დონალდ ტრამპი პრეზიდენტობას უმიზნებს - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპი პრეზიდენტობას უმიზნებს

აშშ-ის პრეზიდენტობის პოტენციურ რესპუბლიკელ კანდიდატთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას დონალდ ტრამპი იქცევს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, ის პირველ ადგილზეა.

64 წლის ტრამპს ყველაფერი ხელეწიფება - სამშენებლო მაგნატია, მას ეკუთვნის ნიუ-იორკის საოფისე ცათამბჯენები და ფეშენებელური სავაჭრო სახლები, კაზინოები ლას-ვეგასში, ფლორიდასა და ატლანტის ჩრდილოეთ სანაპიროზე. მის სახელს ატარებს უძრავი ქონების ცნობილი ობიექტები, მაგალითად, ტღუმპ ტოწერ-ი მანჰეტენზე. ტრამპი დიდი ხანია, ტელეარხ ნბც-ზე გასართობი შოუს წამყვანია.

ახლა ამერიკა უკვე იმას ზომავს და წონის, თუ რამდენად სერიოზულია ტრამპის საპრეზიდენტო ამბიციები. ის ბევრს ბარონ მიუნჰაუზენადაც მიაჩნია, თუმცა თვითონ დიდად არ დაგიდევთ ფაქტების უტყუარობას. მაგალითად, ერთთავად იმეორებს, რომ მილიარდერია. ერთი ჟურნალისტი ამტკიცებდა, - მისი ქონება 250 მლნ დოლარიაო. ტრამპმა ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლა. სარჩელი არ განხილულა, მაგრამ გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ დეუტსცჰე ბანკ-ი მის ქონებას 788 მლნ დოლარად აფასებს.

შიდაპოლიტიკური მოვლენებით ღარიბ აღდგომის წინა დღეებში ჟურნალისტები დონალდ ტრამპს კუდში დასდევდნენ, ინტერვიუს სთხოვდნენ. ის კი ეშმაკურად იღიმებოდა - მოსვენებას არ მაძლევთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შოუ გრძელდებაო. დონალდ ტრამპი მიამიტად ეკითხებოდა შემოჯარულ ჟურნალისტებს: - როგორ ფიქრობთ, ბარაქ ობამა მართლა ჰავაიზე გაჩნდა? თუ აშშ-ის მოქალაქედ არ დაბადებულა, განა შეიძლება ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყოსო?! დონალდ ტრამპის ბრძანებით, დაწვრილებით გამოიკვლიეს აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის დაბადების ადგილი. თუმცა დონალდ ტრამპი მაინც ეჭვიანად კითხულობდა - ობამას დაბადების მოწმობას, სადაც წერია, რომ ჰავაიზე დაიბადა, არც სერიული ნომერი აქვს და არც შტატის ბეჭედიო.

რაზეც უნდა იყოს საუბარი - ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტი იქნება თუ ვაჭრობა ჩინეთთან, ოპერაცია ლიბიაში თუ ენერგეტიკული პოლიტიკა, ტრამპს ყოველთვის მოკლე პასუხი აქვს - "ყველაფერი ძალიან ადვილია. ობამა ყველაფერს უკუღმა აკეთებს, ნელა და არასწორად... ლიბიაში შევიდოდი და ნავთობს წამოვიღებდი, ამ ბავშვურ ცელქობას დავამთავრებდი". ჟურნალისტის შეკითხვაზე, - თქვენი აზრით, უნდა მოგვეპარა ნავთობსაბადოებიო, ტრამპმა მშვიდად უპასუხა: - "გენაცვალე, ჩვენ არაფერს ვიპარავთ... ხომ უნდა ავინაზღაუროთ სამხედრო ოპერაციისთვის გაწეული ხარჯები?"

- მეკითხებით, რა აზრის ვარ ბენზინის გაძვირებაზე? - ყველაფერი ძალიან მარტივია. დღეს ვაშინგტონში კაცი არ არის, ვინც დარეკავს ოპეკ-ში და იტყვის: - მეგობრებო, ძველი დრო წარსულს ჩაბარდა, გეყოფათ ჩვენი გაყვლეფაო. მე კი მათ თვალებში ჩავხედავდი და მკაცრად ვეტყოდი, - თქვენი დრო დამთავრდა. თუ არაფერს იღონებთ, ჩვენს ჯარს ამ რეგიონიდან გავიყვანთ. დროა, ჩინეთსაც პირში ვუთხრათ იმის თაობაზე, რაც სავალუტო ბაზარზე ხდება.

მე მათ არც სახელმწიფო დონის სადილზე მოვიპატიჟებდი და არც ხელს ჩამოვართმევდი, როგორც ამას ობამა აკეთებს და არც გავუცინებდი. ძალიან, ძალიან სერიოზულად დაველაპარაკებოდი ჩინეთის პრეზიდენტს და თუ ჩინეთი კეთილ ნებას არ გამოიჩენდა, მათ საქონელზე ჩემს ქვეყანაში 25%-იან საბაჟო გადასახადს დავაწესებდი, - ამბობს ტრამპი.

ჯერჯერობით, ეს ყველაფერი ჟღერს როგორც სატირა  და შესაძლოა ასეც დარჩეს.

"ფიგარო", საფრანგეთი