენის?

წინააღმდეგობის ნაწილი იმ დასავლელი ლიდერების მხრიდან მოდის, რომლებიც ისე არიან გაჟღენთილები ცივი ომის"მენტალიტეტით, რომ ჩვენს ქვეყნებს რუსეთს, აშშ-ს და ევროპას შორის მიმდინარე გეოპოლიტიკურ ბრძოლაში მხოლოდ პაიკებად აღიქვამენ. ეს კი  სავალალო მდგომარეობაში გვაგდებს. აშშ-ის ლიდერები მშვიდობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მათი საქციელი სხვა რამეზე მეტყველებს. თბილისში ვიზიტის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, - სამწუხაროდ, სიმართლეა,"რომ არ არსებობს (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის) რეინტეგრაციის სამხედრო ვარიანტიო."რატომ უნდა იყოს სამწუხარო"ის, რომ საქართველო სამხედრო ძალით თავს არ უნდა დაესხას ჩვენს ხალხს?

დაბოლოს, განა საქართველოში მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში? განა ქართველი ბავშვი უფრო ძვირფასია, ვიდრე აფხაზი ან ოსი?

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოსა და მის მხარდამჭერებს - შემოგვიერთდით ისეთი მომავლის მშენებლობაში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და მშვიდობის სურვილს დაეფუძნება. ჩამოდით სოხუმსა და ცხინვალში, დაელაპარაკეთ მათ, ვისაც ომით დანგრეული სოფლების აშენება სურთ, შეხვდით სტუდენტებს, რომლებიც გერმანიაში მშვიდობის ბანაკში ვერ ჩავიდნენ, რადგან ვიზებზე უთხრეს უარი, ესტუმრეთ მეწარმეებს, რომლებიც, საქართველოს ბლოკადის მიუხედავად, ცდილობენ, გლობალური ბაზრის ნაწილს მაინც მოეჭიდონ. თქვენს რჩევას მივესალმებით. ჩვენ სიმართლის არ გვეშინია.