ობამამ ორმაგ წარმატებას მიაღწია - კვირის პალიტრა

ობამამ ორმაგ წარმატებას მიაღწია

ყველგან - ნიუ-იორკშიც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და პიტსბურგშიც, "დიდი ოციანის" სამიტზე ობამამ აშშ-ის დიპლომატიისთვის "თანამშრომლობის

ახალი ერის” დადგომა" გამოაცხადა და გაეროს უშიშროების საბჭოში ბირთვული გაუვრცელებლობის სხდომას უხელმძღვანელა.

მიუხედავად უფრო პოზიტიური განწყობისა, ისეთი გლობალური პრობლემების გადაწყვეტის საკითხი, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამა და კლიმატის ცვლილებები, ჯერ კიდევ ბუნდოვნად მოჩანს და ობამამ ისევ უნდა გაუსწოროს თვალი პრობლემათა საჩოთირო გრძელ ნუსხას, რომელთა მეშვეობითაც გამოიცდება მისი მმართველობა.

ობამამ დაპირებების შესრულება დაიწყო. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ახალმოპოვებული მასალა, ირანის ბირთვულ წარმოებაზე, დრამატულ ეფექტად აქცია - საკონფერენციო ცენტრში, "დიდი ოციანის" სამიტზე, ნაჩქარევად მოწყობილ ღონისძიებაზე, სადაც თავი მოეყარათ ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებს, გერმანიის მხარდაჭერით, განგაში გამოცხადდა.

"ირანი არღვევს წესებს, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას", - განაცხადა ობამამ.

ურანის გამამდიდრებელი კიდევ ერთი საწარმო მისი დიპლომატიური ოსტატობის გამოცდა იქნება, რადგან თეირანი უარს ამბობს, დაემორჩილოს საერთაშორისო ზეწოლას.

ობამას აიძულებენ, მეტი აქტივობა გამოიჩინოს, თორემ ისრაელი იძულებული გახდება, ხელი გამოიღოს. ახალმოპოვებულმა სამხილებმა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმედინეჯადი აიძულა, თავი დაეცვა. მან თქვა, - ირანი არ იყო ვალდებული, შეეტყობინებინა ობამას ადმინისტრაციისთვის ყველა იმ საწარმოს შესახებ, რომელიც გვაქვსო.

გასულ კვირას ობამამ მოსკოვს ასიამოვნა და ბუშის ეპოქის გეგმა, აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო თავდაცვითი ფარის განთავსების შესახებ, რომელსაც რუსეთი ეწინააღმდეგებოდა, ახალი გეგმის სასარგებლოდ, თაროზე შემოდო.

ობამა შეუერთდა მსოფლიოს მთავარი ლიდერების იმ გადაწყვეტილებას, რომელმაც გლობალური ეკონომიკის მართვა "დიდი რვიანის" ექსკლუზიური ჯგუფიდან "დიდ ოციანს" გადააბარა, არადა, გავლენა წლების მანძილზე სწორედ "დიდ რვიანს" ეპყრა ხელთ.

ამ ნაბიჯით ჩინეთს ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტისას უფრო მეტი უფლება მიენიჭა, რამაც, შესაძლოა, პეკინს აშშ-ის მიერ შეთავაზებული მსოფლიოს ეკონომიკის გადაბალანსების პროცესში უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულებისკენ უბიძგოს.