ამერიკული იარაღის სახიფათო ძიება საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

ამერიკული იარაღის სახიფათო ძიება საქართველოსთვის

მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს პატარა პოსტ-საბჭოთა ქვეყანა აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე თავდადებული მოკავშირეა. მან ერაყსა და ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ყველაზე მეტი სამხედრო გაგზავნა, თუმცა მისსავე ორ ტერიტორიას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რუსეთის მტრული ძალები დაეუფლნენ.

საქართველოს  სულაც არ ერიდებოდა იმის გამხელა, რომ საკუთარ წვლილს აშშ-ის სამხედრო მისიაში ისე აღიქვამდა, როგორც სამსახურს სამსახურის წილ. "ჩვენ ჯარისკაცები ვართ და ამერიკელ ჯარისკაცებს ვეხმარებით, - განაცხადა ერთმა ქართველმა კაპრალმა, -„მერე კი ამერიკა ჩვენს ქვეყანას დაეხმარება". საპასუხო დახმარებად კი საქართველოს უნდა, რომ მოსისხლე მტრისგან, რუსეთისგან დაიცვან და რუსების მიერ ოკუპირებულ ქართულ მიწებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთზე კონტროლის აღდგენაში დაეხმარონ.

სააკაშვილის მმართველობის მთავარი ამოცანა ნატოში გაწევრება იყო.  აშშ ამ მისწრაფებას მხარს უჭერდა, თუმცა ამაოდ - რუსეთთან ომმა ნატოში გაწევრების სერიოზული შანსი დღის წესრიგიდან მოხსნა. საქართველო, კონფლიქტის დაწყების მომენტისთვის, ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, ეს იძულებულს გახდიდა აშშ-სა და ნატოს დანარჩენ წევრებს რუსეთისთვის ომი გამოეცხადებინათ. ახლა საქართველოს ახალი მიზანი გაუჩნდა: ამერიკული შეიარაღება. შარშან მან სერიოზულად დაიწყო იმის ლობირება, რომ აშშ-ს საქართველო "თავდაცვითი იარაღით" მოემარაგებინა, კერძოდ კი ანტისაჰაერო და ანტისატანკო სისტემებით.

აშშ არასდროს ყოფილა საქართველოს განსაკუთრებულად დიდი მომმარაგებელი. საქართველომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო საბჭოთა აღჭურვილობა. გადაიარაღების პროცესში კი სხვა ყოფილ საბჭოთა თუ ყოფილ ვარშავის პაქტის ქვეყნებზე იყო დამოკიდებული. პენტაგონმა რამდენიმე სამხედრო წვრთნა საქართველოში კი ჩაატარა, მაგრამ ეს გაკეთდა ქართული ჯარის ერაყსა და ავღანეთში დისლოცირებისთვის მოსამზადებლად.

ამერიკული შეიარაღების საკითხი ახლა იმისთვის ამოტივტივდა, რომ ზუსტად განისაზღვროს აშშ-საქართველოს ურთიერთობათა სტატუსი. საქმე ისაა, რომ საქართველო და მისი მოკავშირეები ვაშინგტონში ამტკიცებენ, თუ აშშ საქართველოს შეიარაღებას არ მიაწვდის,  ეს წარმოსახვითი "გადატვირთვის" გამო რუსეთისადმი მისი მონური მორჩილების ტოლფასი იქნება. ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი შეიარაღებით საქართველოს უზრუნველყოფის მთავარი ადვოკატია. მარტში მან კონგრესში, მოსმენებზე, განაცხადა: "იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც ნამდვილად ქართულია და კვლავინდებურად ემუქრება საქართველოს, მიჭირს გაგება, რატომ არ ვაწვდით ჩვენ საქართველოს თავდაცვით იარაღსაც კი."

როგორც იტყობინებოდნენ, საქართველოს ბოლო ელჩი თანამდებობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მან ვერ შეძლო შეიარაღების მიღება ამერიკიდან.

ერთი საკვანძო, მაგრამ პასუხგასაცემი კითხვა ასეთია: საქართველო შეიარაღების ყიდვას აპირებს, თუ სურს, რომ აშშ-მა შეიარაღება მას დახმარების სახით მისცეს? ამ კითხვაზე საქართველოს ოფიციალური პირები პასუხს გაურბიან და ამბობენ, რომ დისკუსია ასე შორს ჯერ არ წასულა. საქართველოსთვის იარაღის შესყიდვაზე ნებართვის მიცემა სხვა საკითხია, ხოლო აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა მიერ მათი შეიარაღების დაფინანსება - სხვა.

თუმცა ციფრები გვაფიქრებინებს, რომ საქართველო ვერასდროს შეძლებს დამოუკიდებლად შეიძინოს ამერიკული აღჭურვილობა. საქართველო ღარიბია, ხოლო ამერიკული იარაღი - ძვირი. საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი 2011 წლისთვის დაახლოებით 370 მლნ-ია, შესყიდვებისთვის მისი ერთი მესამედის - 123 მლნ-ის გამოყენებაა შესაძლებელი. შედარებისთვის: არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ახლახან აშშ-ის საჰაერო-თავდაცვითი შეიარაღების შესაძენად 7 მლრდ დოლარი დახარჯეს. მხოლოდ ერთი ანტისაზენიტო სარაკეტო სისტემა "პეტრიოტი", დაახლოებით 6 მლნ დოლარი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთელი წლიური ბიუჯეტით მხოლოდ  20 სარაკეტო სისტემის ყიდვა შეეძლება, აღარაფერს ვამბობთ სატყორცნ დანადგარებზე, რადარებსა და სხვა საკვანძო კომპონენტებზე.

თუ საქართველოს მართლა სურს საკუთარი ფულით იარაღის შეძენა, მაშინ უკეთესი იქნება, შეიარაღების უფრო იაფ წყაროს მიაგნოს. რუსეთმა საქართველოს ბევრი ყოფილი მომმარაგებელი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში, შეაშინა და მათ საქართველოსთან თანამშრომლობის შეწყვეტა მოსთხოვა. სამაგიეროდ სხვა მწარმოებლები, მაგალითად, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია ან თურქეთი ნამდვილად შეძლებენ საქართველოსთან თანამშრომლობას. მაგრამ არც ისაა გარკვეული, რამდენად არგებს საქართველოს კბილებამდე შეიარაღება.

რუსეთის სამხედრო ძალა იმდენად ძლიერია ქართულზე, რომ დამატებითი შეიარაღება საკამათო საკითხია. უარესიც: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არაერთი განცხადების თანახმად, ის მხოლოდ "თავდაცვითი" შეიარაღების მიღებას ცდილობს, ნებისმიერი თავდაცვითი შეიარაღება აადვილებს აგრესიას იმით, რომ კონტრშეტევის წინააღმდეგ მიმართულ თავდაცვას აუმჯობესებს.

ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაში, რეგიონის ორი სპეციალისტი - გორი ველტი და სამუელ ჩარაპი ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს შეიარაღებით მომარაგება სამუდამოდ შეინარჩუნებდა მარადიული კონფლიქტის მენტალიტეტს, "ბერლინის კედლის მენტალიტეტს" და გზას გადაუღობავდა იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მართლა სჭირდება თავის დაკარგულ ტერიტორიებთან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის აღსადგენად. ველტი და ჩარაპი წერდნენ, რომ ეს არის ნელი, მტკივნეული პროცესი, რომელიც "კონფლიქტის ტრანსფორმაციის შედეგად,  ჩააცხრობს დაძაბულობას, კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთთან დააახლოებს, შექმნის ნდობას, აღადგენს სავაჭრო კავშირებს და ხელისუფლებებს შორის დაარეგულირებს ურთიერთობას".

"ამერიკული შეიარაღება ადგილზე ვერაფერს შეცვლის, მაგრამ გახდება ხელშესახები ნიშანი დასავლური მხარდაჭერისა, რაც სააკაშვილს აშკარად სურს. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ აშშ-ის სხვა მოკავშირეებთან შედარებით, შესაძლოა ყველაზე მეტი გააკეთა და ყველაზე ნაკლები მიიღო ჯილდოდ, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს არ გამოდგება იმის არგუმენტად, რომ საქართველო უფასო სარაკეტო სისტემებით მოვამარაგოთ.

"ატლანტიკი", აშშ