კოსოვო: ევროკავშირის პოლიტიკის ხელახლა გააზრება - კვირის პალიტრა

კოსოვო: ევროკავშირის პოლიტიკის ხელახლა გააზრება

თუკი ევროკავშირი ეკონომიკურ განვითარებას უმაღლეს პრიორიტეტად არ აქცევს, ერთიან კოსოვოს პერსპექტივა არ უწერია.

კოსოვოში კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის ევროკავშირის მისიას (EULEX) სერიოზული კრიზისი ემუქრება, რადგან, როგორც კოსოვოელ სერბებში, ასევე ალბანელებში მისი საქმიანობის მიმართ უკმაყოფილება იზრდება. პირველი და უმნიშვნელოვანესი პრობლემა ევროკავშირსა და კოსოვურ ინსტიტუტებს შორის შეუთანხმებლობაა.

დღეს ნორმად ქცეული გაურკვევლობა, უთანხმოება და კამათი იქამდე შენარჩუნდება, ვიდრე ბრიუსელსა და პრიშტინას შორის უფლებამოსილებები არ გაიმიჯნება.

იმავდროულად, ეკონომიკური განვითარება, უფრო ზუსტად კი ასეთი რამის არარსებობა, მხოლოდ და მხოლოდ კანონიერებასა და მართლწესრიგს დაქვემდებარებულ როლს თამაშობს და, ამდენად, სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსის საშიშროება მეტად რეალურია (კოსოვო სრულად და ყველა თვალსაზრისით იმპორტზე, უცხოეთიდან ფულად გადმორიცხვებსა და იმ ფულზეა დამოკიდებული, რომელსაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციები ხარჯავენ).

კოსოვოელ ალბანელებს შორის ბევრს მიაჩნია, რომ EULEX-ის მისია კოსოვოს დამოუკიდებლობის და სრულყოფილი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედებს. ასეთი აზრი უსამართლოა და დიდწილად იმის შედეგია, რომ მისიის მანდატი მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. იმავდროულად, კოსოვოელი სერბების განწყობა ევროკავშირის მისიის მიმართ, რომელიც ალბანელებთან ერთსულოვნებას იშვიათად ავლენს, ასევე ნეგატიურია. ისინი აცხადებენ, რომ EULEX-ის მხრიდან საზღვარზე კონტროლის გაძლიერების მცდელობა (ოფიციალურად ეს თითქოს კონტრაბანდის პრობლემების მოსაგვარებლად კეთდება) სერბეთისგან კოსოვოს დამოუკიდებლობის ფაქტობრივ აღიარებას ნიშნავს. კოსოვოელ სერბებს ასევე მიაჩნიათ, რომ ბელგრადის თანამშრომლობა ევროკავშირის მისიასთან კოსოვოს ჩუმი აღიარებაა.

ომის დასრულებიდან ათი, ხოლო დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან წელიწად-ნახევარი გავიდა, მაგრამ კოსოვოში კვლავ არ არსებობს წარმოების პოლიტიკა, სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, პოლიტიკა განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, გარემოს დაცვასა და მოსახლეობის დასაქმებაში. აქა-იქ რეფორმებზე რაღაც მინიშნებები ჩნდება ხოლმე, მაგრამ ისინი რეალიზაციის სტადიას ვერ აღწევენ, დიდწილად მოქმედ პოლიტიკოსთა თაობაში კომპეტენტურობისა და ნებისყოფის დეფიციტის გამო.

საჭიროა სამ მნიშვნელოვან მომენტზე დაფიქრება. პირველი: კოსოვოში პრივატიზაციის პროცესი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, როდესაც კოსოვოს პარლამენტი ეკონომიკური განვითარების მოკლე სტრატეგიას კანონად აქცევს, რადგან საკანონმდებლო ბაზის არარსებობა ხელს შეუწყობს კორუფციის აყვავებასა და კოსოვოს ეკონომიკური ბაზის მნიშვნელოვანი ობიექტების პირადი გამდიდრებისთვის გამოყენებას.

მეორე: ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ცენტრში განათლების საკითხი უნდა მოექცეს. ევროკავშირმა კოსოვოსთვის კადრების მომზადება უნდა დაიწყოს, სერიოზული ინვესტიციები უნდა ჩაიდოს განათლების სისტემაში, რადგან დღეს რეალიზებულ რეფორმებს ხანგრძლივი პერსპექტივა არა აქვს.

მესამე: ევროკავშირი ადგილობრივ ეკონომიკას უნდა დაეხმაროს, დაარწმუნოს რეგიონში კოსოვოს მეზობლები, რომ პოლიტიკური და ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნა, რომლებიც ხელს უშლის კოსოვოს პროდუქციის რეგიონულ ბაზრებზე გასვლას და დარტყმას აყენებს ექსპორტს, აუცილებელია. საჭიროა სერბეთი, ჩერნოგორია, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინა აიძულონ, რომ მათ კოსოვოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე ბლოკადა გააუქმონ, ხოლო ალბანეთს კოსოვოელთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე მაღალი გადასახადები და საბაჟო ტარიფები შეუმცირონ.

რამდენად ძლიერი უნდა იყოს EULEX-ის მისიის ძალაუფლება კოსოვოში? ერთიანი აზრი ამ საკითხზე არ არსებობს. მაგრამ კორუფციის დონის, პირადი ანგარებიანი ინტერესებისა და კოსოვოელ პოლიტიკოსებში პოლიტიკური ნების არარსებობის გათვალისწინებით, შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ბოსნიაში შეიძლება მოქმედი საერთაშორისო მოდელის მანდატის გამოყენება. ამ ქვეყანაში უმაღლესი წარმომადგენლის მმართველობას უზარმაზარი უფლებამოსილება გააჩნია, რაც უმაღლეს მმართველს უფლებას აძლევს, სამსახურებიდან დაითხოვოს ის დემოკრატიულად არჩეული ხელმძღვანელები, რომლებიც რეფორმების რეალიზაციას ხელს უშლიან.

საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისი მტკიცე ხელით სასწრაფოდ უნდა გააძევოს ის პირები, ვისაც კოსოვოს რეფორმირებისთვის საკმარისი ნებისყოფა არ გააჩნიათ. შესაძლოა, ეს პირველი ნაბიჯია, რაც კოსოვოს ეკონომიკური განვითარების სამოქმედო სტრატეგიის გამომუშავებამდე (თუკი ვინმეს მისი შექმნის სურვილი გაუჩნდება) მიიყვანს და ის კოსოვოური დამოუკიდებლობის ექსპერიმენტში გარდამტეხი მომენტი გახდება.