სააკაშვილის იმედი გვაქვსო... - კვირის პალიტრა

სააკაშვილის იმედი გვაქვსო...

25-26 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ესტუმრა.

ლავროვის ვიზიტის ოფიციალური საბაბი ამ რეგიონებთან "უვიზო მიმოსვლის შესახებ" და რამდენიმე სხვა შეთანხმების გაფორმება გახდა. ცხინვალში სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს "სამხედრო პროვოკაციებს საქართველოს მხრიდან, რადგან "თბილისის ამჟამინდელი რეჟიმისგან ყველაფერია მოსალოდნელი". რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი დაჰპირდა ცხინვალელებს, ყველაფერს აღვადგენთ, რაც საქართველოს აგრესიის შედეგად დაინგრა; ძალას არ დავიშურებთ, რათა საიმედოდ დავიცვათ სამხრეთ ოსეთის საზღვრები და მზად ვიყოთ იმისთვის, თუ ვინმე 2008 წლის აგვისტოს დანაშაულის განმეორებას განიზრახავსო.

ლავროვის თქმით, რუსული მხარე კვლავ ელის, რომ საქართველოს ხელისუფლება უპირობოდ დაადასტურებს თავის ვალდებულებებს - არ გამოიყენოს ძალა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ.

სოხუმში, აფხაზეთის მთავრობასთან შეხვედრისას ლავროვმა თქვა, რომ "პოზიტიურად აფასებს" მასთან თანამშრომლობას. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა კი "საერთაშორისო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის" სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა. მხარეებმა გაცვალეს ნოტები "უვიზო მიმოსვლის" შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტს ხელი ჯერ კიდევ 2009 წელს მოეწერა. აფხაზეთთან უვიზო რეჟიმის ოფიციალური შემოღება კი არსებული მდგომარეობის მხოლოდ ფაქტობრივი ლეგალიზებაა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არაერთგვაროვნად აღიქვა მსოფლიო საზოგადოებრიობამ. ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხელისუფლების უნებართვოდ ჩავიდა ამ სეპარატისტულ რეგიონებში.

ევროკავშირის დიპლომატიის მეთაურის, კეტრინ ეშტონის პრესსამსახურის პრესრელიზში ნათქვამია, "ევროკავშირს მიაჩნია, რომ ვიზიტები ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან შეუთავსებელია." დოკუმენტში ხაზგასმულია ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების მეთაურის ვოიაჟი ცხინვალსა და სოხუმში.

"რუსეთის მხარის ეს და სხვა მსგავსი ნაბიჯები, ამ ქვეყნის მიერ არჩეული პოლიტიკის - ოკუპაციისა და ანექსიის გაგრძელებაა", - განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. რუსული მხარე კი აცხადებს, რომ ლავროვის ვიზიტები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის საფასურად ოსეთსა და აფხაზეთს არ დათმობს. კრემლის განცხადებით, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა მსო-ში შედის მხოლოდ განსაზღვრული პირობებით.

ნებისმიერი გზით შესვლა ძალიან სუსტი ქვეყნების ხვედრია. მოკლედ, მთლიანობაში ვიზიტი შეიძლება დადებითად შეფასდეს - მთავარი გზავნილი ამ ვიზიტისა კი ისაა, რომ რუსეთი მსო-ში სტრატეგიული დათმობების ფასად არ შევა. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია, ხოლო თუ როგორ მოახერხებს ამ საკითხის გადაწყვეტას საქართველოსთან, ჯერ გაურკვეველია და არც ლავროვს უთქვამს რამე. ამ მხრივ სააკაშვილის იმედი გვაქვს. რაც უფრო დიდხანს არ შეუშვებს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მით უკეთესი იქნება სამამულო აგროპრომის, მრეწველობისა და საბანკო სექტორისთვის.

"ლენტა რუ", რუსეთი