აშშ საგარეო პოლიტიკას ცვლის - კვირის პალიტრა

აშშ საგარეო პოლიტიკას ცვლის

ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას საპროგრამო მოხსენება სესიის ცენტრალურ მოვლენად იქცა. თეთრი სახლის ახალი პატრონის გამოსვლას უნდა ეპასუხა მთავარ კითხვაზე:

მისი პრეზიდენტობის პერიოდში რა პოლიტიკას გაატარებს ვაშინგტონი მსოფლიო არენაზე და განსხვავებული იქნება თუ არა ის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკისგან. ობამამ მსმენელს იმედი არ გაუცრუა - აშკარად მიანიშნა, რომ ადრინდელი რესპუბლიკური ადმინისტრაციისგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკას გაატარებს და, რომ აშშ აღარ აპირებს მსოფლიო ჟანდარმის როლის შესრულებას. ის ახლა მსოფლიოში წესრიგის დამყარებას კი არ დაიწყებს, არამედ სხვა ქვეყნებთან ითანამშრომლებს. ობამამ იმის პირობაც დადო, რომ უარს იტყვის მთელი მსოფლიოს დემოკრატიზაციაზე და სულგრძელი იქნება ავტორიტარულ ქვეყნებში გამეფებული დემოკრატიის ვარიანტებისადმი. "ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება გარედან არ შეიძლება. ყველა ქვეყანამ თავისი საკუთარი გზა უნდა იპოვოს, ისეთი, როგორიც მის ხალხს, კულტურას ესადაგება. მაგრამ უნივერსალური ფასეულობები მაინც არსებობს და აშშ კვლავ მხარში ამოუდგება მსოფლიოს ხალხებს თავისი ბედის განსაზღვრისას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ბარაქ ობამამ ცხრა თვის განმავლობაში თავისი ადმინისტრაციის მიერ გაწეული მუშაობის თავისებური ანგარიშიც წარადგინა: "ჩემი პრეზიდენტობის პირველსავე დღეს აშშ-ში წამება ავკრძალე, გუანტანამოში ციხეების დახურვა ვბრძანე. ერაყის ომს ვამთავრებთ. ჩვენ ჯარები გამოვიყვანეთ ერაყის ქალაქებიდან, გაისად, აგვისტოში კი ყველა ჩვენი სამხედრო შენაერთი დატოვებს ერაყის ტერიტორიას. 2011 წლისთვის იქ ამერიკული ჯარი აღარ იქნება".

გარდა ამისა, ობამამ თქვა, რომ აშშ წლის ბოლომდე აპირებს რუსეთთან სტრატეგიული შემტევი იარაღის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, რომ აშშ-მა შეცვალა დამოკიდებულება გაეროს მიმართ, რომელსაც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ხშირად აკრიტიკებდა.

თავის გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ წინა ადმინისტრაციის არა მარტო ცალკეული გადაწყვეტილების გადახედვას აპირებს, არამედ საგარეო პოლიტიკისადმი ვაშინგტონის მიდგომასაც.

გამოსვლის დასასრულს ბარაქ ობამამ ოთხპუნქტიანი პროგრამა წარუდგინა დამსწრეთ და იმედი გამოთქვა, რომ სხვა ქვეყნები მხარს დაუჭერენ მას. უპირველესად, ვაშინგტონი ბირთვული იარაღის შემცირების ინიციატივით გამოდის. პრეზიდენტის აზრით, აშშ-მა და რუსეთმა მაგალითი უნდა მისცენ დანარჩენ ქვეყნებს და CHB-2-ის ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, თეთრი სახლის მეთაურმა ნათლად მიანიშნა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას და ირანს არ უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი.

მეორე - ბარაქ ობამამ გაეროს წევრებს მოუწოდა, ებრძოლონ გენოციდს მთელ მსოფლიოში. ამ საქმეში წვლილის შესატანად აშშ უფრო იაქტიურებს გაეროს სამშვიდობო მისიებში. გარდა ამისა, მან დაგმო ებრაული დასახლების მშენებლობა დასავლეთ სანაპიროზე, მაგრამ პალესტინელებსაც მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ურჩია.

მესამე - ბარაქ ობამა გლობალურ დათბობასთან ერთობლივი ბრძოლის წინადადებით გამოვიდა და განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ამ მიზნებისთვის 80 მლრდ დოლარს გამოყოფს.

დაბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, ერთად ავაშენოთ პოსტკრიზისული ფინანსური არქიტექტურაო. ბარაქ ობამამ, გენერალური ასამბლეის სხდომაზე შეკრებილი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული წარმომადგენლის წინაშე პირობა დადო, რომ არ დაივიწყებს წინასაპრეზიდენტო დაპირებებს და მათ რეალურ პოლიტიკაში გაატარებს.