საქართველოს მხარდასაჭერად - კვირის პალიტრა

საქართველოს მხარდასაჭერად

რუსულ-ქართული ომის დასრულებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ ვუბრუნდებით საქართველოში, ამ ევროკავკასიურ ქვეყანაში, შექმნილი სიტუაციის ანალიზს.

სამწუხაროდ, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, ტერორიზმთან მუდმივმა ომმა და ჩრდილოაფრიკული ქვეყნების არასტაბილურობამ ქართული საკითხი დაჩრდილა, მაგრამ კავკასიაში სიტუაცია მუდმივად იცვლება და დიდი ყურადღებაა საჭირო სწორი დასკვნების გამოსატანად.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ბევრი პოლიტოლოგი და ექსპერტი ქართული დემოკრატიზაციის პროცესის სტაგნაციაზე საუბრობს და ამ მოვლენის ზუსტი მიზეზის ასახსნელად განსხვავებულ მოსაზრებებს გვთავაზობს. სინამდვილეში, ამ ფენომენის რეალური მიზეზის გასარკვევად საჭიროა კარგად ვიცნობდეთ ზოგად სიტუაციას მთელ ევროკავკასიურ რეგიონში. არსებობს სამი ძირითადი დაბრკოლება, რაც ასე თუ ისე, აფერხებს გარდაქმნებს საქართველოში და ხელს უშლის ქვეყნის სრულყოფილი დემოკრატიისკენ სვლის საბოლოოდ დასრულებას, მაგრამ იმის უარყოფაც არ შეიძლება, რომ საქართველომ უკვე ძალიან ბევრი გააკეთა სასურველი მიზნის მისაღწევად.

პირველი დაბრკოლება საგარეო ფაქტორს ეხება. საქართველოს წარსულის შედარებისთვის ბალტიისპირული ქვეყნების წარსულთან განსაკუთრებული საფუძველი არ არსებობს. ცხადია, საქართველოს მთავრობის მცდელობა, გადაარჩინოს ქვეყანა შევარდნაძის ძველი, ნახევრად ავტორიტარული მოდელისგან და შეინარჩუნოს დემოკრატიული რეფორმების მუდმივი განხორციელების გზა, რთულ პოლიტიკურ რეალობაში მიმდინარეობს. ამ სირთულეს დიდწილად განსაზღვრავს რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომელიც გადარჩენისა და საკუთარი თავის შენარჩუნებისკენაა მიმართული. შვიდ წელიწადზე მეტია, რაც ვხედავთ მოსკოვის მხრიდან თბილისზე ხან მასშტაბურ და ხანაც ნაკლებ ზეწოლას, რაც 2008 წელს სამხედრო კონფლიქტით, ოკუპაციით და ორი ქართული პროვინციის დამოუკიდებლობის უკანონო აღიარებით დასრულდა.

მეორე დაბრკოლება - შედარებით არასტაბილური შიდა პოლიტიკაა. საქართველოს სიტუაცია ამ მხრივაც განსხვავდება ბალტიისპირული ქვეყნების სიტუაციისგან, რადგან საქართველოს საშინაო პოლიტიკაში არ არსებობს ერთიანობა, ბალტიისპირული ქვეყნების პოლიტიკა კი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების ირგვლივ ყოველთვის ერთსულოვნებით გამოირჩეოდა. ქართველი პოლიტიკოსები ორ, სრულიად განსხვავებულ ბანაკად გაიყვნენ და ერთმანეთს არ აღიარებენ, როგორც ნამდვილი მტრები. ერთ ბანაკში არის საქართველოს მთავრობა, ხოლო მეორე ბანაკში ოპოზიციური პარტიები.

მესამე დაბრკოლება მწირ საგარეო დახმარებას ეხება, რომელსაც საქართველო ევროკავშირისგან იღებს. ვგულისხმობთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ დახმარებას და მხარდაჭერას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროკავშირს, რომელიც მართალია, ოფიციალურად აღიარებს საქართველოს უზარმაზარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროგრესს და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას (ბრიუსელი გმობს რუსეთის მიერ ორი ქართული რეგიონის ოკუპაციას), სინამდვილეში მისთვის არასდროს შეუთავაზებია ინტეგრაციისთვის ნამდვილი "საგზაო რუკა", რომელიც გაუმარტივებდა და მოტივაციას გაუჩენდა მას გარდაქმნებისთვის.

ევროკავშირის აზრით, თითქოს საქართველო (ისევე, როგორც უკრაინა, მოლდავეთი და სხვ.),  ზედმეტად ახლოსაა რუსეთის ბოსტანთან. ევროკავშირმა არასდროს უნდა აღიაროს გავლენის სფეროები კონტინენტზე, სხვა შემთხვევაში ის დაუპირისპირდება ჩვენს მთავარ იდეას თავისუფლებასა და თვითგამორკვევაზე. ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს საკუთარი გზა და საკუთარი ალიანსები.

"ოქსიდენტალი", იტალია