ვარდისფრად დანახული საქართველო - კვირის პალიტრა

ვარდისფრად დანახული საქართველო

საქართველოს მთავრობა ხოტბას ასხამს აშშ-ს. საკუთარ თავს კი აიგივებს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით სინგაპურთან, ერთპარტიულ სახელმწიფოსთან, რომელსაც ხელისუფლების დასაბალანსებლად არ გააჩნია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მისი ოპოზიცია სიმბოლური და არაეფექტიანია.

საქართველოს ხელისუფლება ლახავს მშრომელების საბაზისო (და ახლახან შეძენილ) დემოკრატიულ უფლებებს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, საქართველო ერთადერთია, რომლის პროფესიული კავშირების ფედერაციამ, სადაც ერთ დროს მთავრობა დომინირებდა, საკუთარი თავის რეფორმირება მოახდინა და შეეცადა, დამოუკიდებელი და წარმომადგენლობითი შრომითი ორგანიზაცია გამხდარიყო, თუმცა დემოკრატიის ეს კონკრეტული გამოვლინება, ჩანს, სააკაშვილის მთავრობისთვის მიუღებელია და პროფკავშირების გასანადგურებლად ამ პროცესში ჩარევა დაიწყო.

2006 წელს საქართველომ მიიღო დრაკონული შრომის კოდექსი, რამაც პირდაპირ ხელყო მშრომელთა უფლებები. ის მკვეთრად გააკრიტიკა შრომითი კანონმდებლობისა და პოლიტიკის სფეროში გაეროს საექსპერტო სტრუქტურამ "შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია". 2008 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მძლავრად შეუტია საქართველოს პროფკავშირების კონფედერაციას და ბევრ მის ფილიალს, მათ შორის ყველაზე დიდს - განათლების და მეცნიერების თავისუფალ პროფკავშირებს.

მშრომელთა საერთაშორისო მოძრაობა  საქართველოს დამოუკიდებელი შრომითი ორგანიზაციების დაცვას სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმებით ცდილობს. საქართველოს პროფკავშირთა კონფედერაციამ მშრომელთა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს მთავრობას უჩივლა. ინდუსტრიული ორგანიზაციების მშრომელთა კონგრესის ამერიკულმა ფედერაციამ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ "პრეფერენციების საერთო სისტემის" საფუძველზე 2010 წელს პეტიცია წარადგინა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფდა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას. მათ გააორმაგეს მშრომელთა უფლებების შელახვა და ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთადერთი რეფორმირებული პროფკავშირული ორგანიზაციის ნგრევა.

ნუთუ "ვარდების რევოლუციის" მიზანი ამ ანტიდემოკრატიულ, ავტორიტარულ დიქტატთან ბრძოლა არ იყო? და თუკი ამერიკა "აბსოლუტური იდეალია", როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, უნდა მიჰბაძოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სინგაპურის კონტროლირებულ ეკონომიკასა და საზოგადოებას?

"ჰაფინგტონ პოსტი", აშშ