რუსეთი და აფხაზეთი მიწა-წყალს ვერ იყოფენ - კვირის პალიტრა

რუსეთი და აფხაზეთი მიწა-წყალს ვერ იყოფენ

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ტერიტორიული დავა არ ცხრება. მხარეებმა ვერ მოახერხეს მოლაპარაკება გაგრის რაიონში სახმელეთო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, კერძოდ კი მაღალმთიანი სოფლის აიბგას გაყოფაზე.

რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სოხუმმა აღიარა, რომ ეს სოფელი რუსეთს ეკუთვნის, ახლა მხოლოდ ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელიო.

სკანდალი სოფელ აიბგასთან დაკავშირებით მარტში დაიწყო, როცა აფხაზურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია საზღვრის დელიმიტაციის რუსეთის საიდუმლო გეგმაზე, რის თანახმადაც რუსეთს უნდა წაეღო არა მარტო ფსოუზე მდებარე სოფელი, არამედ გაგრის რაიონის 160კვ კმ-ც. თავიდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას ჭორი უწოდეს, ახლა კი დიპლომატიური წყაროს ცნობით, აფხაზეთთან სასაზღვრო დავა ამოწურულია და ეს ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მოხდა რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის სხდომაზე.

"აფხაზებმა აღიარეს, რომ აიბგა რუსეთის სოფელია. სხვათა შორის, აფხაზეთისგან მას მთა ყოფს, იქ მოხვედრა მხოლოდ კრასნოდარის მხრიდან შეიძლება. დავა მიმდინარეობს 5-6 კვ კმ ტერიტორიის შესახებ, სადაც განლაგებულია სოფლის სავარგულები", - აცხადებს მოლაპარაკებების ერთი მონაწილე. დიპლომატის თქმით, აფხაზური მხარის დარწმუნება შესაძლებელი გახდა საარქივო დოკუმენტების მოშველიებით, "ახლა მთავარია, როგორ გაივლის საზღვარი ისე, რომ სოფლის ერთიანობა არ დაირღვეს. ამ ზაფხულს იქ სპეციალური ექსპედიცია ჩავა, რომელიც ყველაფერს გაარკვევს. ის, რომ სოფელი რუსეთის იქნება, ეს ფაქტია".

მაგრამ, ეტყობა, ამას აფხაზეთის ხელისუფლება არ იზიარებს. თურქეთიდან ახალჩამოსულმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები. "საფუძველს მოკლებულია ლაპარაკი იმაზე, რომ ბაღაფშმა აფხაზეთი გაყიდა, აიბგა გაიმეტა. ჩვენ ნორმალური მოლაპარაკებების პროცესი გვაქვს დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხებზე, მაგრამ არავისთვის არც ერთი გოჯის მიცემას არ ვაპირებთ", - განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა. გამოდის, რომ რუსეთ-აფხაზეთის დავა სოფელ აიბგას გამო კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

"ეტყობა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სასურველს სინამდვილედ წარმოაჩენს, - ამბობს აფხაზი ექსპერტი ინალ ჰაშიგი, - აფხაზეთის ხელისუფლებას ეს სოფელი რუსულ სოფლად არ მიაჩნდა. მას მდინარე შუაზე ყოფს, ერთი ნაპირი რუსეთისაა, მეორე - აფხაზეთისა. რუსეთს კი მთელ სოფელზე აქვს პრეტენზია".

აიბგას პრობლემა აშკარად შეავსებს მოსკოვსა და სოხუმს შორის არსებული დავის სიას, რომელსაც ასევე განეკუთვნება საკუთრების დაბრუნება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, ვინც აფხაზეთი ომის დროს დატოვა. აფხაზეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უძრავი ქონების დაბრუნებას რუსეთის პასპორტების მქონე ქართველებისთვის. არადა, რუსეთი ამტკიცებს, რომ ასეთი პოზიცია უკანონოა.

აფხაზი და რუსი მომლაპარაკებლები ამ პრობლემური  საკითხების გადაწყვეტას უკვე ამ თვეში შეძლებენ - 26 აპრილს სოხუმში რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტია დაგეგმილი...

"კომერსანტი", რუსეთი