საქართველო არ დაუშვებს... - კვირის პალიტრა

საქართველო არ დაუშვებს...

საქართველოს პარლამენტმა 19 აპრილს გააუქმა ხუთწლიანი შეთანხმება რუსეთთან, რომელიც არეგულირებდა საქართველოზე გავლით, რუსული სამხედრო პერსონალისა და ტვირთების ტრანზიტის პროცედურებს სომხეთში, გიუმრის რუსულ ბაზაში.

ტრანზიტი ისედაც შეჩერებულია 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ. ამ ნაბიჯით, უბრალოდ, ფორმალური ხასიათი მიეცა დე ფაქტო მდგომარეობას.

შეთანხმება, სამხედრო პერსონალისა და ტვირთების გადატანის შესახებ, რუსეთს საქართველოს საჰაერო და სახმელეთო სივრცეების გავლით გზას უხსნიდა სომხეთში მდებარე 102-ე რუსული სამხედრო ბაზისკენ და მას ხელი 2006 წელს მოეწერა იმ ხელშეკრულებების პარალელურად, რომელთა საფუძველზეც რუსეთმა გაიყვანა თავისი სამხედრო ბაზები ბათუმიდან და ახალქალაქიდან. ორივე შეთანხმება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა 2006 წლის 13 აპრილს.

შეიარაღების მიწოდება, რომელსაც სომხეთი ყიდულობს რუსეთისგან (ან რომელსაც გადასცემს რუსეთი), ჯერ კიდევ ხდება საქართველოს ტერტორიის გავლით, როგორც ეს აჩვენა 2010 წელს "ვიკილიკსის" მიერ გამოქვეყნებულმა დიპლომატიურმა დოკუმენტმა. ეს ტრანზიტი ძალიან აწუხებდა საქართველოს, რადგან შიშობდა, რომ ნაწილი აღჭურვილობისა, რომელიც სომხეთში იგზავნება, უფრო მეტია, ვიდრე სომხეთს სჭირდება. საქართველო შეშფოთებულია აგრეთვე იმით, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხედრო ტვირთების მიწოდება სომხეთისათვის რუსეთსა და სომხეთს შორის 2010 წლიდან დაწყებული პირდაპირი ავიარეისების მეშვეობით.

მართალია, სომხეთთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად საქართველო არ კრძალავს ამ რეისებს, მაგრამ არ სჯერა, რომ სომხეთს აქვს ამ ტვირთების გამოყენების სიმძლავრეები და შიშობს, რომ ასეთი შეიარაღება და დიდკალიბრიანი აღჭურვილობა ავიაციისთვის შეიძლება სომხეთში დისლოცირებული რუსული ჯარისთვის იყოს გამიზნული და არა სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის. ასეთ ტვირთებს არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში შეუძლია ბალანსის დარღვევა, არამედ მათი მეშვეობით სავსებით შესაძლებელია საქართველოს შევიწროება სამხრეთიდან, თუ მომავალში რუსეთთან რაიმე კონფლიქტი კიდევ მოხდება.

მაშ, როგორ მომარაგდება გიუმრის ბაზა ამიერიდან, თუ არა საქართველოდან? გეოგრაფიულად ამ მხრივ შესაძლებლობა აქვს მხოლოდ თურქეთს და აზერბაიჯანს, რაც აშკარად პოლიტიკური პრობლემაა. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ჩანს, ბაზა ნაწილობრივ აზერბაიჯანის გავლითაც მარაგდება (თუმცა აზერბაიჯანი ამას უარყოფს). ასე რომ, თუ ბაქოზე გაივლის ერთადერთი გზა ამ ბაზების მოსამარაგებლად, ეს, ალბათ, ბაქოს დიდი ბერკეტით აღჭურვავს.

მიუხედავად რუსულ ბაზასთან დაკავშირებული უნდობლობისა, ზედაპირზე ქართულ-სომხური ურთიერთობები საკმაოდ მეგობრული ჩანს. ამას წინათ სომხეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ და თანამშრომლობის პერსპექტივების გამო ღიმილად დაიღვარნენ.

"სომხურ-ქართული სამხედრო თანამშრომლობა ეფექტიანად ვითარდება, მოიცავს სამშვიდობო აქტივობას, სამხედრო განათლებას, წვრთნას და სხვა სივრცეებს, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სეირან ოჰანიანმა ვიზიტად მყოფ ქართველ კოლეგასთან, ბაჩო ახალაიასთან გამართულ ბრიფინგზე, - ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას და რეგიონული უსაფრთხოების გადაწყვეტის პროცესში ურთიერთნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას."

"ქართულ-სომხური ურთიერთობები განსაკუთრებულია და ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას, რომელიც, ჩემი რწმენით, მალე უფრო განმტკიცდება", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

"ევრაზიანეტ", აშშ