მოულოდნელი სიკვდილი... - კვირის პალიტრა

მოულოდნელი სიკვდილი...

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის გარდაცვალება პოლიტიკური გამოწვევაა როგორც სეპარატისტული ტერიტორიისთვის, ასევე მისი პოლიტიკური პატრონის, რუსეთისთვის.

ბაღაფშს შეეძლო რთული ბალანსის დაცვა ნამდვილი დამოუკიდებლობისკენ აფხაზი ხალხის მისწრაფებას და რუსეთის სტრატეგიულ მოთხოვნებს შორის. აფხაზების უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული, თუმცა ბევრი მაინც დისკომფორტს განიცდის, რადგან მისი ტერიტორია სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ვინც უნდა იყოს ბაღაფშის მემკვიდრე, მას მოუწევს ასიამოვნოს როგორც კრემლს, ასევე საკუთარ ხალხს და ამავდროულად, საქართველოს არ მისცეს საშუალება 1992 წლამდელი საზღვრების აღდგენისა.

სოხუმში ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ იქნება ბაღაფშის მემკვიდრე. ვადამდე არჩევნები, ალბათ, სამ თვეში ჩატარდება. მონაწილეობას ძველი ლიდერებიდან სერგეი შამბა, ალექსანდრე ანქვაბი და რაულ ხაჯიმბა მიიღებენ. არჩევნებს შეუძლია აფხაზეთის პოლიტიკურ კურსში წყალგამყოფი დააფიქსიროს. თუკი არჩევნებს განვიხილავთ, როგორც ფიქციას, რომელშიც მოსკოვი თავს მოახვევს აფხაზ ხალხს თავის ფავორიტ კანდიდატს, შედეგები სერიოზულად დაასუსტებს აფხაზეთის პოზიციას, რომელიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის და გააძლიერებს საქართველოს მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმად, აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსული ექსპანსიონიზმის ფასადია.

სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები არ შეცვლის საქართველოს, ამერიკის ან ევროპის შეხედულებებს აფხაზეთზე და თბილისს არ ათქმევინებს უარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ძალისხმევაზე, მაგრამ სამართლიანი არჩევნები აფხაზ ლიდერებს მისცემს შესაძლებლობას, უარყონ განცხადებები, თითქოს ისინი მოსკოვის მარიონეტები არიან. ეს აჩვენებს იმასაც, რომ აფხაზ ხალხს საკუთარი პრიორიტეტები აქვს და შესაბამისად უნდა განიხილებოდნენ იმ დროსაც კი, როდესაც სახელმწიფოებრიობისადმი მათი სწრაფვა ევროპას დღემდე არ უღიარებია.

"ევრაზიანეტ", აშშ