თავისუფალი ჭიდაობა ხელისუფლებისთვის - კვირის პალიტრა

თავისუფალი ჭიდაობა ხელისუფლებისთვის

18 აპრილს სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლებმა თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯამბოლათ თედეევის დაპატიმრება სცადეს.

თედეევი სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას და გამოდის, რომ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი აიღო.

ჯამბოლათ თედეევის თქმით, ის და მისი მეგობარი სპორტსმენები ვლადიკავკაზში ჩავიდნენ თავისუფალ ჭიდაობაში მოზარდთა პირველობაზე დასასწრებად, რომელიც 15-17 აპრილს გაიმართა. მეორე დღეს კი სამხრეთ ოსეთისკენ გაემგზავრნენ მამამისის 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად. "თან 120 კაცამდე მახლდა, ჩვენი ნაკრების წევრები - ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, ვლადიკავკაზელი პოლიტიკოსები, რუსეთის გმირები და გენერალი ანატოლი ბარანკევიჩი, - თქვა თედეევმა, - ყოველ პოსტზე ისე გულდაგულ გვჩხრეკდნენ, რომ ცხინვალში ჩაღწევას სამი საათის ნაცვლად 7 საათს მოვუნდით".

ცხინვალში ჯამბოლათ თედეევის სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოსთან ომში დაღუპულთა საფლავები, მერე სპორტულ სკოლაში მასტერკლასები გამართეს, ბოლოს კი თედეევის მამის სახლისკენ გაემართნენ. ქეიფის შემდეგ ავტოკოლონა უკან, ვლადიკავკაზისკენ დაიძრა. მაგრამ ცხინვალიდან გასვლისას გზა გადაუჭრა რამდენიმე მანქანამ, საიდანაც სამხედროები გადმოვიდნენ და ჰაერში სროლა დაიწყეს, ყველას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს.

როგორც ინციდენტის მოწმე რფ-ის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი ამბობს, სროლა "ქაოსური იყო", მათი დამკავებელი ხალხი კი ნიღბებსა და კამუფლაჟებში იყვნენ გამოწყობილნი. მათ ბრალდებად წაუყენეს ის, რომ ვითომდა ნასვამი სტუმრები მანქანებიდან ისროდნენ და უშვერი სიტყვებით მიმართავდნენ მილიციელებს. მამიაშვილმაც და თედეევმაც ამ ბრალდებას ბოდვა უწოდეს. თედეევმა განაცხადა, რომ შესაძლოა ვიღაცას არ მოსწონს მისი პოლიტიკური აქტიურობა და პირობა დადო, რომ აუცილებლად წამოაყენებს თავის კანდიდატურას სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პოსტზე.

ჯამბულათ თედეევთან დაკავშირებულმა ინციდენტმა შეიძლება უფრო გაამძაფროს სიტუაცია სამხრეთ ოსეთში, სადაც ცხინვალში შაბათს მიტინგი ჩატარდა რესპუბლიკაში აღდგენითი სამუშაოების ჩავარდნის გასაპროტესტებლად. მომიტინგეებს პლაკატზე ეწერათ: "ოსეთი იღუპება!"

"კომერსანტი", რუსეთი