ბურჯანაძე უკან არ იხევს - კვირის პალიტრა

ბურჯანაძე უკან არ იხევს

თბილისში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დარბევა საქართველოს დანაწევრებული ოპოზიციური პარტიების ხუთდღიან მცირემასშტაბიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა.

სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოთხშაბათს რამდენიმე ასეული დემონსტრანტი ქალაქის მთავარ პროსპექტზე დაბანაკდა. ოპოზიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შეკრებილთა წინაშე პირობა დადო, რომ მეორე დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს ჩაშლიდა.

მალევე, შუაღამისას, აქციის ჩატარებაზე თბილისის მთავრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ, სპეცდანიშნულების ძალებმა დემონსტრანტებს ალყა შემოარტყეს, კუსტარული ბარიკადები გადალახეს და დემონსტრანტები ქალაქის მთავარი გამზირიდან განდევნეს. შეტაკებებში მომიტინგეები გაიფანტნენ, ზოგიერთმა თავი მიმდებარე შენობებს შეაფარა. პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი გაკოჭა და მიწაზე დააწვინა.

პოლიციის განცხადებით, ერთი პოლიციელი და ერთი დემონსტრანტი დაიღუპა მაშინ, როდესაც მათ ბურჯანაძის კუთვნილი ესკორტი დაეჯახა, რომელიც შეტაკების ადგილის დატოვებას ჩქარობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ინციდენტის ვიდეომასალა, რომელიც პოლიციელის დაღუპვის კადრებს ასახავს. ბურჯანაძე თავდაპირველად  აცხადებდა, რომ მისი ესკორტი ინციდენტზე პასუხისმგებელი არ იყო, თუმცა ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ მან გამოძიება მოითხოვა.

პოლიციის აქციის შემდეგ, ბურჯანაძემ ტელევიზიებისთვის მიცემულ კომენტარში ხელისუფლებას "კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის" ჩადენაში დასდო ბრალი და პირობა დადო, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

ხუთშაბათის შეტაკება  2007 წელს სააკაშვილის მხრიდან გაცილებით დიდი საპროტესტო აქციის დარბევის გამოძახილი გახლდათ, რომელმაც შელახა მისი, როგორც პროდასავლელი რეფორმატორის რეპუტაცია. მაგრამ აშშ-ის და ევროკავშირის დიპლომატები ხუთშაბათის შეტაკებებს სიფრთხილით გამოეხმაურნენ. ანალიტიკოსებს 43 წლის პრეზიდენტის დამხობის შესაძლებლობა საეჭვოდ მიაჩნიათ. მათი აზრით, ქართველთა უმრავლესობა პოლიტიკურმა  აურზაურმა დაღალა.

"უოლ სტრიტ ჯორნალი", აშშ