ეგზოტიკური ქვეყნების თანამეგობრობა - კვირის პალიტრა

ეგზოტიკური ქვეყნების თანამეგობრობა

აფხაზეთის დამოუკიდებლობის მაღიარებელ ქვეყნებს კიდევ ერთი ტროპიკული რესპუბლიკა დაემატა - წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფო ვანუატუ.

მისი ჩათვლით ახლა აფხაზეთს ხუთი ქვეყანა აღიარებს: რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. ვანუატუს მიერ აღიარების შესახებ განცხადება აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ გვინჯიამ პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის დაკრძალვის წინ გააკეთა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ აფხაზეთისთვის ეს აღიარება მეტად მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ერთობ დამაინტრიგებელია მისი განცხადება - "ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების განვითარება", რადგან ქვეყანა, რომლის ფართობია 12190 კვკმ, წყნარი ოკეანის სახელმწიფოთა შორის ყველაზე ღარიბ ქვეყნად ითვლება.

ვანუატუ აფხაზეთის მოსახლეობას რაოდენობით ჰგავს - იქ 250 ათასი კაცი ცხოვრობს, ჰავით - ორივე აყვავებული ტროპიკებია, და კიდევ დამოუკიდებლობის სტაჟით - კუნძულის რესპუბლიკა 1980 წელს აღიარეს, მანამდე კი ის ათწლეულების მანძილზე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კონდომინიუმი იყო, უფრო ადრე კი - ქვეყნის დასალიერს მიგდებული ესპანური ტერიტორია.

მაქსიმ გვინჯიამ თქვა, - ძალიან ვამაყობთ, რომ ვანუატუსგან ჩვენს აღიარებას მივაღწიეთო. მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, წყნარი ოკეანის სივრცეებიდან აღიარების მიღება აფხაზეთის საგარეო პოლიტიკურ სერიოზულ მიღწევად არ ჩაითვლება. ჯერჯერობით, იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მხოლოდ ერთი სერიოზული პუნქტია - რუსეთი. მთელ დედამიწის ზურგზე მაღიარებელთა ძებნა თავად ამ აღიარების იდეას აკნინებს. რასაკვირველია, აფხაზეთი დაინტერესებულია უფრო ფართო და სერიოზული აღიარებით, მაგრამ ჯერჯერობით, ბელორუსიაც კი არ აღიარებს მას, რომელთანაც რესპუბლიკას საკმარისად მუდმივი ეკონომიური კავშირები აქვს. მაგრამ აფხაზეთში ფარ-ხმალს არ ყრიან.

საიდუმლო არ არის, რომ 2008 წლამდე აფხაზეთის საგარეო-პოლიტიკური კონტაქტები უფრო მრავალვექტორიანი და ინტენსიური იყო, ვიდრე ახლა. ახლა კი, მაგალითად, კონტაქტები დასავლეთის ქვეყნებთან მოსკოვის გაღიზიანების რისკთან არის დაკავშირებული: აშკარაა, რომ განვითარებული ერთი ან რომელიმე ქვეყნის მიერ აფხაზეთის აღიარება წამში დაამსხვრევდა რუსეთის გავლენას ამ რესპუბლიკაზე.

მაგრამ ისინი ჯერჯერობით საქართველოსთან ურთიერთობას ამჯობინებენ. მათ შორის არის თურქეთიც, სადაც აფხაზთა დიდი სათვისტომოა. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე სერგეი ბაღაფში თურქეთში ჩავიდა, მაგრამ მის ვიზიტს მკვეთრად არაოფიციალური ხასიათი ჰქონდა. ეს ჩასვლა, ისევე, როგორც საერთაშორისო ჩერქეზული ორგანიზაციების მოსკოვში ვიზიტი, რუსეთს საზღვარგარეთულ ჩერქეზულ დიასპორაში (რომლის ნაწილი XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიაში ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას ითხოვს) განხეთქილების ჩამოგდებაში უნდა დახმარებოდა.

ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთმა ცოტათი მაინც მოიფხანა გული - ვითომდა უპასუხა საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის ამასწინანდელ აღიარებას.

"მოსკოვსკიე ნოვოსტი", რუსეთი