ევროპამ საქართველო უნდა დაიცვას - კვირის პალიტრა

ევროპამ საქართველო უნდა დაიცვას

იმ დროს, როცა ევროპა იხსენებს 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის სამარცხვინო ფაქტს, 1938 წლის მიუნხენის ხელშეკრულებას და იმავდროულად 1989 წლის ბერლინის კედლის დაცემისა და რკინის ფარდის მოსპობის დღის აღსანიშნავად ემზადება, ჩვენ ერთი კითხვა გვებადება: ისტორიამ გვასწავლა რამე? კითხვა სხვაგვარადაც შეგვიძლია დავსვათ: - გვაქვს კი უნარი, არ გავიმეოროთ ის შეცდომები, რომლებიც XX საუკუნეს ასეთ მძიმე ჩრდილად აწევს?

წარსულის მოვლენების გამო გოდება ან მათი განდიდება ფუჭი ძალისხმევაა, თუკი ჩვენ კვლავ ბრმანი ვართ და ისტორიის გაკვეთილების გათვალისწინების უნარი არა გვაქვს. ისტორიული მოვლენების აღნიშვნას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუკი ისინი სხვაგვარად და უფრო ბრძნულად მოქმედებას გვასწავლიან.

დავაკვირდეთ ევროპას და თვალნათლივ დავინახავთ, რომ ისტორია არ დასრულებულა, ის კვლავ ტრაგიკულია. ნახევარი კონტინენტის გათავისუფლებიდან 20 წლის შემდეგ, ევროპაში ახალი კედელი შენდება და ის სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ყოველივე ეს ევროპის ყველა მოქალაქის, დაწესებულებისა და მთავრობის სერიოზული გამოწვევაა. გვსურს კი დავეთანხმოთ იმას, რომ პატარა ქვეყნის საზღვრები შეიძლება ცალმხრივად ძალით შეიცვალოს? მზად ვართ კი იმისთვის, რომ შევეგუოთ უფრო დიდი ქვეყნის მიერ სხვისი ტერიტორიის ანექსირებას?

იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი გახდეს მოახლოებული ისტორიული მოვლენების აღნიშვნა, როგორც ევროპული კოლექტიური ცნობიერების, ასევე ამ კონტინენტის მომავლისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის 27 ქვეყნის დემოკრატიულ ლიდერებს, შეტევითი სტრატეგია გამოვიმუშაოთ, რათა საქართველოს დავეხმაროთ თავისი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაში და ქართულ მიწაზე უკანონოდ მყოფი რუსეთის არმიის გაყვანას მივაღწიოთ.

მოსკოვთან კონფრონტაცია ან ცივი ომის ეპოქის მტრულ ატმოსფეროსთან დაბრუნება არავის სურს, თუმცა, მიუხედავად ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას მკაფიო და არაორაზროვანი შეტყობინება გაუგზავნონ.

იმ მომენტში, როდესაც ევროკავშირის მიერ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით შექმნილი რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შემსწავლელი კომისია თავისი დასკვნის გამოსაქვეყნებლად ემზადება, ყველა ევროპელს მოვუწოდებთ, გაიხსენოს ჩვენი ამასწინანდელი წარსულის მტკივნეული გაკვეთილები.

ჯერ ერთი, ზესახელმწიფო ყოველთვის მოძებნის საბაბს, თავს დაესხას მეზობელს, რომლის დამოუკიდებლობაც აღიზიანებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიტლერმა 1939 წლის მტრულ მოქმედებებში პოლონელები დაადანაშაულა, ზუსტად ასე მოიქცა სტალინიც, როდესაც ყველაფერი ფინელებს დააბრალა და 1940 წელს თავს დაესხა. ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის განხილვისას უნდა გავაცნობიეროთ მთავარი, რათა განვსაზღვროთ აგრესიის აქტი სხვა სახელმწიფოს მიმართ - რომელმა სახელმწიფომ ჩაიდინა ეს და არა ის, ვისმა ჯარისკაცებმა და რომელი მხრიდან გახსნეს პირველად ცეცხლი.

მეორეც, საკადრისი პასუხი გასცენ დასავლური დემოკრატიების უუნარობას, თუნდაც ტერიტორიული თვალსაზრისით უმნიშვნელო, მაგრამ მეგობრული სახელმწიფოს დანაწევრებას, რასაც შესაძლოა, გლობალური ხასიათის ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

ევროპის კავშირი შეიქმნა მიუნხენის ხელშეკრულებისა და რკინის ფარდის არსებობის მიუხედავად. ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა, თუკი ჩვენ რაიმე ფორმით მაინც მოვახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ მზად ვართ, თვალი დავხუჭოთ იმ ქმედებებზე, რომლებსაც ჩვენს კონტინენტზე ომი და დანაწევრება მოჰყვა. ეს გასული საუკუნის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს იმ პროექტის ბედი წყდება, რომელსაც ჩვენს ცხოვრებას ვუძღვნით. ამ პროექტის არსი ევროპის კონტინენტის მშვიდობიანი და დემოკრატიული გაერთიანებაა.

ჰაველი, ვალდას ადამკუსი, მარტ ლაარი, ვიტაუტას ლანდსბერგისი, ოტო ფონ ჰაბსბურგი, დანიელ კონ-ბენდიტი, ტიმოთი გარტონ ეში, ანდრე გლიუქსმანი, მარკ ლეონარდი, ბერნარ-ანრი ლევი, ადამ მიხნიკი, ჰოსეპ რამონედა.