"ამ ქვეყანას "მედლის ორივე მხარე" მიმზიდველი აქვს" - რას წერს საქართველოზე არაბული გამოცემა?
17-06-2021
"ამ ქვეყანას "მედლის ორივე მხარე" მიმზიდველი აქვს" - რას წერს საქართველოზე არაბული გამოცემა?
"თქვენ საქართველოზე ფიქრობთ?" - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული არაბთა გაერთიანებული საემიროების ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთ Khaleej Times-ში სტატია, რომელშიც ტურისტებისა და მოგზაურობის მოყვარულებისათვის კავკასიური ქვეყნის შესახებ ბევრი საინტერესო ფაქტია გადმოცემული. სტატიის ავტორია ტურიზმის სფეროს ჟურნალისტი ნიშტულა ნაგარაჯანი.
"საქართველო მთელი მსოფლიოს მოგზაურებისათვის საოცნებო ადგილს წარმოადგენს. ევროპასა და აზიას შორის მდებარე ამ პატარა ქვეყანაში იდეალურად არის შეთავსებული ორივე სამყაროს - ევროპული და აზიური სამყაროს კულტურები. საქართველო ტურისტებს სთავაზობს, აგრეთვე, პირველყოფილ ბუნებას: კავკასიის მთებთან და
სუბტროპიკულ პლაჟებთან ერთად საქართველოში კლიმატის ყველა ტიპს შეხვდებით. ეს ქვეყანა პირდაპირ სამოთხეა თავგადასავლების მაძიებლებისათვის.

საქართველო კავკასიონის თეთრი მწვერვალებით, ტყეებითა და მდელოებით, ჩანჩქერებით, შავი ზღვის კურორტებით მოგზაურებს აქტიური ტურიზმის ყველა სახეობას ჰპირდება - შეგიძლიათ ფეხით წახვიდეთ მთებში, დაკავდეთ რაფტინგით და ალპინიზმით, ცხენით გაისეირნოთ, იფრინოთ პარაპლანით, ფრინველებს
დააკვირდეთ და უბრალოდ, პირველყოფილ ტყეებში გაისეირნოთ, ბუნებასთან პირდაპირი კონტაქტი იქონიოთ.

საქართველოს მთავარი ტურისტული სიმდიდრე ისაა, რომ ამ ქვეყანას "მედლის ორივე მხარე" მიმზიდველი აქვს. აქტიურ დასვენებასთან ერთად, საქართველო ტურისტებს სთავაზობს დიდებულ მუზეუმებს, კაფეებს და ღამის კლუბებს, უნიკალურ ტრადიციულ და თანამედროვე ფესტივალებს. თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ კულტურის ძეგლები, რომლებმაც ათეულ საუკუნეებს გაუძლეს და დღეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში არიან შეტანილნი.

საქართველოს დედაქალაქი თბილისი დღეისათვის ევროპის ერთ-ერთ აქტიურ ქალაქს წარმოადგენს თავისი ღამეული ცხოვრებით, მსოფლიო კლასის სასტუმროებით და რესტორნებით. ამ ქალაქში ქუჩებიც კი ისეთია, თავისი არქიტექტურით, რომ თავი მუზეუმში გეგონება. თბილისში იდეალურადაა შეთავსებული ერთმანეთთან ძველი და ახალი, დასავლური და აღმოსავლური... და თუ თბილისელებს გაესაუბრებით, წარუშლელ შთაბეჭდილებებს მიიღებთ მათი თბილი და ემოციური დამოკიდებულებით თქვენ მიმართ.

ქართველების სტუმართმოყვარეობას ყველგან იგრძნობთ - სასტუმროში, ქუჩაში, სოფლებში... ქართველებს აქვთ ასეთი გამოთქმა - "სტუმარი ღვთისაა", რაც თითოეული სტუმრისადმი უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულ გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან.

თუ თქვენ უსაფრთხოების საკითხი გაფიქრებთ, ნუ ღელავთ - საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად არის მიჩნეული. ეს ქვეყანა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, სხვებისაგან პანდემიის დროსაც კი გამოირჩევა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ტურისტებისთვის 2021 წელს გაიხსნა.
მოკლედ, დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოში, ის თქვენთვის დაუვიწყარი იქნება. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

მანო
17 ივნისი 2021 14:45
მადლობა,ძალიან საინტერესო პუბლიკაციები და მიმოხილვები გაქვთ ბატონო სიმონ!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?