რუსეთი ყაზახეთს უკრძალავს... - კვირის პალიტრა

რუსეთი ყაზახეთს უკრძალავს...

საბაჟო კავშირის, "რუსეთი-ბელორუსია-ყაზახეთი", წევრი ყაზახეთი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან კრემლი ამ სტრუქტურის პოლიტიზებას ცდილობს.

არადა, თავიდან ეს სტრუქტურა საბაჟო კავშირის ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობის განსამტკიცებლად, მოქალაქეების, საქონლისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისთვის შეიქმნა. ამას წინათ რუსეთის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის უფროსმა გრიგორი ონიშჩენკომ ყაზახეთს ქართული ღვინოებისა და უალკოჰოლო სასმელების აკრძალვისკენ მოუწოდა. რუსეთის მთავარი სანიტრის დასაბუთება მეტად უსუსური გახლდათ - ქართული ღვინოების ხარისხი არ შეესაბამება სტანდარტებს და აკრძალვა საბაჟო კავშირის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად აუცილებელიაო.

ამ განცხადებამ საქართველოსა და ყაზახეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ყაზახ ექსპერტთა უმრავლესობა თვლის, რომ ამის უკან პოლიტიკა დგას. ქართულ მედიას მოჰყავს ღვინით მოვაჭრეთა ასოციაციის, "ყაზალკოს" დირექტორის ამირჯან კალიევის ნათქვამი, - ეს აკრძალვა ეწინააღმდეგება ყაზახეთის ეკონომიკურ ინტერესებს, ხოლო ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი საბაჟო კავშირის წესდების დარღვევას არ ნიშნავს. ყაზახეთი არ აპირებს ქართული ალკოჰოლური სასმელების მესამე ქვეყნებზე რეექსპორტირებასო.

საინტერესოა, რომ ზოგიერთმა რუსულმა წყარომ სასწრაფოდ განაცხადა, - სამწუხაროდ, ონიშჩენკოს სიტყვები ყაზახეთის საინფორმაციო საშუალებებმა არასწორად გაიგესო.

ღვინით ვაჭრობით მიღებული შემოსავალი ყაზახეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბოლო წლებში ალკოჰოლური სასმელების ზომიერად მომხმარებელმა ქვეყანამ მაგარი სასმელებიდან უცებ გადაინაცვლა საქართველოდან შემოსულ სუსტ ალკოჰოლურ სასმელებზე. საქართველო კი ყახაზეთში უკრაინის შემდეგ ღვინის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.

რუს ღვინის მწარმოებლებს სულაც არ აძლევთ ხელს ყაზახურ ბაზარზე უცხოური კომპანიების გამოჩენა, მაგრამ ამ შემთხვევაში ღვინის მწარმოებლები არაფერ შუაშია. კრემლის მცდელობას, აიძულოს ყაზახეთი ქართულ ღვინოზე უარი თქვას, დიდი პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე ყაზახეთი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი იყო. ყაზახეთის ნაციონალური ენერგეტიკული კომპანია "ყაზმუნაიგაზმა" თავის კონტროლს დაუქვემდებარა თბილისში გაზგამანაწილებელი სისტემა და ქართველ პარტნიორებთან ერთად შექმნა "ერთობლივი საწარმო "ყაზტრანსგაზ-თბილისი".

ნავთობის ტრანსპორტირების კომპანია "ყაზტრანს ოილი" ბათუმის პორტის მმართველია. უმსხვილესმა ყაზახურმა ბანკებმა ფილიალები გახსნეს საქართველოში. მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ ყაზახეთის მიერ დაგეგმილი ბევრი პროექტი შეჩერდა, მაგალითად, შავიზღვისპირეთში მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობა. სწორედ ამ ფაქტებმა გამოავლინა ორმხრივი ურთიერთობის სიმყიფე, რომელიც მოსკოვის პოლიტიკურმა ჟინმა კიდევ უფრო შეარყია.

აშკარაა, რომ ყაზახეთი კარგად აცნობიერებს იმას, რომ თუ კრემლს დაუთმობს,  საქართველოში ეკონომიკურად და პოლიტიკურად მნიშვნელოვან პოზიციებს დაკარგავს. საქართველოსთვის ეს ორმხრივი თამაში ყაზახეთის პოზიციას არაპროგნოზირებადს და გაურკვეველს ხდის. 2010 წელს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატან საუდაბაევმა თავისი ქართველი კოლეგა გრიგოლ ვაშაძე დაარწმუნა, რომ ასტანა დაიცავს საინვესტიციო პროექტებზე დადებულ ხელშეკრულებებს, მათ შორის მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობის ხელშეკრულებას. რუსი ანალიტიკოსი ლეონიდ გუსევი ფიქრობს, რომ თუ ყაზახეთი გადაწყვეტს "ბაქო-თბილისი-ყარსის" სარკინიგზო მშენებლობაში მონაწილეობას,  მოგებული დარჩება.

მაგრამ რუსეთი ნელ-ნელა აპირებს აღადგინოს თავისი იმპერიული ამბიციები დსთ-ის ტერიტორიაზე და საქართველოს რეგიონული იზოლაციით ემუქრება; ამიტომ ის უსათუოდ აღუდგება წინ ყაზახეთისა და საქართველოს თანამშრომლობას.

"ჯეიმსტაუნ ფაუნდერშენი", აშშ