საქართველოს დოსიე ღია რჩება... - კვირის პალიტრა

საქართველოს დოსიე ღია რჩება...

13 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა იმ მოხსენებას დაეთმო, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

მსგავსი მონიტორინგები საპარლამენტო ასამბლეაზე რეგულარულად იმართება. ასეთ მდგომარეობაშია დღეს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა სახელმწიფო და ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანათა უმეტესობა. თუმცა, საპარლამენტო ასამბლეის წევრების აზრით, თუ ქვეყანამ ევროკავშირში შესვლის წინ ყველა ვალდებულება შეასრულა, სერიოზული პრობლემები არ გააჩნია და არც ადამიანის უფლებებს არღვევს, მონიტორინგი შეიძლება მოეხსნას. ასე მოხდა, მაგალითად, მონაკოსთან დაკავშირებით.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საქართველომ და რუსეთმა მონიტორინგს თავი ვერ დააღწიეს, რადგან პრეტენზიები ორივე ქვეყნის მიმართ უხვად არის. ამჯერად, სხდომაზე ეს პრეტენზიები საქართველოს მიმართ გაისმა.

მომხსენებლებმა: ალბანელმა კასტრიოტ ისლამიმ და დანიელმა მიკაელ ოსტრუპ იენსენმა აღნიშნეს, რომ წინა მოხსენების შემდეგ საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, მაგრამ გადაუწყვეტელი საკითხი კვლავ ბევრია. საპარლამენტო ასამბლეამ თბილისს ურჩია, მიიღოს ახალი საარჩევნო კოდექსი, გადახედოს მთავრობის უნდობლობის ვოტუმის წესებს, დააზუსტოს პრეზიდენტის როლი საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და აამაღლოს პარლამენტის როლი ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებში.

საქართველოს მთავრობის მიმართ ყველაზე მეტი პრეტენზია ლტოლვილთა მოუგვარებელი პრობლემების გამო წარმოიშვა. მაგ., ბრიტანელმა პოლ ფლინმა განაცხადა, რომ საკუთარი თვალით ნახა "პატრიარქის სასახლეს თავშეფარებული ლტოლვილები, რაც ყოვლად მიუღებელია", რაზეც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა პეტრე ცისკარიშვილმა უპასუხა - ეკონომიკური რეფორმების გარეშე ეს პრობლემა ვერ მოგვარდებაო. თუმცა, აზრთა ეს გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ მოთელვა იყო.

დისკუსიის გრადუსმა აიწია, როცა რუსეთის დელეგაციის მეთაურმა კონსტანტინ კოსაჩოვმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს შეადარა - "2008 წელს საქართველოს პრეზიდენტი იმის გაკეთებას ცდილობდა, რასაც ლიბიის ლიდერი აკეთებს, რუსეთი კი ისე მოიქცა, როგორც დღეს მსოფლიოს თანამეგობრობა იქცევა."

რუსეთის დელეგაციის მეთაურს შვედეთის წარმომადგენელმა ქალბატონმა ბურბე-ლანდინმა უპასუხა, - სააკაშვილის შედარება კადაფისთან, გადამეტებულიაო, ხოლო საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა კოსაჩევს მიმართა, - "თქვენ მეგობრობას გვეფიცებით, მაგრამ ეს მეგობრობა გამოიხატება აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ათასობით ქართველის გამოდევნაში, უფრო ადრე კი რუსეთიდან ქართველთა დეპორტირებაში.

თქვენ თვალთმაქცობთ, როცა მეგობრობაზე ლაპარაკობთ. რუსეთს დასავლეთის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოსთან პრობლემები აქვს, რაც ნათლად აჩვენებს, ვინც ხართ". რუსეთის დელეგაციის მეთაურს ასეთი შედარებით ნამდვილად ზედმეტი მოუვიდა, რაც თვითონვე აღიარა ევროპის სასახლის კულუარებში. მას აშკარად დაავიწყდა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთი მარტო მოქმედებდა, მას ხელთ არ ჰქონია გაეროს შესაბამისი მანდატი.

სხდომათა დარბაზში დისკუსიისას გოსდუმის დეპუტატმა სერგეი მარკოვმა მკვეთრი გამოთქმებით ყველას გადააჭარბა: "სააკაშვილის წარამარა ქება-დიდება სრული აბსურდია. რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობთ - საქართველოზე თუ რაღაც ფანტასტიკაზე.

შარშან, სექტემბერში, მე, საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული საკითხების კომიტეტის წევრი, კომიტეტის ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში არ შემიშვეს! აქამდე არ არის ასამბლეის გადაწყვეტილება ამ საკითხზე, ისევე, როგორც არ არის პასუხი კითხვაზე - ვინ მოკლა ზურაბ ჟვანია? ნახევარ საქართველოს სჯერა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა!" მოკლედ, დიდი ქოთქოთის მიუხედავად, რუსეთის დელეგაციამ მაინც ვერ მიაღწია რეზოლუციაში მოსკოვის ესოდენ სასურველი შესწორების მიღებას, რომელიც ტექსტიდან ამოიღებდა ფრაზას - "ორი სეპარატისტული რეგიონის ოკუპაცია".

ქართული დელეგაციის წევრები კმაყოფილნი დარჩნენ - რეზოლუციის ტექსტში რომ კვლავ დარჩა პასაჟი, "რეგიონების ოკუპაცია", ნამდვილი გამარჯვება არისო, - განაცხადა დელეგაციის წევრმა გიორგი გაბაშვილმა.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი