"ჩვენი ახლო და უცნობი მეზობელი" - რას წერს საქართველოზე თურქული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ჩვენი ახლო და უცნობი მეზობელი" - რას წერს საქართველოზე თურქული გამოცემა?

თურქული გაზეთის - "ჰურიეთის" (Hürriyet) 4 ივლისის ნომერში რუბრიკით "მოგზაურობა" გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ჩვენი ახლო და უცნობი მეზობელი", რომელიც საქართველოს ეხება. მასში გადმოცემულია თურქი ქალი-ჟურნალისტის მოგზაურობის შთაბეჭდილებები - თბილისის კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობებზე, ქართულ სამზარეულოზე და ა.შ. (ავტორი - ნურგიულ ბიუკალაი).

"პანდემიის გავრცელების აქტიურობა უკვე შესუსტდა, თანაც ზაფხული ძალაში შედის და ტურიზმის მოყვარულებმა გეგმის შედგენა დაიწყეს - სად წავიდნენ და რა დაათვალიერონ. ჩვენც რუკა ავიღეთ და თბილისი ამოვირჩიეთ. რატომ თბილისი? იმიტომ, რომ უცხოეთია, თან ახლოს მდებარეობს, ჩვენი მეზობელი ქვეყნის დედაქალაქია, საერთაშორისო სტანდარტებით, უსაფრთხოდ ითვლება და მასში ცხოვრება იაფია", - წერს ავტორი.

პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი თბილისს, რომელიც შეფასებულია "განუმეორებელ ევროპულ-აღმოსავლური არქიტექტურის ქალაქად". "ერთი შეხედვით, თბილისში ძველი და ახალი ერთმანეთთან საოცრად არის შეთავსებული, თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ძველი ახლისგან მაინც განცალკევებულია - ძველი ქალაქი გამოირჩევა თავისი ტრადიციული თავისებურებებითა და სპეციფიკით - აბანოებით, დუქნებით, გამოფენილი ხალიჩებით, ვიწრო ქუჩებით... ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თბილისში კი არა, სტამბოლში იმყოფებით... აბანოთუბნის არქიტექტურა საოცარია, განსაკუთრებით - "ჭრელი აბანოსი". მართალია, ჩვენ თვითონ თბილისურ განთქმულ აბანოებში არ გვიბანავია, მაგრამ იქაურობა კარგად დავათვალიერეთ და მისი ქუჩების ჰაერით ვსუნთქავდით", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიაში აღწერილია ნარიყალა: "ციხეზე ასვლა საბაგირო გზით შეიძლება, რომ ქალაქს ზემოდან გადმოხედოთ, მაგრამ ქვემოთაც ბევრი რამ არის საინტერესო. ვნახეთ "სახლი-კალეიდოსკოპი". ვისაც ფოტოგადაღებები უყვარს, ბაღში მდებარე ეს შენობა აუცილებლად უნდა დაათვალიეროს. თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ღირსშესანიშნაობაა "ქართლის დედის" დიდი ქანდაკება, რომელშიც ქართველი ხალხის ხასიათი სიმბოლურადაა გამოხატული - ქალს ერთ ხელში ღვინის თასი უჭირავს (რაც სტუმართმოყვარეობას ნიშნავს, მეგობრული მიზნებით მოსულთა მიმართ), მეორეში კი - მახვილი (მტრული მიზნების მქონე ადამიანებისთვის)".

"აუცილებლად უნდა გაიაროთ რუსთაველის გამზირზე. ამ ბულვარს, სადაც პარლამენტი, ოპერის თეატრი და მრავალრიცხოვანი მუზეუმებია, სახელი დიდი ქართველი პოეტის - შოთა რუსთაველის საპატივცემულოდ ეწოდა. გამზირი თბილისის თავისუფლების მოედანზე გადის, რომელიც მრავალი ეპოქის მომსწრეა. დაათვალიერეთ სამების ტაძრის შემოგარენი, რომელიც ქალაქს თავისი ოქროსფერი გუმბათით გადმოჰყურებს".

პუბლიკაციაში აღწერილია და სანახავად რეკომენდებულია მეტეხის ტაძარი (საიდანაც მდინარე მტკვრისა და ძველი ქალაქის საოცარი პანორამა იშლება), მშვიდობის ხიდი, "მშრალ ხიდთან" მდებარე "ძველმანების ბაზარი", სადაც საბჭოთა პერიოდის ბევრ ნივთს და ხელით დამზადებულ ბევრ ნაწარმს ნახავთ".

რასაკვირველია, პუბლიკაციაში საუბარია ქართულ სამზარეულოზეც, რომელსაც ცალკე ქვესათაური აქვს: "სამოთხე ცომეულის მოყვარულებისათვის": აღწერილია ხაჭაპური, ხინკალი, ჩიხირთმა, "ყიყლიყო" (შემწვარკვერცხიანი პურის ნაჭრები), ე.წ. ოსტრი და სხვა საჭმელები, მოხსენიებულია, აგრეთვე, გემრიელი ჩურჩხელა, რომელიც გარეგნულად ძეხვს ჰგავს, ნიგვზით, ქართული ღვინო ("საქართველო მსოფლიოში უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა") და სხვა.

სტატიის დასასრულს, მოგზაურებისთვის სხვა სასარგებლო რჩევა-რეკომენდაციებია გადმოცემული: სასტუმროებისა და ტრანსპორტის მდგომარეობა, სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით (შეზღუდვების ჩათვლით) და ა.შ.

მოამზადა სიმონ კილაძემ