ონიშჩენკო საქართველოს ოპოზიციასთან მოილაპარაკებს - კვირის პალიტრა

ონიშჩენკო საქართველოს ოპოზიციასთან მოილაპარაკებს

რუსეთის სამომხმარებლო სამეთვალყურეო უწყების მეთაური გენადი ონიშჩენკო აპირებს შეხვდეს ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოს კახა კუკავას და მოსკოვში ქართული დიასპორის წარმომადგენელ ვლადიმერ ხომერიკს.

საუბრის თემა იქნება ქართული ღვინისა და მინერალური წყლის რუსეთში შეტანის აღდგენის პერსპექტივის განხილვა.

გ. ონიშჩენკომ განაცხადა, - კუკავა და ხომერიკი ჩემთან შეხვედრას ითხოვენ, რათა განვიხილოთ ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების საქართველოდან შემოტანასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხებიო.

ქართული ღვინოების რუსეთში შესაძლო დაბრუნების შესახებ ონიშჩენკომ ჯერ კიდევ მარტში განაცხადა. ის ამბობდა, რომ ქართულ ღვინოებს რუსულ ბაზარზე ტესტის გავლის შემთხვევაში დააბრუნებდა. "საჭიროა ბაზარზე ჩვეულებრივი პროცედურის გავლა ქართული ღვინის ხარისხის იმ გამაოგნებელი დისკრედიტაციის შემდეგ, რაც 2006 წელს მოხდა, განსაკუთრებულად შევამოწმებთ ღვინის ხარისხს", - აღნიშნა რუსეთის მთავარმა სანიტარმა, ამასთან, მან საქართველოს ქვეყანა კი არ უწოდა, არამედ ნაციონალურ-ტერიტორიული წარმონაქმნი, რამაც საქართველოს აღშფოთება გამოიწვია:

"ეტყობა, ონიშჩენკოს თავი ისევ სსრკ-ში ჰგონია და ვერ გაუცნობიერებია ის, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ხოლო საქართველო ნაციონალურ-ტერიტორიული წარმონაქმნი კი არა, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. საეჭვოა, რომ კაცმა, რომელიც სსრკ-ის პერიოდშია ჩარჩენილი, შეძლოს ღვინის ხარისხის განსაზღვრა", - თქვა მრეწველობის სააგენტოს მეთაურმა დავით კობერიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მეღვინეებს რუსეთისთვის ღვინის მიწოდებას არ ურჩევს. რუსეთთან საქმის დაჭერა არ არის გონივრული, რადგან მისი ნდობა არ შეიძლებაო, - უთხრა ამ უწყების მეთაურმა გრიგოლ ვაშაძემ ქართულ კომპანიებს.

"გაზეტა რუ", რუსეთი