რატომ აქვს ისრაელს კავშირი სეპარატისტულ სახელმწიფოსთან, რომელსაც მხარს "ჰამასი" უჭერს? - კვირის პალიტრა

რატომ აქვს ისრაელს კავშირი სეპარატისტულ სახელმწიფოსთან, რომელსაც მხარს "ჰამასი" უჭერს?

დაახლოებით სამი კვირის წინ, მოსკოვში ორი ებრაელი გადამდგარი გენერალი ჩავიდა.  ამ ვიზიტმა, რომელიც საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ისრაელისა და ქართული პრესის მეშვეობით ცნობილი გახდა, ისრაელი საქართველოსთან დიპლომატიურ ინციდენტში შეიყვანა და საგარეო საქმეთა მინისტრი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.

მოსკოვში ყოფნისას, გადამდგარი გენერლები: ისრაელ ზივი (სამხედრო საკონსულტაციო ფირმა Global Group-ის დამფუძნებელი, მფლობელი და ისრაელის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი)  და მეირ კლიფი  სერგეი ბაღაფშს, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის პრეზიდენტს შეხვდნენ. ამ ცნობამ საშინლად განარისხა საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები და საქართველოს ელჩი ისრაელში, ვახტანგ ჯაოშვილი დაუკავშირდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს იერუსალიმში და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

ქართველებს გაუჭირდათ იმის გაგება, ისრაელის შეიარაღებული ძალების გადამდგარ გენერლებს  თუ რატომ გაუჩნდათ იმ წარმონაქმნთან კავშირის სურვილი, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას არ უღიარებია და რომლის მხარდამჭერთა შორისაა "ჰამასი". ქართველი მოხელეები იმანაც გააოგნა, თუ როგორ შეეძლო Global-ს ასე ცინიკურად შეეთავაზებინა სამსახური საქართველოს მტრისთვის მაშინ, როდესაც თვითონ 2008 წლის ომამდე თბილისის სამხედრო კონსულტანტი იყო. ყველაზე მეტად საქართველოს მთავრობას იმის გაგება სურდა, მოქმედებდნენ თუ არა გენერლები ისრაელის მთავრობის თანხმობით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილემ, პინხას ავივიმ განაცხადა, რომ სამინისტრომ არაფერი იცოდა ამ მოგზაურობის შესახებ. "ინფორმაცია მედიის მეშვეობით მივიღეთ, - თქვა მან, - ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და მისთვის არ დავუშვებთ არანაირი სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტს".

თავდაცვის სამინისტროს პასუხი უფრო ორაზროვანი აღმოჩნდა. მის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "საკითხები, რომლებიც განიხილეს (ზივმა და კლიფიმ) არ უკავშირდება სამხედრო სფეროს და, გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს ლიცენზიები საერთოდ არ გაუცია". სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩვეულებრივ ის არ იღებს წინასწარ ინფორმაციას ზივის უცხოური მოგზაურობების შესახებ და "ის, როგორც წესი, არ გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას მისი გარიგებების თაობაზე სხვადასხვა კომპანიასთან".

Global-მა მოგვიანებით გააცნობიერა ის, თუ როგორი უხერხულობა შექმნა მისმა ქმედებამ. კლიფიმ დაურეკა ავივის და შემდეგ ჯაოშვილსაც, ისრაელში საქართველოს ელჩსაც შეხვდა, რათა აეხსნა შეხვედრის მიზანი - "სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში”ინვესტირების შესაძლებლობათა გარკვევა".

"Global-ი არასდროს მოქმედებს ისრაელის სახელმწიფოსა და მისი საგარეო საქმეების საზიანოდ", - ადვოკატების მეშვეობით განაცხადა კომპანიამ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Global-მა და, განსაკუთრებით ზივმა, საერთაშორისო დიპლომატიურ ინციდენტში ამოყო თავი...

"ჰაარეცი", ისრაელი