სააკაშვილი: ერთ დღეს აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდება - კვირის პალიტრა

სააკაშვილი: ერთ დღეს აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდება

"ამას დრო დასჭირდება, მაგრამ აფხაზეთი მაინც გახდება ის, რაც იყო - საქართველოს უმშვენიერესი ნაწილი", - განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში დამანგრეველი ძალით უპასუხა საქართველოს შეტევას მეორე სეპარატისტულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე. თავისი ტანკები საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შეიყვანა და სამხრეთ კავკასიაზე გამავალი ნავთობისა და გაზის მარშრუტების უსაფრთხოების რწმენა შეურყია დასავლეთს.

ომის შემდეგ აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც საქართველოსგან გამოყოფის შესახებ განაცხადეს. მათი დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ ცნეს.

სააკაშვილმა თქვა, რომ მას არანაირი პრეტენზია არა აქვს ამ რეგიონების ძალით დაბრუნებაზე. მან ასამბლეის წინაშე აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების მკაცრი სურათი დახატა.

"აფხაზეთი დღეს დაცლილია მოსახლეობის სამი მეოთხედისგან,” - თქვა მან, - ბაღები და სასტუმროები, თეატრები და რესტორნები სამხედრო ბაზებად და საფლავებადაა ქცეული".

დასავლეთმა რუსეთის შარშანდელი პასუხი დაგმო და მას "არაპროპორციული" უწოდა, მაგრამ ასევე გააკრიტიკა სააკაშვილის თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე, რომელიც აფხაზეთის მსგავსად, საქართველოს 1990-იანი წლების დასაწყისის ომების დროს გამოეყო.

რუსეთი ამბობს, რომ იძულებული იყო, ხელი გამოეღო მშვიდობიანი მოქალაქეებისა და თავისი სამშვიდობოების დასაცავად. მოსკოვი აცხადებს, სააკაშვილი საშიშიაო, მაგრამ ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ მოსკოვი მისი დამხობისთვის ომის დასაწყებად ყოველთვის მზად იყო.

ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტის მიუხედავად, რომლის თანახმადაც მხარეთა ჯარები ომამდელ პოზიციებზე უნდა დაბრუნებულიყვნენ, - რუსეთს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით სამხედრო ჰყავს.

ორივე მხრიდან ათობით ათასი ადამიანი დევნილი გახდა. უფლებადამცველმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ქართველები სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალს განურჩევლად ბომბავდნენ, ხოლო რუსეთის არმიამ არაფერი გააკეთა მილიციელთა გასაჩერებლად, რომლებიც ქართულ სოფლებს ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ.

სააკაშვილს გამოკვეთილად არ უთქვამს, რომ საქართველოს კონტროლს სამხრეთ ოსეთიც დაუბრუნდება, თუმცა განაცხადა, - ჩვენ გაერთიანებული და სუვერენული საქართველოს ჩვენეული ხედვის ცალსახად ერთგულები ვრჩებითო.

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ სააკაშვილის გამოსვლის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტს რუსეთთან შარშანდელ ომში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ტერიტორია საქართველოს ნაწილი აღარასდროს გახდება.

სააკაშვილი გადაურჩა თვეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო კამპანიას. ოპონენტები მას 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალაუფლების მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ.

გაეროს დამკვირვებელთა მისია, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან აფხაზეთში საქმიანობდა, იძულებული გახდა, მუშაობა შეეწყვიტა, რადგან დასავლეთის სახელმწიფოებმა ამ წლის დასაწყისში უშიშროების საბჭოზე ვერ შეძლეს რუსეთის დარწმუნება, რომ მისიის მანდატის გაგრძელება აუცილებელი იყო.