ამერიკელი სენატორი აცხადებს... - კვირის პალიტრა

ამერიკელი სენატორი აცხადებს...

"არც ერთი ქვეყანა არ უნდა იქცეს ამერიკის შეერთებული შტატების დახურდავებულ პაიკად"

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკელ სენატორთა დელეგაცია რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ კაელის მეთაურობით. სენატორები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელს, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას, ოპოზიციის წარმომადგენლებს და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს.

ჯონ კაელმა განაცხადა, რომ მათი დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს გარდა უკრაინას და სამ ბალტიისპირულ სახელმწიფოსაც სტუმრობდა, იმის გარკვევაა, თუ რა გავლენა მოახდინა პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და მისი ადმინისტრაციის "გადატვირთვის" პოლიტიკამ შეერთებული შტატების მოკავშირეებზე აღმოსავლეთ ევროპაში.

სენატორებმა შეხვედრების დროს განიხილეს საქართველოს წინაშე მდგარი საჭირბოროტო საკითხები, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოება, რუსეთთან დაკავშირებული პრობლემები, საარჩევნო რეფორმა, თბილისსა და ვაშინგტონს შორის შესაძლო შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე. კაელის თქმით, "საქართველო ძალიან სწრაფად მიიწევს წინ, რათა სხვა ქვეყნებს იმის მაგალითი აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიას ქვეყნის მომავლის გაუმჯობესება…[და] ჩვენ გვინდა ამ გზაზე საქართველოს მხარი დავუჭიროთ და წავახალისოთ", - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

კაელის თქმით, შეერთებული შტატების ხელისუფლებას ესმის, რომ საქართველოს წინაშე უზარმაზარი პრობლემები დგას, რომ თბილისის ოფიციალური პირები აღიარებენ, ყველაფერი შესანიშნავად არ არის და ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი. "როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრი ამერიკის კონგრესში, ვიმედოვნებ, აშშ არ შესწირავს საქართველოს მომავალს რუსეთთან "გადატვირთვის" თეორიულ ურთიერთობებს.…არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ხალხი არ უნდა იქცეს ამერიკის შეერთებული შტატების დახურდავებულ პაიკად იმის გამო, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება გვსურს".

კაელმა თქვა, რომ თუკი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნიშნავს ამერიკისგან თავდაცვითი შეიარაღების მიღებას, მაშინ ამას მხარს დაუჭერს. ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოში გაწევრებას.

"რუსეთის ინტერვენციის თემა [2008 წელს] არ არის ის, რაც ბევრ [ამერიკელ პოლიტიკოსს] მოსწონს, - თქვა კაელმა, - მაგრამ ისიც ვიცი, რომ ვიღაცებს სურთ ამ საკითხის მნიშვნელობის დამცრობა და მისი მიჩქმალვა, რადგან ის აძლიერებს დაძაბულობას აშშ-სა და რუსეთს შორის. ეს დაძაბულობა არავის მოსწონს. მაგრამ ასევე საჭიროა სასტიკი რეალობისთვის თვალის გასწორება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აშშ-ს შეუძლია მეგობრების მხარდაჭერაც და, ამავდროულად, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაც ისე, რომ ამისთვის მეგობრები არ გაწიროს".

კაელმა განაცხადა, რომ საქართველოს ირანთან ურთიერთობა განხილული იყო "გარკვეული დოზით". "საქართველოს საკუთარი მეზობლები ჰყავს. მანამ, სანამ საქართველო-ირანის ურთიერთობები არ არის მტრული ამერიკული ინტერესებისთვის, ცხადია, ჩვენ ასეთი ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს", - დასძინა ამერიკელმა სენატორმა.

რადიო "თავისუფალი ევროპა"