ვის სურს არაბული ვარიანტი საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

ვის სურს არაბული ვარიანტი საქართველოსთვის

არაბულ სამყაროში მომხდარმა არეულობამ საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის ორ ნაწილში კონტრასტული რეაქცია გამოიწვია.

არასაპარლამენტო რადიკალურიჯგუფები (რომლებიც სხვადასხვა შეფერილობისა არიან), როგორც ჩანს, რეჟიმის შეცვლის კიდევ ერთი კამპანიის დაწყებას აპირებენ

საპარლამენტო ოპოზიცია უარს ამბობს რევოლუციური მეთოდების გამოყენებაზე საქართველოში, აქცენტი საარჩევნო პროცესზე გადააქვს და საგაისო არჩევნებისთვის ემზადება. იმ დროს, როდესაც დასავლეთში არაბულ არეულობას რეალურ დემოკრატიულ ტალღად აღიქვამენ, საქართველოში რეჟიმის ცვლილების სერიული მცდელობების მოყვარულთ უფრო ცინიკური პოზიცია აქვთ.

ამ ჯგუფების ლიდერები იმედოვნებენ, რომ უკანონო ქმედებები მთავრობას ძალის გამოყენებას აიძულებს. მათი გათვლით, მოვლენათა ასეთმა განვითარებამ მთავრობას შინ ლეგიტიმურობა და, რაც მთავარია, დასავლეთის მხარდაჭერა უნდა დააკარგვინოს.

განსხვავებით 2007 და თუნდაც 2009 წლისგან, საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიცია საზოგადოებისგან იზოლირებულია. პოლიტიკურ მეინსტრიმში მოკავშირეთა ნაკლებობის გამო, ისინი იმ ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწონა, ვინც ინსტიტუციური სისტემის ფარგლებში ოპერირებს. ეს პარტიები კი 2012 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, მაგრამ პარლამენტის მიღმა მყოფი შეურიგებელი ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მოხდება რევოლუცია და ვადამდე არჩევნების აუცილებლობა წელსვე შეიქმნება.

შეურიგებელ ჯგუფებს საზოგადოებრივი მხარდაჭერა მასობრივი აქციებისთვის არა აქვთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი აპირებენ ისეთი ინციდენტის მოწყობას, რომელიც უთუოდ გამოიწვევს ესკალაციას. ზოგიერთი ქართველი შიშობს, რომ რუსეთმა ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ლიბიაში დასავლეთის ინტერვენცია მაგალითად მოიშველიოს და საქართველოში "ხალხის დასაცავად" შემოიჭრას. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის"”ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ თავისი ეს წუხილი თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოთქვა.

თარგამაძის "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" და "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", რომელსაც სათავეში ირაკლი ალასანია უდგას, ის მთავარი ოპოზიციური პარტიებია, რომლებიც ინსტიტუციური სისტემის შიგნით მუშაობენ. ისინი უარყოფენ "რევოლუციას" (რაც საქართველოში ძირითადად მთავრობის არაკონსტიტუციურ ცვლილებას ნიშნავს) და კონსტიტუციური ვადების თანახმად, 2012 წელს არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, რათა გაზარდონ თავისი პოლიტიკური ძალაუფლების წილი.

"ჯეიმსტაუნ ფაუნდეიშენი", აშშ