ტაქტიკა არ შეცვლილა... - კვირის პალიტრა

ტაქტიკა არ შეცვლილა...

ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები თბილისში თავიანთ სეზონურ "რეჟიმის შეცვლის" კამპანიას გეგმავენ. მათი უკანასკნელი განცხადებების მიხედვით ჩანს, რომ 2007 წლის შემდეგ ტაქტიკა არ შეცვლილა: დედაქალაქში ქუჩის არეულობების წაქეზება, ხელისუფლების იძულება ძალის გამოყენებაზე და ამით დასავლეთის თვალში მთავრობის დელეგიტიმაციის მიღწევა, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა.

ამ წლის სიახლე საერთაშორისო კონტექსტია, რომელიც არაბულმა არეულობებმა შექმნა, პროცესმა, რომელსაც დასავლეთში თავიდან დემოკრატიულ მოძრაობად აღიქვამდნენ, თუმცა დღეს იქ ამ შეხედულების გადაფასება ხდება, მაგრამ რადიკალური ჯგუფები, თბილისში როგორც ჩანს, არ არიან განწყობილნი ამ გადაფასებისთვის. რეჟიმის შეცვლის "არაბული" რევოლუციების თავდაპირველი დასავლური ეიფორიით შეგულიანებულები საქართველოშიც ანალოგიურ რიტორიკას მიმართავენ.

ოპოზიცია სამი მიმდინარეობისგან შედგება: კონსტიტუციური წესებით მოთამაშე პარტიები, რეჟიმის შეცვლის მომხრეები მისი დამხობის გზით და მერყევი შუალედური პოზიციის მქონე დაახლოებით ხუთი-ექვსი პატარა ჯგუფი, რომელთაგან ზოგიერთი მოლაპარაკებებს და დასავლურ რჩევებს ექვემდებარება, ზოგიერთი - არა. რეჟიმის შეცვლის კამპანიის მომხრეები ორ ბლოკში იყრიან თავს - "სახალხო კრებასა" და "ქართულ პარტიაში", რომლებსაც ლიდერების პერსონალური კონკურენცია მიჯნავს (ცალკე ოპერირებს რადიკალური ლეიბორისტული პარტია შალვა ნათელაშვილის ხელმძღვანელობით).

2 მაისს, "სახალხო კრებამ" (ლიდერები: ნინო ბურჯანაძე და მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე) 21 მაისიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მასობრივი დემონსტრაციების დაწყების შესახებ განაცხადა. ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე  მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად საბოლოო ბრძოლისკენ მოუწოდეს. ისინი ვადამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ და იმედოვნებენ, რომ დემონსტრაციები სააკაშვილს გადადგომას აიძულებს.

"ქართული პარტია" რამდენიმე პატარა ჯგუფის გაერთიანებაა. შესაბამისად, პარტიას ოთხი ლიდერი უდგას სათავეში, რომელთაგან თითოეულს თავისი დიდი ამბიციები გააჩნია. პარტია საქართველოში გავრცელებული ვესტერნიზაციის ტენდენციის საპირისპირო კულტურული კონსერვატიზმის კარტს ათამაშებს. პარტიის წამყვანი ფიგურა, სოზარ სუბარი, "არმიად" წოდებული 50000 კაცის მობილიზებით იმუქრება - ისინი „ნებისმიერი მისიისთვის მზად არიანო.

შფოთიანი პოლიტიკოსების სპონტანური ალიანსის "ქართული პარტიის" სოციალური ბაზა მწირია, თუმცა მას შეუძლია (როგორც ეს რადიკალურმა ოპოზიციამ ოდნავ განსხვავებული ხელმძღვანელობით 2007-2009 წლებში გააკეთა) ქუჩის აქციებისთვის თბილისში გარკვეული სოციალური სეგმენტების მობილიზება. თბილისი (უფრო მეტად, ვიდრე პროვინციები) აერთიანებს იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც ჯერ საბჭოთა სისტემის კოლაფსის შემდეგ და ხელმეორედ 2003 წლის შემდგომი მოდერნიზაციის პროცესში უფუნქციოდ დარჩნენ.

თბილისის ზოგიერთი შემოგარენის გარდა, "ქართული პარტიის" სამიზნე ჯგუფი კახეთის რეგიონის ღვინის მწარმოებლები არიან, რომლებიც სერიოზულად დაზარალდნენ ქართულ ღვინოზე რუსული ემბარგოს შემოღებით. "ქართული პარტია", რომელიც ამის გამო პრეზიდენტ სააკაშვილს ადანაშაულებს, პირობას დებს, რომ რუსეთთან მუშაობით ემბარგოს მოხსნის და მოსკოვთან ურთიერთობას ზოგადად გააუმჯობესებს.

კონსტიტუციური წესებით მოქმედი ოპოზიციური პარტიებიდან წამყვანი ორი პარტიაა: გიორგი თარგამაძის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"და ირაკლი ალასანიას "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები". ისინი, "რეჟიმის შეცვლის" მომხრე პარტიებისგან განსხვავებით, ცალსახად დასავლეთზე ორიენტირებული პარტიებია. თარგამაძისა და ალასანიას პარტიები საპარლამენტო პროცესის გზით საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მიისწრაფვიან, კონსტიტუციურ ვადებში (და არა ვადამდე) არჩევნებისთვის ემზადებიან და თანამშრომლობენ, რათა საფუძველი შეუქმნან საქართველოს ხელისუფლებაში პოლიტიკური პარტიების ლეგალურ მონაცვლეობას (ქუჩით პროვოცირებული ცვლილების ნაცვლად).

არსებობს ოთხი ფუნდამენტური მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ გავრცელდება არაბული მოდელი საქართველოზე: 1. საქართველოს აქვს კანონიერი კონსტიტუციური წესრიგი, რომლის დამხობას უკანონო მასობრივი აქციების გზით, საზოგადოება არ ემხრობა; 2. ახალგაზრდა თაობა საქართველოს სწრაფი მოდერნიზაციის მთავარი ბენეფიციარია, მაშინ როდესაც პროტესტის ლიდერები წარსულზე ორიენტირებულები არიან; 3. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები რეფორმირებულია, არაკორუმპირებული და პროფესიონალურად ეფექტიანი; 4. საქართველოს მმართველი ელიტა და საზოგადოების უმრავლესობა იზიარებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას. სტაბილურობის ასეთი საფუძვლები არასდროს მოქმედებდა არაბულ ქვეყნებში, სადაც არეულობამ იფეთქა.

"ჯეიმსტაუნ ფაუნდეიშენი", აშშ