მიხეილ სააკაშვილმა სააღლუმე ადგილი მოასუფთავა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილმა სააღლუმე ადგილი მოასუფთავა

26 მაისს, ნაშუაღამევს, თბილისში ხელისუფლებამ ოპოზიციის საპროტესტო მიტინგი დაარბია. დაზარალებულთა შორის გაზეთ "კომერსანტის" ფოტოკორესპონდენტი დმიტრი ლებედევიც აღმოჩნდა: "მივხვდი, საქმე ცუდად იყო. თავს უნდა ვუშველო-მეთქი. გარშემო ხალხი მიწაზე იყო გართხმული. გავიქეცი.

უცებ ფეხებში ვიგრძენი დარტყმა, მერე ტანზე. ვყვიროდი, - რუსი ჟურნალისტი ვარ-მეთქი. მხოლოდ ქართველი პოლკოვნიკის ბრძანებით დამანებეს თავი. ამაყენეს, ტანსაცმელი დამიფერთხეს, კამერა ჩამომართვეს და მითხრეს, - გაიქეციო, მაგრამ ათ მეტრში ახლა სხვებმა დამცხეს..."

აქცია, რომელიც ოპოზიციონერებმა თვითნებურად გადაიტანეს თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის შენობასთან, რომ დაირბეოდა, აშკარა იყო უკვე მაშინ, როცა თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ ჟურნალისტებს აღლუმთან დაკავშირებული გეგმა გააცნო. მისი განცხადებიდან ჩანდა, რომ ხელისუფლება, რომლისთვისაც საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩატარება მეტად მნიშვნელოვანი იყო, ოპოზიციის შიშით თავის გეგმებს არ შეცვლიდა. როგორც კი აქციისთვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა, 24 საათზე მომიტინგეებთან მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და აქციის სხვა ადგილებში ჩატარება შესთავაზეს, მაგრამ "სახალხო კრების" ლიდერ ნინო ბურჯანაძისგან ცივი უარი მიიღეს.

00.15 საათზე სპეცრაზმები ისედაც შეთხელებული მომიტინგეებისკენ დაიძრნენ და რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზის ყუმბარები დაუშინეს. თბილისში ამ დროს კოკისპირულად წვიმდა, რამაც ცრემლსადენი გაზის მოქმედების ეფექტი შეამცირა. შეიძლება სწორედ ამის გამო ვერ გამოიყენეს დემონსტრანტებმა "მოლოტოვის კოქტეილის" ბოთლები, რომელიც დიდძალი რაოდენობით ჰქონდათ ყუთებში... მანიფესტანტებს სპეცრაზმმა წყლის ჭავლი მიუშვა და ალყა შემოარტყა ადგილზე დარჩენილ ორასიოდე დემონსტრანტს.

რადიკალური ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე დაწიოკების დასრულებას აღარ დაელოდა. როგორც კი სპეცრაზმი მიუახლოვდა სცენას, სადაც ექსსპიკერი და მისი თანამებრძოლები იდგნენ, მას წინ გადაეღობა ესკორტი. ბურჯანაძე მაშინვე ერთ-ერთ მანქანაში ჩაჯდა. თვითმხილველთა თქმით, მანქანები ისე სწრაფად მოსწყდნენ ადგილს, რომ პოლიციამ უკან დახევა ძლივს მოასწრო. მხოლოდ ერთი პოლიციელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი ჩააფრინდა ერთ-ერთი ავტომობილის კარს - დიდი სისწრაფით მიმავალმა მანქანამ ლეიტენანტი 200 მეტრი ათრია. ეტყობა, პოლიციელმა ვეღარ გაუძლო, ჩამოვარდა და მომდევნო მანქანის ბორბლებქვეშ მოყვა... სპეცრაზმის ოფიცერი მაშინვე გარდაიცვალა. თავისუფლების მოედანზე გაჭრილმა ბურჯანაძის ესკორტმა, როგორც შსს-ში ამბობენ, კიდევ ერთი კაცი იმსხვერპლა - ოპოზიციონერი ნოდარ ცხადაძე.

...ოპოზიციის ლიდერთაგან ჯერჯერობით არავინ დაუპატიმრებიათ. შეიძლება ხელისუფლებამ ასეთი სირბილე იმიტომ გამოიჩინა, რომ დასავლელ პარტნიორებს ოპოზიციის დევნაში არ დაედანაშაულებინათ. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ გამოძიების შედეგად ხელისუფლებას ბურჯანაძის მიმართ ახალი პრეტენზიები გაუჩნდეს...

აღლუმის დროს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოპონენტები საქართველოს გარეთ დაწერილი სცენარით მოქმედებდნენ. ანუ ფაქტობრივად ოპოზიცია დაადანაშაულა იმაში, რომ ის მოსკოვის კარნახით მოქმედებდა.

რასაკვირველია, საქართველოს მოვლენებს რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. ამ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა იმედი გამოთქვა, რომ ისინი "ობიექტურ შეფასებას მიიღებენ არა მარტო ადამიანის უფლებადამცავი ორგანიზაციისგან, არამედ იმ სახელმწიფოებისგან, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს უჭერდნენ მხარს". ლუკაშევიჩმა დასძინა, რომ სააკაშვილის ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ და მის მიერ დემოკრატიული ნორმების დარღვევა საერთაშორისო დონეზე უნდა იქნეს გამოძიებული.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის გამონათქვამს, რომელიც თბილისის აღლუმს ესწრებოდა, ამის იმედი არ უნდა ვიქონიოთ. ელჩმა სამძიმარი გამოუცხადა "ორივე მხრიდან დაღუპულთა" ახლობლებს და შეშფოთება გამოხატა "ძალის გადამეტებულად გამოყენების ცალკეული შემთხვევების" გამო, მაგრამ ბასმა ისიც აღნიშნა, რომ "აქციის ზოგიერთი მონაწილის საქციელი შორს იყო პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი ფორმისგან".

ბასმა შეაქო ხელისუფლება იმის გამო, რომ 25 მაისს, საღამოს, მათ ოპოზიციას მიტინგის ჩასატარებლად სხვა ადგილები შესთავაზა. ამრიგად, ამერიკელმა დიპლომატმა ფაქტობრივად მოიწონა საქართველოს ხელისუფლების ქმედება და ოპოზიციას არ დაუტოვა იმის იმედი, რომ დასავლეთი მიხეილ სააკაშვილს დაგმობს ისე, როგორც ეს 2007 წლის ნოემბერში მოხდა. მაშინ დემონსტრაციების დარბევა საქართველოს პრეზიდენტს კინაღამ სავარძლის დაკარგვად დაუჯდა.

"კომერსანტი", რუსეთი