აფხაზეთს რთული დრო უდგას - კვირის პალიტრა

აფხაზეთს რთული დრო უდგას

პაწია აფხაზეთი შავ დღეშია. რესპუბლიკის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მოულოდნელმა სიკვდილმა ქვეყანა გააშეშა. 2004 წლიდან სერგეი ბაღაფში აფხაზეთში სტაბილურობის გარანტად აღიქმებოდა.

მეორე დარტყმა, სერგეი ბაღაფშის სიკვდილის შემდეგ, ვანუატუს (წყნარი ოკეანის სახელმწიფო) განცხადება იყო - აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ გვიღიარებიაო. ეს ვითარების სერიოზული შემობრუნებაა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, როდესაც განხილვის საგანი აფხაზეთის "დამოუკიდებლობაში" რუსეთის ადგილი იქნება.

სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, ბოლო დროს სიტუაცია აფხაზეთში შედარებით სტაბილურია, მაგრამ რესპუბლიკის პრეზიდენტის უეცარმა სიკვდილმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. პრეზიდენტის დამსახურებების აღიარების მიუხედავად, ზოგიერთი მაინც აკრიტიკებდა ბაღაფშს მეტისმეტად პრორუსული პოზიციის გამო, ზოგი კი ადანაშაულებდა - კრემლს "მიეყიდაო" და მართლაც, ძლევამოსილი მეზობლის ლანდი ყველგანაა, ეკონომიკის ყველა მნიშვნელოვან სექტორში:

ტრანსპორტში, ენერგეტიკაში, უძრავ ქონებაში, თავდაცვაში... და საერთოდ, რუსეთი სოხუმში თავს ისე გრძნობს, როგორც შინ. მაგრამ ეს სიტუაცია შეიძლება საჯილდაო ქვად იქცეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის პოსტის მაძიებელთათვის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი აფხაზეთის სათავეში თავისი კაცის დასმას მოინდომებს. მაგრამ ზოგიერთი დამკვირვებელი თვლის, რომ მომავალი პრეზიდენტი, ვინც უნდა იყოს ის, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის ეკონომიკაში რუსეთი მუდმივად დებს ფულს, ვერ შეძლებს კრემლის აზრის უარყოფას.

აფხაზეთს საერთაშორისო არენაზე თავისი არსებობის პრობლემა აქვს. 2008 წლიდან აფხაზეთის დიპლომატიური სამსახურები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს მათი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ისინი რთული ამოცანის წინაშე დგანან.

რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა სოხუმმა განაცხადა, რომ ამ ოთხ ქვეყანას კიდევ ერთი შეემატა - ვანუატუ, მაგრამ სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ვანუატუს მთავრობამ მკვეთრად უარყო ეს განცხადება და "ცილისწამებად" და "უპატივცემულობად" შერაცხა. აფხაზეთი კი ამტკიცებს, რომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც ხელმოწერილია ვანუატუს პრემიერ-მინისტრ სატო კილმანთან მოლაპარაკებებიდან სამი თვის შემდეგ.

სოხუმს სხვა გზა არ ჰქონდა - ვანუატუს უარი მიიღო, თან აღნიშნა, ამ საქმეში ამერიკელი დიპლომატების ხელი ურევიაო. მაგრამ რა საჭიროა დიპლომატიური მხარდამჭერების ასე შორს ძებნა? წყნარი ოკეანის ქვეყნებს კარგა ხანია სხვა ქვეყნების ფულით აღიარებების გამოცდილება აქვთ. ჩინეთი და ტაივანი დიდი ხანია დაობენ წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის გამო. ხანდახან რამდენიმე თვით აღწევენ აღიარების მიღებას. ვანუატუმ, მაგალითად, 2004 წელს ტაივანი აღიარა მხოლოდ ერთი თვით, მერე კი თავისი საელჩო გახსნა პეკინში.

ეფეარზ სტრატეჟიკ ინფო", საფრანგეთი