ბაიდენმა სააკაშვილის დაყოლიება ვერ მოასწრო - კვირის პალიტრა

ბაიდენმა სააკაშვილის დაყოლიება ვერ მოასწრო

იტალიის გაერთიანების 150 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მიწვეული საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. შეხვედრამ "პროტოკოლურ" 30 წუთზე მეტხანს გასტანა.

სააკაშვილს ბევრი რამ ჰქონდა მოსაყოლი რუსეთის ხრიკებზე, ის დარწმუნებულია, რომ ქართული ოპოზიციის ამბოხებაში კრემლის ხელი ურევია. ბაიდენს კი დრო არ ეყო, რუსეთის მსო-ში გაწევრებაზე სააკაშვილის დასაყოლიებლად.

თბილისში ამასწინანდელ მღელვარებაში პირდაპირ კავშირში სააკაშვილმა რუსეთი ევრონეწს-თან ინტერვიუშიც დაადანაშაულა: "ყველაზე მეტად მაღელვებს ის, რომ რუსეთში არაფერი იცვლება, ის კვლავ განაგრძობს სამხედრო ძალის გაძლიერებას და მეზობლებთან აგრესიულობას", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, საქართველოს, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, უნდა რომ რუსეთი იყოს უფრო ღია, ლიბერალური... და "ჩვენ საერთო ენა გამოვნახოთ". "ჩვენ ხომ თვითმკვლელები არ ვართ, რუსეთთან კონფრონტაცია არ გვინდა, რადგან უკვე ვნახეთ, ამას რა ნეგატიური შედეგი მოაქვს. მეორე მხრივ, ჩვენ არ გვინდა რუსეთის იმპერიის მონობაში დაბრუნება. ეს, რასაკვირველია, ზღაპარს ჰგავს, მაგრამ პუტინის მეთაურობით ზოგიერთ პოლიტიკოსს ტვინში მაინც უტრიალებს. მიმაჩნია, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია, გაიყვანოს ჯარები, დახუროს თავისი სამხედრო ბაზები და უფლება მოგვცეს, ჩვენს თავს ჩვენვე მივხედოთ. ამის შემდეგ საქართველოს სახით კეთილ მეგობარს იპოვის".

სააკაშვილმა დაბეჯითებით განაცხადა, რომ პუტინის მსგავსად არ აპირებს საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ ქვეყნის რომელიმე სხვა რანგში მართვას: "საქართველოში სულ სხვა სისტემაა. ჩვენი მთავარი მიზანია დარჩენილ ორ-ნახევარ წელიწადში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება... ყველა პრობლემის მოგვარება. სულაც არ მინდა, "კოჭლ იხვად" აღმიქვან... მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ: საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვლება... სახელმწიფოს აწი ერთი კაცი ან ადამიანთა პატარა ჯგუფი აღარასოდეს უხელმძღვანელებს. ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის ბევრი მონაწილე უნდა იყოს, რათა ყველა მათგანს ხელისუფლებაში მისვლის თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს. მე ვიბრძოლებ ამისთვის, რა თანამდებობაზეც უნდა ვიყო მომავალში".

სააკაშვილის კრედო ბაიდენმაც გაიზიარა. მოლაპარაკებების შემდეგ ვიცე-პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ინფორმაცია პირველი ხელიდან მიიღო საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და სხვა პროცესებზე. "აშშ-ის სახელით სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ თბილისის პოლიტიკურ კურსს", - ასეთი იყო ბაიდენის სიტყვები. მაგრამ საპასუხო მხარდაჭერა ბაიდენმა ვერ მიიღო.

ლაპარაკია რუსეთის მსო-ში შესვლაზე, რაშიც დაინტერესებულია აშშ და რასაც ეწინააღმდეგება საქართველო. თბილისი მოსკოვისგან ითხოვს აფხაზური და სამხრეთოსური საზღვრების მონაკვეთის ქართველების მიერ გაკონტროლებას. რუსეთი ამას არ თანხმდება, რადგან ასეთი ნაბიჯი საქართველოს ავტონომიების სუვერენიტეტის აღიარების გაწვევის ტოლფასი იქნება; მაგრამ იმედი იმისა, რომ დასავლეთი ამ საკითხში სააკაშვილის გადარწმუნებას შეძლებს, სათუოა: ის მტკიცედ დგას თავის აზრზე.

ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა: "ვაშინგტონი საქართველოზე ზეწოლას არ აპირებს, რუსეთმა თავად უნდა მოსპოს პრობლემები საქართველოსთან, თუ უნდა რომ მსო-ში შესვლის თანხმობა მიიღოს".

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი