ამერიკელი რევიზორი საქართველოში - კვირის პალიტრა

ამერიკელი რევიზორი საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თინა კეიდენაუს ვოიაჟი სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანით დაიწყო. ბაქოდან ეს ქალბატონი თბილისში ჩავიდა, ხოლო 29 აპრილს ერევანში გაემგზავრა.

კეიდენაუს სამივე სახელმწიფოს დედაქალაქებში ვიზიტის პროგრამაში შედიოდა შეხვედრები ხელისუფლებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და გავლენიან ოპოზიციონერებთან. ამ შეხვედრების მიზანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობის და შინაპოლიტიკური დაძაბულობის მიზეზების გაცნობა იყო.

მღელვარე სამხრეთ კავკასიაში თინა კეიდენაუს ვოიაჟმა "მძაფრსიუჟეტიანი ჭორები" წარმოშვა ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პროცესების ფონზე აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში მოსალოდნელი შიდაპოლიტიკური ცვლილებების შესახებ. სამივე კავკასიურ ქვეყანაში ოპოზიციური მოძრაობის ერთდროული გააქტიურების ჟამს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტმა საგანგაშო ელფერი მიიღო.

თუ საქართველოსა და სომხეთში პერმანენტული საპროტესტო აქციები ჩვეულებრივი მოვლენაა, აზერბაიჯანში ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები მოულოდნელი იყო. ამიტომაც რეგიონში თინა კეიდენაუს - კოსოვოში აშშ-ის ყოფილი ელჩისა და დემოკრატიული ფასეულობების დამცველის ჩასვლას შეუძლებელი იყო, არ გამოეწვია ჭორები სამხრეთ კავკასიაში "ფერადი პროცესების" დაწყების შესახებ. მით უმეტეს, რომ ბაქოდან თბილისში ის მეთიუ ბრაიზას (ამჟამად აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის) თანხლებით ჩავიდა.

ბრაიზამ კი სწორედ კეიდენაუს თბილისში ყოფნის დღეებში გადაწყვიტა სამივე ქვეყნის ამერიკული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრა. თუმცა სომხეთის ელჩმა მარი იოვანოვიჩმა თავის მაგივრად თავისი მოადგილე ბრიუს დონაჰიუ გაგზავნა. ამ ამბავმა ეჭვები დაბადა - რადგან იოვანოვიჩი ყირგიზეთში სწორედ "ტიტების რევოლუციის" დროს იყო აშშ-ის ელჩი...

რაზე ილაპარაკეს ამერიკელმა დიპლომატებმა თბილისში, უცნობია; ბრაიზამ მხოლოდ ის თქვა - სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრეთო. სამაგიეროდ, კეიდენაუს, ეტყობა, დასამალი არაფერი ჰქონდა და, როგორც ბაქოში, ასევე თბილისში შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს. ბაქოსგან განსხვავებით, ის ოპოზიციონერებსაც შეხვდა. ესაუბრა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მოიწონა ოპოზიციონერთა სწრაფვა საარჩევნო კოდექსის გასაუმჯობესებლად და ფაქტობრივად, მოუწოდა ხელისუფლებას, მოლაპარაკებების იმიტაციას სჯობს, ის კონსტრუქციულად წარმართოთო, რითაც ძალზე გაახარა მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები. ირაკლი ალასანია და დავით გამყრელიძე ასეთი სახეგაბრწყინებულები დიდი ხანია არავის უნახავს. თინა კეიდენაუმ დაადასტურა ოპოზიციის მხარდაჭერა. "სასიხარულოა, რომ ოპოზიციური პარტიების გარკვეულმა ჯგუფმა მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვა... მათთან საუბარი პროდუქტიული იყო", - განაცხადა მან თბილისში პრესკონფერენციაზე. კეიდენაუს თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია დაინტერესებულია საქართველოში სამართლიანი და ობიექტური არჩევნების ჩატარებით.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი