"დაივიწყეთ საფრანგეთი. საქართველო - ევრაზიული ქვეყანა, რომელიც..." - რას წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"დაივიწყეთ საფრანგეთი. საქართველო - ევრაზიული ქვეყანა, რომელიც..." - რას წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა?

"იმ დროს, როცა "კოვიდ-19" ღვინის ტურიზმის ძირითად გზებს ანგრევს, ისეთი ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, თავიანთ საათს ელოდება: თბილისმა, საფრანგეთის პარალელურად, ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა, რომ ვაქცინირებულ მოგზაურებს თავიანთ ტერიტორიაზე ყოველგვარი საკარანტინო ზომების გარეშე მიიღებს. რასაკვირველია, უფრო დეტალურად თუ ვიტყვით, ზოგიერთი შეზღუდვა რჩება (კომენდანტის საათის სახით), მაგრამ როგორც ლონდონში საქართველოს საელჩო იტყობინება, ისიც გაუქმდება, როგორც კი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გაღრმავდება. "ბრიტანელ მოგზაურებს შეუძლიათ საქართველოში ჩასვლა და ქართული სტუმართმოყვარეობის, ქართული თვითმყოფადი კულტურისა და ქართული ღვინის გაცნობა", - ამბობს საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა. იგი აღნიშნავს, რომ ქართული ღვინისადმი ინტერესი უკვე მატულობს, ხოლო მისი ექსპორტი დიდ ბრიტანეთში 2020 წლიდან დღემდე 155%-ით, ანუ ნახევარმილიონამდე ბოთლით გაიზარდა", - ნათქვამია სტატიაში, რომელიც 2 მაისს ბრიტანულ გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" (The Daily Telegraph) გამოქვეყნდა სათაურით - "დაივიწყეთ საფრანგეთი. საქართველო - ევრაზიული ქვეყანა, რომელიც პოსტკარანტინულ პერიოდში "ღვინის ტურიზმის" მოყვარული მოგზაურებისათვის იდეალურ ქვეყანას წარმოადგენს".

პუბლიკაციის ავტორი მარკ სტრეტონი საქართველოში აპრილში იმყოფებოდა: მან ისარგებლა იმით, რომ ბი-ბი-სის დავალებით ერევანში იყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გასაშუქებლად და თბილისშიც ჩამოვიდა: "დაგეგმილი მქონდა, თბილისში მხოლოდ რამდენიმე დღით დავრჩენილიყავი, ქალაქის ბოჰემურ რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე და ვადა გავაგრძელე: "ღვინის გალერეაში" მითხრეს, რომ საქართველოში ვაზის 525 ჯიში არსებობს და ნამდვილ ღვინოს ქვევრში ამზადებენ. ამიტომ, სიტუაციას  კარგად რომ გავცნობოდი, მირჩიეს, აუცილებლად წავსულიყავი აღმოსავლეთ საქართველოში, მთებს შორის მდებარე კახეთის რეგიონში, რომელსაც ჩრდილოეთიდან რუსეთი, ხოლო სამხრეთიდან - აზერბაიჯანი ესაზღვრება. კახეთი ქართული ღვინის აკვნად ითვლება, სწორედ ამ რეგიონში მზადდება ქართული ღვინის 75%. ამრიგად, მე დავიწყე ჩემი სამდღიანი მოგზაურობა ლევან ჩალაურთან ერთად, რომელიც "ღვინის მარშრუტს" უკვე რამდენიმე წელია, უძღვება. "ვაქცინირებული მოგზაურებისათვის ქვეყანაში შემოსვლის ნებართვა ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღორძინებას და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას, როგორიც 2019 წელს იყო. იმ წელიწადს საქართველომ 6 მილიონი ტურისტი მიიღო, რაც ორჯერ მეტია ქვეყნის მოსახლეობაზე", - მეუბნება გიდი", - წერს ავტორი.

"კახეთში მოგზაურობისას გზაზე ერთმანეთს ვენახები და მარნები ცვლიდნენ: ლევან ჩალაურის თქმით, ამ რეგიონში ყოველ ოჯახს საკუთარი წარმოების ღვინო აქვს. როცა ღვინის წარმოების ცენტრამდე - სიღნაღამდე მივაღწიეთ (ქალაქი შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს და ალაზნის ხეობას გადაჰყურებს), ეჭვები სრულიად გამიქრა და უკვე დარწმუნდი: ღვინო საქართველოსთვის ის სულიერი ფასეულობაა, რომელიც წარმართობის დროიდან ქრისტიანობის ხანაში გაგრძელდა. სიღნაღთან მდებარე ბოდბის მონასტერში, სადაც წმინდა ნინო არის დაკრძალული, მისი საფლავის ქვას ყურძნის მტევანი ამშვენებს", - აღნიშნავს მარკ სტრეტონი, რომელიც გზადაგზა სხვადასხვა ღვინის დეგუსტირებას ეწევა: "გავსინჯე ქარვისფერი "რქაწითელი", მშრალი წითელი "საფერავი" და ნახევრად ტკბილი "ქინძმარაული", რომელიც ყველაზე დიდ და ცნობილ ქართველს - იოსებ სტალინს უყვარდა".

ავტორი აღწერს მეღვინე გია გამტკიცულაშვილის საქმიანობას, მის მიერ ქვევრის ღვინის დამზადების პროცესს. იგი მონაწილეობს ღვინის დეგუსტაციის პროცესშიც: "როცა თიხის ქვევრს თავი მოხადა, გიამ პირჯვარი გადაიწერა და აპლოდისმენტების ქვეშ ახალი "საფერავით" დოქი შეავსო. მისი ქვევრის ღვინო ქარვისფერია, მოწეულია იმ ვენახებში, რომლებიც კავკასიის მთების ძირშია გაშენებული და ზემოდან მცხუნვარე მზე დაჰნათის. "მე ბედნიერი ვარ, - ამბობს გია, - ეს ღვინო ქვევრში უკვე ექვსი თვეა, ჩასხმულია. სიმჟავე უკვე დაბალანსებულია, ფერიც ნათელი აქვს. მსოფლიოს ყველაზე უძველესი ქართული ღვინო ყოველთვის ასე გამოიყურება".

"კახეთის სამეფო დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა 1801 წლამდე, როცა რუსეთის იმპერიამ მიიერთა. არქეოლოგებმა კახეთის უძველეს დედაქალაქ გრემში ღვინის წარმოების კვალი აღმოაჩინეს. სამწუხაროდ, 1616 წელს სპარსეთის შაჰის - აბას პირველის შემოსევის დროს მტერმა ვენახები ამოძირკვა და ის ეკლესია-მონასტრები გაანადგურა, სადაც ღვინოს ამზადებდნენ. (...)

ყველაზე ღრმა კვალი საქართველოს ღვინის წარმოებაზე საბჭოთა ბატონობამ დატოვა. ის ეპოქა კარგად ახსოვს ნუნა კარდენახიშვილს, რომელიც ამბობს: "ჩემი ღვინო ნამდვილი ღვინოა, მე-16 საუკუნის ქვევრში დამზადებული. მას არ აქვს ნუშის ან ალუბლის მოტკბო გემო, მხოლოდ ყურძნისგან ვამზადებთ". საბჭოთა კავშირის ლიდერის - მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის დროს ანტიალკოჰოლური კანონი შემოიღეს და რადგანაც იმ დროს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ რაოდენობას და არა - ხარისხს, დაბალმოსავლიანი ვენახები აჩეხეს... გაქრა ვაზის ჯიში "ქისი". თუმცა იყო მომენტი, როცა აქაურების ღვინო აშშ-იც გადიოდა".

სტატიის დასასრულს, ავტორის მიერ გადმოცემულია შთაბეჭდილება თბილისის ეროვნულ მუზეუმის მონახულების შემდეგ: "მუზეუმის მესამე სართულზე არის თიხის ქვევრი, რომლის კედლებზე არსებული ღვინის კვალის ანალიზისას გაირკვა: საქართველოში მეღვინეობას 8 ათასი წლის წინათაც კი მისდევდნენ. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ დღესაც გრძელდება ჩვენი წყურვილის გრძნობა მწიფე ყურძნის წვენისაგან მიღებული ღვინის მიმართ". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ