ბასრი ეკალი - რუსეთისთვის - კვირის პალიტრა

ბასრი ეკალი - რუსეთისთვის

საქართველოსთან პატარა, ძლევამოსილმა ომმა რუსეთის ხელისუფლებასა და ძალოვნებს პოპულარობასთან ერთად ინფორმაციული და ეკონომიკური უსიამოვნებები მოუტანა.

ქართულმა დიპლომატიამ თავის ჩრდილოელ მეზობელს მტკივნეული ადგილი მოუსინჯა და მიზანმიმართულად ჩაურჭო პატარა, მაგრამ ბასრი ეკალი - ჩერქეზთა გენოციდის აღიარება. ეროვნული იდენტურობის იდეა ყოველთვის იპოვის ევროპაში მადლიერ აუდიტორიას. კიდევ ერთი საკითხი, რითაც საქართველოს შეუძლია კრემლს "სისხლი გაუშროს", სოჭის ოლიმპიადაა, რომელიც სწორედ ჩერქეზთა მიწაზე უნდა ჩატარდეს; ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქართველ პარლამენტარებს "დროულად" გაახსენდათ ჩერქეზების პრობლემები. ის, რომ მათ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა მოინდომეს, რაც ვითომ რუსეთის ოლიმპიურ იმედებს არ უკავშირდება, სინამდვილეში კი ინფორმაციული ომის ერთ-ერთი ნაწილია!..

ჩერქეზთა გენოციდის თემა, როგორც ინფორმაციული პროექტი, ოლიმპიური კონტექსტის გარეშეც გაუმწარებს სიცოცხლეს რუსეთს. საქმე მხოლოდ საერთაშორისო იმიჯი როდია: რუსეთი ოდითგანვე ამტკიცებდა, რომ ის, ძლიერი ზესახელმწიფო, იცავდა სხვათა მიწებსა და ხალხებს: ოსმალთა ბატონობისგან (კავკასიას), ბაების თავნებობისაგან (შუა აზიას), საუკუნეობრივი ჩამორჩენილობისგან (ციმბირისა და უკიდურესი ჩრდილოეთის ხალხებს). ამ სიტუაციაში მოსკოვის "პატარა ცივი ომის" მოწინააღმდეგეები მარჯვედ იყენებენ რუსული საზოგადოებრივი აზრისთვის უცნობ ფაქტებს, რითაც არღვევენ რუსეთის "დერჟავული" სულისკვეთების საძირკველს. კრემლმა აღარ იცის, რით უპასუხოს - თვალები დახუჭოს და ყურები დაიხშოს?

რაციონალური პასუხი კომპრომისის მოძებნა იქნებოდა: ჩვენ მტკივნეულ ადგილზე ფეხს არ დაგაჭერთ, მაგრამ ნურც თქვენ შეეხებით ჩვენსას. კონფრონტაციის ლოგიკა, რომლის უმაღლესი წერტილი 2008 წლის მოვლენები გახდა, ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. რუსეთს ისღა დარჩენია, მოითმინოს, აღშფოთდეს, მიაჩუმათოს და უარყოს, როგორც ამას სსრკ აკეთებდა. პრობლემა ის არის, რომ შევიწროების ფაქტები მართლაც არსებობდა. ახლა კი ქართულ მხარეზეა დამოკიდებული, როდის და რა ძალით შეუჩიჩხინებს ეკალს რუსეთს.

"კომერსანტი", რუსეთი