ჰილარი კლინტონმა საქართველოს მოთმინება ურჩია - კვირის პალიტრა

ჰილარი კლინტონმა საქართველოს მოთმინება ურჩია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი როდემ კლინტონი ნიუ-იორკის სასტუმრო "უალდორფ-ასტორიაში" დელეგაციებს შეხვდა.

ქალბატონმა კლინტონმა დაარწმუნა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომ აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მან განაცხადა: "ჩვენ ვცდილობთ, რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის საზავო შეთანხმება და იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში თქვენი ქვეყანა გაერთიანდება".

რუსეთი თავდაპირველად თანახმა იყო, შეემცირებინა თავისი ჯარი და ომამდელ პოზიციებზე დაებრუნებინა, მაგრამ  პირობა ჯერაც არ შეუსრულებია. მდივანმა აშკარად რუსეთზე მიუთითა, როდესაც აღნიშნა:”"ჩვენ ისიც ვიცით, რომ დემოკრატიისკენ სვლა და იმ ცვლილებების განხორციელება, რასაც ცდილობთ, რთულია, მაგრამ გვინდა მხარი დავუჭიროთ და წავახალისოთ ის ნაბიჯები, რომლებიც გადასადგმელია. აშშ მხარს უჭერს საქართველოს და გვინდა ეს სრულიად ცხადად და მკაფიოდ განვაცხადოთ დღეს აქ".

სააკაშვილთან საუბარში კლინტონმა ხაზგასმით თქვა: - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა მოკლე ხანში ვერ მოგვარდება.”საუკეთესო გზა იქნებოდა სტრატეგიული მოთმინება, რომლითაც საქართველო დაადასტურებდა, რომ ის მიმზიდველი ადგილი, უფრო ძლიერი, დემოკრატიული” ქვეყანააო. პასუხად პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა Fინანციალ თიმეს ოფ Lონდონ-ში სახელმწიფო მდივნის სტატიამ, რომელიც მან ევროპაში აშშ-ის სარაკეტო თავდაცვითი სისტემის ცვლილების გამო გამოაქვეყნა.

"ახალი თავდაცვითი სარაკეტო სისტემა უფრო მალე განთავსდება, ვიდრე წინა პროგრამით იყო განსაზღვრული. ეს შესაძლებელს გახდის სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება ირანულ მოკლე და საშუალო დამიზნების რაკეტების საფრთხეზე", - წერს კლინტონი.

სტატიაში დამატებით ნათქვამია, რომ ახალი სარაკეტო თავდაცვითი სისტემა განზრახულზე უფრო კომპლექსური იქნება, მრავალ ადგილას განლაგდება და უკეთ დაიცავს აშშ-ის ყველა მეგობარსა და მოკავშირეს რეგიონში. ხოლო გამოცდილი ტექნოლოგიების დანერგვა დაზოგავს დროს, შეამცირებს ხარჯებს, იქნება უფრო მოქნილი და საფრთხეებზე მორგებული.

სახელმწიფო მდივანმა განაცხადა: "ვფიქრობთ, ეს მიდგომა უფრო ეფექტიანია. ის, რა თქმა უნდა, დაფარავს საქართველოს და კავკასიას, რაც ზუსტი სიგნალი იქნება იმისა, რომ აშშ უზრუნველყოფს მთელი ევროპის დაცვას". სახელმწიფო მდივანმა ცხადი გახადა, რომ აშშ არც დღეს და არც მომავალში არ ცნობს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, იმუშავებს საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან, რომ არც სხვებმა ცნონ ისინი.