"უცნაური მეთოდები, რომელსაც ქვეყნები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებენ, მათ შორის საქართველო" - რას წერს შვეიცარიული გამოცემა - კვირის პალიტრა

"უცნაური მეთოდები, რომელსაც ქვეყნები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებენ, მათ შორის საქართველო" - რას წერს შვეიცარიული გამოცემა

შვეიცარიული გამოცემის "თრეველ ნიუსის"- (Travel News) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "უცნაური მეთოდები, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნები პანდემიის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებენ", მიმოხილულია მსოფლიოს ტურიზმის სფეროში არსებული კრიზისული განწყობა. როგორც მასალაშია აღნიშნული, რიგი ქვეყნები, პანამიდან დაწყებული, თურქმენეთამდე, "კოვიდ-19"-თან ბრძოლაში საკმაოდ არატრადიციული მეთოდებით სარგებლობენ და პირბადესთან, ჯარიმებთან და კომენდანტის საათთან ერთად გარკვეული ახალი, თავისებურ შეზღუდვებსაც მიმართავენ.

ტაილანდსა და პანამაში თამბაქოს მოწევა აკრძალეს, ქუჩაშიც კი, სუფთა ჰაერზე. როგორც მეცნიერებმა დაადასტურეს, სიგარეტის კვამლით ვირუსით დაავადების რისკი მატულობს.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით) ავტომაგისტრალების დეზინფექციას ახდენენ, თუმცა ბოლო მონაცემებით, შედეგები მაინცდამაინც დამაიმედებელი არ არის.

თურქმენეთის ავტორიტარულ ხელისუფლებას არ სურს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არსებობა აღიაროს და ამიტომ მოსახლეობას პირბადეების გაკეთებას მხოლოდ იმიტომ ურჩევს, რომ ჰაერში მომატებული მტვერია და თავს გაუფრთხილდითო. საინტერესოა, რომ დღემდე თურქმენეთში ოფიციალურად კორონავირუსით არც ერთი დაავადებული არ არის რეგისტრირებული.

ტანზანიის ხელისუფლებამ ახალი დაავადებულების რეგიტრირება ჯერ კიდევ შარშან, აპრილში შეწყვიტა. სხვათა შორის, პრეზიდენტმა ჯონ მაგუფულმა იმდენჯერ განაცხადა, ღმერთის წყალობით ქვეყანაში კორონავირუსი არ არისო, რომ ბოლოს "კოვიდ-19"-ს თვითონ ემსხვერპლა. ასევე მოუვიდა ტანზანიის ახლოს, ინდოეთის ოკეანეში მდებარე ზანზიბარის ვიცეპრეზიდენტ სეიფ ჰამადისაც.

ბოლივიაში მოსახლეობისათვის გრაფიკი დააწესეს - ვის როდის შეეძლო მაღაზიაში წასვლა, პასპორტისა და პირადობის მოწმობების ნომრების მიხედვით. რადგანაც ამ მეთოდმა შედეგი არ გამოიღო, შეზღუდვა ახლახან გაუქმდა.

პანამის ხელისუფლებამ პანდემიის დასაწყისშივე მიიღო, ერთი შეხედვით, უბრალო, მაგრამ მაინც განსაკუთრებული გადაწყვეტილება გენდერული თვალსაზრისით: ქალებისა და მამაკაცებისათვის სახლებიდან ქუჩაში გასვლა სხვადასხვა დროს დააწესა. ალბათ, იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა სქესის ადამიანებში კონტაქტი არ მომხდარიყო.

უზბეკეთი: რადგანაც პანდემიის გამო ტურისტების მიზიდვა რთული ხდება, ტაშკენტმა ამ საკითხის გადასაწყვეტად უჩვეულო მეთოდით ისარგებლა: ყოველი ტურისტი, რომელიც ქვეყანაში ჩავიდოდა და "კოვიდ-19"-ით დაავადდებოდა, ხელისუფლება 3 ათას დოლარს გადაუხდიდა და მისი მკურნალობა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოხდებოდა. ანუ ამით უზბეკეთის მთავრობა გარანტიას იძლეოდა, რომ ანტივირუსული სიტუაცია ქვეყანაში ნორმალურია. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მასმედიაში ფართოდ იქნა რეკლამირებული, ტურისტთა მიზიდვის ამ ხერხმა არ გაამართლა: გასული წლის მონაცემებით, ტურისტთა ნაკადი უზბეკეთში 77%-ით შემცირდა.

საქართველომაც შემოქმედებითი მიდგომა გამოავლინა ვირუსთან ბრძოლაში: სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოში ქუჩების დასუფთავება, თანამედროვე ტექნოლოგიების ნაცვლად, ტრადიციული ცოცხებით განახორციელეს, რის შედეგადაც ქვეყნის დედაქალაქი, შეიძლება ითქვას, გაბრწყინდა და უფრო მიმზიდველი გახდა: მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლების ძალისხმევით თბილისი ისე დასუფთავდა, როგორც არასდროს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ