პროტესტი შეწყვეტილია - კვირის პალიტრა

პროტესტი შეწყვეტილია

ოპოზიციური პროტესტი საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, ღამით სპეციალური დანიშნულების პოლიციამ ძალის გამოყენებით შეწყვიტა და გაფანტა დაახლოებით ათასამდე დემონსტრანტი. მათ ოკუპირებული ჰქონდათ ის ტრიბუნა, რომელზეც მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილს აღლუმი უნდა ჩაებარებინა.

იმ დროს, როდესაც ცრემლმდენი გაზის ბოლით გაბრუებული დემონსტრანტები იშლებოდნენ, სამმანქანიანი კორტეჟი, დარბევისგან გაქცევისას, დაეჯახა ორ კაცს და მოკლა. ერთი მათგანი პოლიციის ოფიცერი, ხოლო მეორე დემონსტრანტი იყო. საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მანქანაში ისხდნენ საქართველოს ყველაზე ცნობილი ოპოზიციური ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მისი მცველები. ბურჯანაძემ მოგვიანებით უარყო მისი მონაწილეობა ამ ფაქტში.

სააკაშვილის განცხადებით, ბოლოდროინდელი საპროტესტო ტალღის უკან რუსეთი დგას. "მინდა ყველამ გაიგოს, ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ეს პროვოკაციები მზადდება ქვეყნის გარეთ",“- მკაფიოდ განაცხადა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში თბილისში.

ქართული საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორები უარყოფენ რუსეთის მონაწილეობას. მათ თავისი დემონსტრაციები ახლო აღმოსავლეთის სახალხო აჯანყებების მოდელის მიხედვით მოამზადეს და სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ. ისინი პრეზიდენტს, რომელიც კვლავინდებურად პოპულარულია, ძალაუფლების კონსოლიდაციასა და ოპონენტთა შევიწროებაში სდებენ ბრალს. ხუთდღიანი სადღეღამისო საპროტესტო გამოსვლების დროს მოხდა რამდენიმე შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, თუმცა აქციები ძირითადად მშვიდობიანი იყო.

თავდაცვის და შემდეგ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც დევნილობაში ცხოვრობს, მხარდამჭერებს მოუწოდებდა, ქუდზე კაცი გამოსულიყო და "მრისხანების დღე" მოეწყოთ, მაგრამ 25 მაისს ნინო ბურჯანაძეს გაებუტა და დემონსტრაცია გააუქმა. მიუხედავად ამისა,  3 ათასამდე კაცი მაინც გამოვიდა ქუჩაში, თუმცა, საღამოს წამოსულმა წვიმამ და სეტყვამ ბევრი მათგანი შინ დააბრუნა.

დემონსტრანტებმა გადაკეტეს თბილისის მთავარი ქუჩა, რუსთაველის პროსპექტი, მაგრამ მათთვის,  ვინც მიტინგის ჩატარების ვადის ამოწურვის შემდეგ, ნაშუაღამევს ქუჩაში რჩებოდა, პოლიციის ქმედებანი მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

"პოლიციელები შეცვივდნენ ხალხში, ისროდნენ ცრემლმდენ გაზს, რეზინის ტყვიებს, უშვებდნენ წყლის ჭავლს და იჭერდნენ მათ, ვინც არ გარბოდა", - ამბობენ თვითმხილველები. ორი ადგილობრივი ჟურნალისტი დაასისხლიანეს.

რამდენიმე დემონსტრანტის თქმით, მიწაზე დაყრილებს პოლიციელები სცემდნენ.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იძულებულნი გახდნენ, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან დემონსტრანტები აგრესიულად იქცეოდნენ და არად ჩააგდეს პოლიციის მოთხოვნა, გადასულიყვნენ ქალაქის სხვა ადგილას, რათა მეორე დღეს დანიშნული ღონისძიებისთვის ადგილი დაეთმოთ.

"დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირი რკინის ტროსებითა და საბარგულებით გადაკეტეს,“- ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში, - ბევრ დემონსტრანტს ჰქონდა ხელკეტი და სახეზე ნიღაბი ეკეთა. ისინი ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ, მათ შორის გამვლელებთან და მედიის წარმომადგენლებთან".

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ