რუსთაველის გამზირზე - კვირის პალიტრა

რუსთაველის გამზირზე

საქართველოს კარგი მსახიობივით, სცენიდან გაუსვლელად, მყისიერად შეუძლია გარეგნობის შეცვლა. 25 მაისს მან საძაგელი სახე გამოაჩინა - ჯოხებით შეიარაღებულ რამდენიმე ასეულ დემონსტრანტს, რომელთაც პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე ედგა სათავეში, პოლიციასთან შეტაკება მოუხდა და ისინი რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალეს.

ეს ძველი საქართველო იყო, იმჟამინდელი, როდესაც პოლიტიკური პროცესი პარლამენტის შენობის წინ და არა შენობის შიგნით  მიმდინარეობდა. მაგრამ მეორე დღეს საქართველო თავისი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობდა და მიხეილ სააკაშვილის წინ სამხედრო პარადმა ჩაიარა. წინაღამის არეულობის ნიშანწყალი არსად ჩანდა. ხალხი რუსთაველის გამზირზე დასეირნობდა, მოვაჭრეები ნაყინს ყიდდნენ, ხოლო სამხედროები გოგონებს თავს აწონებდნენ.

ეს იყო საქართველოს ახალი, ოფიციალური სახე. მაგრამ საქართველოს ყველაზე მიმზიდველი სახე ორი დღის შემდეგ გამოჩნდა, როდესაც ათასობით ქართველი ქუჩაში პოლიციის თუ ოპოზიციის მიერ ჩადენილი ძალადობის გასაპროტესტებლად გამოვიდა. მხედველობის არეში არც ერთი პოლიციელი არ ჩანდა. ირაკლი ალასანიამ, ყოფილმა დიპლომატმა და ოპოზიციის უფრო პატივსაცემმა ლიდერმა, განაცხადა, - "დასრულდა ის დრო, როდესაც პოლიტიკოსს შეეძლო დაეძახა ხალხისთვის და ქუჩაში გამოეყვანა. საქართველო ახალ პოლიტიკურ კულტურას აშენებს. ხალხს ქვეყნის მომავლის განსაზღვრა არჩევნების გზით სურს".

ეს ცუდია ნინო ბურჯანაძისთვის, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული პოლიტიკოსისთვის. არეულობა იყო ერთადერთი შანსი, რომელიც მას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად გზას გაუკაფავდა. ზოგიერთმა პოლიციელმა იმ დემონსტრანტების მიმართ, ვინც წინააღმდეგობას აღარ უწევდა, ძალა გადამეტებით გამოიყენა, მაგრამ, ჩანს, სწორედ ძალადობა იყო ბურჯანაძის მიზანი.

ძალადობის სცენები, რომლებიც ტელევიზიით გადაიცემოდა, დაემთხვა "დიდი რვიანის" სამიტს საფრანგეთში, რამაც კრემლს პროტესტის გამოხატვის საშუალება მისცა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო "მშვიდობიანი შეკრებების უფლების საზარელი დარღვევა" (რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის პოლიციამ სასტიკად ჩაახშო მშვიდობიანი დემონსტრაცია მოსკოვში). პროპაგანდისტულმა სატელევიზიო არხმა ღუსსია თოდაყ-მ საქართველოში შექმნილი სიტუაცია არაბულ რევოლუციებსაც კი შეადარა. რეალურად კი სააკაშვილს, რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, ყველაზე დიდი მხარდაჭერა ახლა აქვს.

საქართველოს მომავალი დიდად იქნება დამოკიდებული სააკაშვილზე. შარშან კონსტიტუციაში ცვლილებები იქნა შეტანილი და პრემიერ-მინისტრს მეტი ძალაუფლება გადაეცა, რაც პრეზიდენტს უფრო ნომინალურ ფიგურად აქცევს. თუ ის პუტინის მაგალითს მიჰბაძავს და პრემიერ-მინისტრი გახდება, ამან შეიძლება ძირი გამოუთხაროს მის ლეგიტიმურობას.

"ეკონომისტი", დიდი ბრიტანეთი