ამბოხება კავკასიაში და არა საქართველოს "არაბული გაზაფხული" - კვირის პალიტრა

ამბოხება კავკასიაში და არა საქართველოს "არაბული გაზაფხული"

საქართველოში მოჩვენებითი რევოლუცია ჩაფლავდა. თბილისში, ოპოზიციის მანიფესტაციის დარბევის მეორე დღეს, თავის ოფისში თავშეფარებული მეამბოხეთა ლიდერი ნინო ბურჯანაძე ტელეფონის ზარებს პასუხობდა და უცდიდა, როდის მიუკაკუნებდა პოლიცია კარზე. "აქ თითქმის არავინ არის, ყველა დაკავებულია", - შეწუხებული ჩურჩულებდა აქამდე ომახიანად მოსაუბრე ნინო.

თუ გავითვალისწინებთ იმ ბრალდებებს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ბურჯანაძეს წაუყენა, მათ შორის შეთქმულება რუსეთთან ერთად და ქვეყნის პრეზიდენტის დამხობის მცდელობა, საკვირველია, აქამდე რომ არ დააპატიმრეს. ბურჯანაძის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც პოლიციამ მოსკოვთან მისი კავშირის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. ფირზე, რომელზეც ჩანაწერის თარიღი არ ფიქსირდება, ნინო და მისი ვაჟი, სავარაუდოდ, რევოლუციის გეგმებს განიხილავენ, თანხმდებიან, რომ საქართველოში "ეგვიპტური სცენარი" ღირს იმად, რომ "ასიდან ხუთასამდე კაცი დაიღუპოს". "ნებისმიერი ქვეყნის მიწა,  რომელმაც რაღაცას მიაღწია, მორწყულია სისხლით", - ამბობს ანზორ ბიწაძე ჩანაწერში. ბურჯანაძე არ უარყოფს, რომ ფირზე ნამდვილად მისი შვილის ხმა არის.

"საზოგადოება გახლეჩილია, გახლეჩილია რუსეთთან თავის დამოკიდებულებაშიც", - ამბობს ბურჯანაძე, იმავე ფირზე. "მოსახლეობის 50%-ს რუსეთი მტრად არ მიაჩნია... ყველა რუსეთთან მჭიდრო კავშირს ითხოვს". ცოტა არ იყოს, ეს აზრი გადამეტებულად მიგვაჩნია, რადგან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოში რუსეთი ოკუპანტად არის მიჩნეული. სწორედ მოსკოვთან კავშირის გამო არ არის ბურჯანაძე პოპულარული საქართველოში.

ყველაზე მომაკვდინებელი და მიზნის გამომააშკარავებელი ნაწილი ჩანაწერის ბოლოს არის, როცა ბურჯანაძის შვილი აცხადებს, - არა მგონია, ქართულმა ჯარმა დემონსტრანტებს ესროლოსო. ჩვენ პირველ დარტყმას ავიტანთ, მერე კი ГРУ-ს (რუსეთის სამხედრო დაზვერვა) სპეცრაზმთან ექნებათ საქმეო. ჩანაწერიანი ფირის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალი Time ბურჯანაძეს დაუკავშირდა. მან თქვა: - გულახდილად გეტყვით. მე რომ მართლა რუსებთან ერთად მემუშავა, მაშინ სააკაშვილი კარგა ხანია ხელისუფლების სათავეში აღარ იქნებოდაო. თქვენმა ვაჟმა ГРУ რომ ახსენაო... მან ეს მხოლოდ ჰიპოთეტურად თქვაო, - და დასძინა, - სააკაშვილის სპეცრაზმი რუსული სპეცრაზმის მოგერიებას ვერ შეძლებდა. კარგად გვახსოვს, რა სწრაფად დასრულდა ომი საქართველოსა და რუსეთს შორისო.

მოსკოვს არასოდეს დაუმალავს სააკაშვილის გადაყენების სურვილი. მთელმა მსოფლიომ იცის, რაც უთხრა 2008 წელს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს, - სააკაშვილს კვერცხებით დავკიდებო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრემლს ამ სამუშაოსთვის ბურჯანაძე გამოეყენებინა, ამბობს სერგეი მარკოვი, რუსეთის დუმის წევრი და პუტინის პოლიტიკური პარტიის "ედინაია როსიას" მთავარი პიარისტი. "ეს ბურჯანაძის ავანტიურა იყო, ყველა ვეუბნებოდით, საამისოდ ჯერ მზად არაფერი არისო, მაგრამ თავისი არ დაიშალა", - განაცხადა მარკოვმა.

მარკოვი წლობით ლობირებდა რუსეთის მთავრობაში რეჟიმების შეცვლის "ამერიკულ მოდელს" - ადგილობრივი ოპოზიციური მოძრაობების მხარდაჭერას, რომელთაც თავისი მთავრობის დამხობა უნდათ. "ჩვენ ფერადი რევოლუციების წინააღმდეგი არ უნდა ვიყოთ. ფერადი რევოლუციები პოლიტიკური ხელისუფლების ხელში ჩაგდების XXI საუკუნის ხერხია, - ამბობს მარკოვი, - ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ პრორუსულ ძალებს, რომელთაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლებაში მოსვლა სურთ... სამწუხაროა, რომ ჩვენ აქამდე არ გვაქვს ინსტიტუტები, რომლებიც ამ საქმეს მიხედავენ".

ძნელია იმის თქმა, იყო თუ არა ბურჯანაძის წარუმატებელი ამბოხების მცდელობა კრემლის ენერგიული და ჯიქური სტრატეგიისკენ გადადგმული ნაბიჯი, თუ ეგვიპტური სცენარით შთაგონებული მისი პარტია დამოუკიდებლად მოქმედებდა. მაგრამ ისე ჩანს, რომ მსოფლიოს ყველაზე ხელმოცარული ოპოზიციური მოძრაობები და მათი მხარდამჭერი მთავრობებიც კი  XXI საუკუნის რევოლუციურ შეტევებს იწყებენ.

"ტაიმი", აშშ